Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიოევას მომხრეები გამარჯვების აღიარებას მოითხოვენ


ცხინვალის ქუჩებში ალა ჯიოევას მომხრეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და კოკოითის ხელისუფლებას არჩევნების შედეგებისა და ალა ჯიოევას გამარჯვების აღიარება მოსთხოვეს. ჯიოევას მომხრეები მის საარჩევნო შტაბთან დღეს დილიდანვე შეიკრიბნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს შეძახილებით: „გამარჯვება!“. მათ წინაშე გამოსულმა ალა ჯიოევამ საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ სასამართლოს გუშინ მიმართა, არჩევნების ბათილად ცნობისა და საარჩევნო კომისიის დათხოვნის მოთხოვნით, მაშინ როცა, წინასწარი შედეგებით, ალა ჯიოევა ანატოლი ბიბილოვს 5000 ხმით უსწრებდა. დღეს კი ოპოზიციურმა ინტერენეტგამოცემა „უასამონგამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები დაამტკიცა და კომისიის ყველა წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. კომისიიდან ამ ინფორმაციას დადასტურება ჯერ არ მოჰყოლია. ჯიოევას მომხრეებმა გუშინვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ იგი არჩევნების შედეგებს ბათილად გამოაცხადებს. ალა ჯიოევამ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი სამართლებრივი ველიდან გასულია და მისი გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იქნება. ცნობისათვის, ბიჩენოვი კოკოითის ნათესავია.

არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დარღვევვების შესახებ ბიბილოვის შტაბს არ მიუმართავს. ამიტომ ყველასთვის გასაკვირი იყო, როცა სასამართლოში სარჩელი შევიდა და ბიბილოვი მხოლოდ პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ ალაპარაკდა ამომრჩევლების მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის ფაქტებზე. მისი განცხადებით, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და უსიტყვოდ შეასრულებს.

გუშინვე ოპოზიციის ლიდერებმა კოკოითი და მისი სანათესაო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულეს. ოსმა უფლებადამცველმა ფატიმა მარგიევამ, როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ შეფასება მიეცათ მოქმედი ხელისუფლების ქმედებებისთვის და არ დაეშვათ მათი მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობა. ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი ბარანკევიჩმა კი რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთიდან რუსი პიარტექნოლოგების გაყვანა მოსთხოვა.

ამჟამად სასამართლოს შენობას შეიარაღებული პირები იცავენ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მთავრობის სახლთან და საარჩევნო კომისიასთანაც იმყოფებიან. ჯიოევას შტაბიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიციელები მათ მხარეს გადავიდნენ და ხალხის მიმართ ძალას არ გამოიყენებენ. 4 საათისთვის გადაიდო პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელიც დილით იყო დანიშნული და დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. საგანგებო განცხადება გაავრცელეს ოსმა კომუნისტებმა, რომლებიც არჩევნებში მხარს ბიბილოვს უჭერდნენ. ადგილობრივი კომპარტიის განცხადებით, ხელისუფლებამ დესტაბილიზაციის მცდელობა არ უნდა დაუშვას და დამარცხება უნდა აღიაროს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, ჯიოევას მომხრეების აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა და მომიტინგეებმა ისევ შტაბთან გადაინაცვლეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოები ჯიოევას განცხადებას ავრცელებენ. მისი თქმით, ქუჩაში ხალხი გამარჯვების აღსანიშნავად გამოვიდა და არანაირი ფერადი რევოლუციის მოწყობას არ გეგმავს. კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხინვალისკენ მიემგზავრება რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი, რომელმაც ჯიოევას კანდიდატურა წამოაყენა არჩევნებში და მის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.
XS
SM
MD
LG