Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დაუმორჩილებლობის აქციები იწყება


ჯიოევას მომხრეების საპროტესტო მსვლელობა ცხინვალში
ჯიოევას მომხრეების საპროტესტო მსვლელობა ცხინვალში
ალა ჯიოევას მომხრეები დაუმორჩილებლობის აქციების დაწყების შესახებ იუწყებიან. ინტერნეტგამოცემა „უასამონგას“ ინფორმაციით, შტაბში მზად არიან, რომ დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყონ, რადგან, ოპოზიციის აზრით, შეილახა ამომრჩევლების ნება, აერჩიათ ახალი პრეზიდენტი. ჯიოევას მომხრეები მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას იხსნიან და მას კოკოითის ხელისუფლებას აკისრებენ. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელი მიხეილ ხანიკაევი აცხადებს, რომ ხალხი საკუთარი ხმების დასაცავად მზადაა და ამას ვერავინ აუკრძალავს. ეს გადაწყვეტილება ჯიოევას შტაბში მას შემდეგ მიიღეს, რაც თვითაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. წინასწარი შედეგებით, ალა ჯიოევა თავის კონკურენტს, ანატოლი ბიბილოვს, 5 ათასი ხმით უსწრებდა, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, დარღვევების შესახებ ინფორმაცით პირდაპირ უმაღლეს სასამართლოს მიმართა და არჩევნების ბათილად ცნობა მოითხოვა. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა, რომელიც კოკოითის ნათესავია, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებამ ჯიოევას შტაბში დაბნეულობა გამოიწვია. მისი შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ელინა მარზოევას, მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ პასუხი არ ჰქონდა.

ვიდრე სასამართლო სხდომა დაიწყებოდა, ჯიოევას შტაბთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს და კოკოითის ხელისუფლებას არჩევნების შედეგებისა და ალა ჯიოევას გამარჯვების აღიარება მოსთხოვეს. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. გუშინვე ოპოზიციის ლიდერებმა კოკოითისა და მის სანათესაოს ხელისუფლების ხელში ჩაგდება დასდეს ბრალად. ოსმა უფლებადამცველმა ფატიმა მარგიევამ როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ შეფასება მიეცათ მოქმედი ხელისუფლების ქმედებებისთვის და არ დაეშვათ მათი მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობა.
ჯიოევას დიდი მხარდაჭერა აქვს. ათასობით ადამიანი გამოვიდა დღეს ქუჩაში და ვერაფერი შეძლეს, არადა, ხალხი საკუთარი ნებით გამოვიდა ...

ამჟამად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან მთავრობის სახლთან და საარჩევნო კომისიასთანაც. დილიდან ჯიოევას შტაბიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილიციელები მათ მხარეს გადავიდნენ და ხალხის მიმართ ძალას არ გამოიყენებდნენ. საგანგებო განცხადება გაავრცელეს ოსმა კომუნისტებმა, რომლებიც არჩევნებში მხარს ბიბილოვს უჭერდნენ, ადგილობრივი კომპარტიის განცხადებით, ხელისუფლებამ დესტაბილიზაციის მცდელობა არ უნდა დაუშვას და დამარცხება უნდა აღიაროს. რუსული და ოსური სააგენტოების ცნობით, ჯიოევას მომხრეების აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა და მომიტინგეებმა ისევ შტაბთან გადაინაცვლეს. ისინი ახლა შემდგომ მითითებებს ელოდებიან. ჯიოევას მომხრეების ინფორმაციით კი, მათ მხარდასაჭერად ხალხი რაიონებიდანაც დაიძრა. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი ალა ჯიოევას უკვე აკრიტიკებს. მისი აზრით, ხალხის მხარდაჭერით ხმების დაცვა უფრო ადრე იყო შესაძლებელი.

„იდიოტი უნდა იყო, რომ სასამართლოზე ხალხი არ გაგზავნო. ბიჩენოვს მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარნენ. მას არგუმენტები არ ჰქონდა, მაგრამ რადგან სასამართლოში არავინ მივიდა, ვეღარ დაამტკიცებენ, რომ პროცესი კლოუნადა იყო. ჯიოევას დიდი მხარდაჭერა აქვს. ათასობით ადამიანი გამოვიდა დღეს ქუჩაში და ვერაფერი შეძლეს, არადა, ხალხი საკუთარი ნებით გამოვიდა. ამ ყველაფრისთვის გარკვეული მიმართულება უნდა მიეცათ და რაღაც გაეკეთებინათ“, – განაცხადა რუსლან მაყაევმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა და მას სამართლიანი უწოდა. ჯიოევას მომხრეები თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებენ, თუმცა შესაძლო გართულებებსა და დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
XS
SM
MD
LG