Accessibility links

logo-print
20 ნოემბერი, კვირა
და ახლა რა უნდა ვქნა? საგანგებოდ გამოვპრანჭო სიტყვები, ალუბლისფერმაქმანებიანი, გრძელი საცვლები ჩავაცვა და ჩვენი ქალაქის ყველაზე დიდ მოედანზე კანკანი ვაცეკვო? არ შემიძლია, რა, ეს პრანჭვა! მართალია, დილით სარკესთან დიდი რიტუალი მაქვს, ჯერ მაკიაჟს ვიკეთებ, მერე ჩემი უზარმაზარი „სკივრიდან“ საგანგებოდ ვარჩევ მძივს ტანსაცმლისა და განწყობის შესაბამისად, ვარჩევ სუნამოს, თან საათს ვუყურებ – ვხვდები, არ მაქვს ამის დრო და ჩემს თავს ვეუბნები: „კაი რა, რაც ხარ, ეს ხარ!“
დღევანდელი დღე ასე არ დაიწყება! დღეს ხომ კვირაა, სექტემბრიდან მოყოლებული პირველი კვირადღეა, რომელსაც სახლში გავატარებ.

სძინავთ ზვიადსაც და ბავშვებსაც. სამზარეულოში გავდივარ და ალადებს ვაცხობ. პატარები რომ იყვნენ ლიზი და ანამარია „ალადინებს“ ეძახდნენ. ლუკამ გაიღვიძა, ტრადიციული კითხვები მომაყარა: „მიდიხარ სამსახურში?“, „იგორი ბიძიას მიყავხარ ბათუმში?“, „პოკურორებთან~ მიდიხარ კაჩრეთში“? არა-მეთქი, ვეუბნები და უხარია. ჩავდივართ მაღაზიაში საყიდლებზე. მშვენიერი ამინდია, ცოტას ვსეირნობთ, ვჭორაობთ და ერთად ვსაუზმობთ. ლუკა ჯერ სამი წლისაა, მაგრამ გადასარევი პარტნიორია, მასთან ნამდვილად არ მოიწყენ, თუ წუწუნის და ბუზღუნის ხასიათზე არაა, რა თქმა უნდა!

დღესაც ისე გამოვიდა, რომ ერთად ვერ ვისაუზმეთ. ზვიადმა ლიზი წაიყვანა ჩოგბურთზე, ნელი დეიდამ ანამარია – თეატრალურ სტუდიაში. ელენე ძილს აგრძელებს, ძალიან დატვირთული ჰქონდა გასული კვირა.

ნაშუადღევს ჩემი მეუღლის, ზვიადის, მშობლები მოდიან სტუმრად. მე სოკოს სუპი მოვამზადე, თუმცა ვატყობ, რომ სულ ტყუილად - ბებიას და ბაბუას ხაჭაპურებს, ლობიანებს, გურულ ხაპს და ფელამუშს კონკურენციას ვერ უწევს. ბაბუ ცოტა მოწყენილია, ლუკამ ცუდად ჭამაო, მგონი რაღაცაზე გამიბრაზდაო. ბებია ამშვიდებს. ლუკა მართლაც გაბრაზებული ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა უახლოვდება საყვარელ ბაბუს, ახალ „პიპიას“ უგორებს და თამაშში იტყუებს. მგონი, ხელსაყრელი დროა, მე და ელენე ჯერ კიდევ ოქტომბერში დაგეგმილ საზამთრო „შოპინგზე“ წავიდეთ. დარწმუნებული ვარ, არ იტირებს ბიჭი.

პეკინზე გავდივართ. ოჰ, ეს ელენე! ყველაფერზე ცხვირს იბზუებს! ვერ გავიგე, რა მოსწონს საერთოდ ამ ბავშვს?! უჩემოდაც შესანიშნავად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, 16 წლისაა და ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა – ამას „ცხვირი“ არ უვარგაო, იმას მაღალი ქუსლი აქვსო, ეს ტყავი არ მომწონსო. ამ ტემპით, ალბათ, გაზაფხულისთვის შევარჩევთ რამეს. სამაგიეროდ, პარფიუმერიის მაღაზიები დავლაშქრეთ. ორივეს გვიყვარს სუნამოების ახალი კოლექციების „დაგემოვნება“! მგონი, პატარა შოპინგ-თერაპიას ვიტარებთ, ახალ არომატებში ვეხვევით. ვხედავ, ელენე განაბული დგას და რაღაც სურნელს „ირგებს“, გული მიჩუყდება, საოცარი განცდაა, როცა ხედავ, როგორ „მიაბიჯებს“ ქალობაში შენი უკვე დიდი გოგონა.

ვიყიდეთ ფეხსაცმელი, ყავა, სხვადასხვა სახეობის ჩაი, ტკბილეული და გაყინულები ვბრუნდებით შინ. „ჩაის ცერემონიალს“ ვაწყობთ. ლიზი, ანამარია და ლუკა გვიერთდებიან.
ზვიადი, ალბათ, დააგვიანებს.

21 ნოემბერი, ორშაბათი
8 საათზე ვდგები. საუზმეს ვამზადებ. გოგონებს ვაღვიძებ. რა საყვარლად აქვთ ცხვირები ჩარგული საბანში...

წესი წესია, 9 საათზე სკოლაში უნდა იყვნენ. ზვიადს 10 საათზე შეხვედრა აქვს, მე სამსახურში მიმეჩქარება. ვცდილობ, ლუკას გაღვიძებამდე ყველა საქმე მოვასწრო. სამსახურში მისული პირველ რიგში ფოსტას ვამოწმებ. არასრულწლოვანთა დაწესებულებების ფსიქოლოგებს პარასკევის შეხვედრაზე ვუთანხმდები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალთათვის სატრენინგო მოდულის მონახაზს ვაკეთებ და ლელა ცისკარიშვილს ტრენინგის ჩატარების სავარაუდო თარიღზე ვუთანხმდები. ლელაკო ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია – ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ადამიანი. დღის მეორე ნახევარში ტრენერთა სახელმძღვანელოზე მუშაობას ვაგრძელებ. უკვე მესამე თვეა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ვთანამშრომლობ, როგორც კონსულტანტი. ჩავატარეთ ტრენინგების ციკლი პროკურორების, მოსამართლეებისა და ადვოკატებისათვის, სადაც სამართლებრივ საკითხებთან ერთად, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ფსიქოსოციალური თავისებურებები განვიხილეთ. იყო ცხარე დისკუსიები, ბევრი „ინსაიტი“ და ემოცია. ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ და ვიგრძენით, როგორ ჩნდებიან ე.წ. „რთული მოზარდები“, რამდენი რისკ-ფაქტორია ოჯახის, სკოლის, თანატოლთა წრის, უბნის, ჩვენი საზოგადოების და სამყაროს დონეზეც კი. ტრენინგებს მე, ნატალია ზაზაშვილი და უცხოელი ექსპერტი ჩარლზ ბოლანდი ვუძღვებოდით. ახლა ეს პროგრამა ტრენინგ-ცენტრებში უნდა დაინერგოს...

ჩემი 11 წლის გოგონა მირეკავს. სულს ძლივს ითქვამს, ისე ტირის. მეუბნება, რომ სკოლაშია. ველაპარაკები დამრიგებელს, რომელიც შეწუხებულია იმის გამო, რომ ბავშვები ისევ ჩხუბობენ. მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ. მოგვიანებით ვიგებ, რომ დღეს კლასში სხვებიც ტიროდნენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ ფსიქოლოგმა ერთი კვირის წინ სოციომეტრიული კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ არის კლასში ემოციური და საქმიანი ლიდერი. მერე მანდატურმა ბავშვები ამ „გამოკვლევაზე“ დაყრდნობით გადასვა-გადმოსვა და თქვა, რომ დღეიდან არავის აქვს ადგილის შეცვლის უფლება... ვიღაცამ იტირა იმიტომ, რომ მეგობარს დააშორეს, ვიღაცამ იმიტომ, რომ თავი დასჯილად და დამცირებულად იგრძნო, ვიღაცამ იმიტომ, რომ სხვები ტიროდნენ, ვიღაცამ იმიტომ, რომ ბრაზმა დაახრჩო... ვიღაცამ კი დაინახა, რომ მასთან დაჯდომა არავის უნდა. მას არ უტირია! ძალით შეიკავა ცრემლები, გულთან ახლოს წყლით გაბერილი უზარმაზარი წითელი ბუშტი იგრძნო...

22 ნოემბერი, სამშაბათი
ზვიადი დილის 6 საათზე მოლდოვაში გაემგზავრა. ორი ღამე გაათენა მუშაობაში. იმედია, თვითმფრინავში მაინც გამოიძინებს. სამსახურისკენ მიმავალი, ჩემი და ლიზის გუშინდელ საუბარზე ვფიქრობ – როგორ გაუმკლავდეს თანატოლთა ზეწოლას, როგორ გამოხატოს წყენა კონსტრუქციულად. ძალიან მგრძნობიარე გოგონაა. ამ რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, სკოლიდან აღშფოთებული მოვიდა და მეუბნება: „დედა, ეს სწორია, როცა ჩემი კლასელი ნინია (სახელი შეცვლილია) ჩემზე უარესად პასუხობს და მასწავლებელი ორივეს ერთნაირად გვაფასებს?“ ნინია მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანაკლასელია. ლამის გული გამისკდა და კითხვა შევუბრუნე: „მაგას რატომ ამბობ?!“ ასე მიპასუხა: „არ მომწონს. ამით მასწავლებელი ნინიას ეუბნება, რომ ის ცოდოა!“ ამოვისუნთქე, გულს მომეშვა. მგონი, პოზიტიური დისკრიმინაციის საოცარი მაგალითია, არა?! გულწრფელად ვიამაყე ჩემი შვილით, რომელმაც ეს დაინახა და გააპროტესტა, მაგრამ, რად გინდა?! ამას წინათ, ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებელმა პედაგოგიური სასწაული მოახდინა - „განსხვავებული“ ბავშვისთვის განსხვავებული მერხი შეიტანა კლასში და ცალკე დადგა, იმავე სკოლაში სპორტული მოედანიც ააშენეს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, საგულდაგულოდ ჩაკეტეს ჭიშკარი და „ჩვეულებრივები“ იქ არ დაიშვებიან.

სამშაბათობით ე.წ. staff meeting-ები გვაქვს. ყველანი ვიკრიბებით და მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ. ლელაკო ამბობს, რომ ახალი დაფინანსება მივიღეთ ბუფერულ ზონაში სამუშაოდ. სოფო ტაბაღუა GCRT-ის გორის ოფისის შემთხვევაზე ჰყვება, ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ სასტიკად ნაწამებ ტყვეებზე, მათი სიარულის მანერა, მზერა, მდუმარება ნიშანია, რომ ჯერ კიდევ ტუსაღების როლში რჩებიან.

3 საათზე მივდივარ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგს შეეხება. კარგი საქმეა ნამდვილად! მახსენდება რამდენიმე ისტორია ჩემი პრაქტიკიდან - ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მედიისა და პოლიტიკოსთა ანგაჟირებულ თემად გადაიქცა. ბავშვს საკუთარი სახელიც კი შეზიზღდა, იმიტომ რომ დაინახა, როგორ გადააქციეს ვიღაცისთვის გმირად, ვიღაცისთვის – ანტი-გმირად, როგორ დაასწავლეს საზოგადოებას ზეპირად მისი სახელი და როგორ გახდა საბოლოოდ ამ ვირტუალური იმიჯის მსხვერპლი. მახსენდება გორელი ბიჭუნა, რომელსაც ომის წლისთავის მოახლოების ეშინოდა – ახლა ჟურნალისტები მოვლენ და ჩემი ამბავი თავიდან „დაიწყებაო“. მახსენდება გოგონა, რომელსაც გადაცემის ჩაწერისას ჟურნალისტმა ისეთი შეკითხვა დაუსვა, გოგონა ატირდა და სტუდიიდან გაიქცა და მერე ამ ჟურნალისტმა „ცარიელ სკამს“ გადაუხადა მადლობა გულწრფელობისთვის.

23 ნოემბერი, ოთხშაბათი
დღეს გიორგობაა! ერთმანეთს და ახლობლებს მივულოცეთ. ვისვენებთ. ანამარია დილიდანვე „საქმიან“ შეხვედრაზე წავიდა. ის და მისი კლასელი ანანო საბავშვო ჟურნალს აკეთებენ და ერთ საკმაოდ წარმატებულ ჟურნალისტთან გადიან კონსულტაციას. ეტყობა, საკუთარ მამას, შინაური მღვდლისა არ იყოს, შენდობა არა აქვს! გახარებული დაბრუნდა – ავთო ცქვიტინიძე ინტერვიუზე დაითანხმეს. ჟურნალს „თქვენი სამყარო“ ერქმევა. რა საინტერესო იქნება 10 წლის გოგონების ჟურნალი! ხალისიანი და საქმიანი დღე გვაქვს: ელენე მეცადინეობას მორჩა და ახლა ის და ლუკა ირმებს აგროვებენ ლაპლანდიაში გასამგზავრებლად, ლიზი პრეზენტაციას ამზადებს ისტორიისთვის, ანამარია ფიქრობს, რა ჩაიცვას ხვალინდელ ინტერვიუზე, შეკითხვები უკვე ჩამოაწიკწიკა. ძალიან მინდა, რამე წავიკითხო, სამზარეულოში ყავა დავლიო, მაგრამ ვინ მაცლის?! ზვიადი მაინც იყოს აქ! ძილის წინ, იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს 23 ნოემბერია და ვარდების რევოლუციიდან რვა წელი გავიდა, ისევ გამახსენდა, რომ ჩვენს ქალაქში ერთი ძალიან საკრალური ადგილია, ისტორიამ უცნაურად ამოიჩემა იგი. ჩვენ აქ ვაპროტესტებთ, აქ ვიმარჯვებთ, აქ ვისჯებით, აქ ვგლოვობთ, აქ ვმარცხდებით, აქვე ვაწყობთ ზეიმებს. უხილავ კედელზე ბევრი თარიღია: 9 აპრილი, 23 ნოემბერი, 7 ნოემბერი, 8 აგვისტო, 26 მაისი. რა არის ეს, ჩვენი საზოგადოების ტრავმული თამაში თუ ეროვნული იდენტობის ძიების პროცესი?

24 ნოემბერი, ხუთშაბათი
10 საათზე გაეროს ბავშვთა ფონდის პრეზენტაციაზე უნდა ვყოფილიყავი პარლამენტში. ძალიან იტირა ლუკამ და ვერ წავედი. მოკლედ, საკითხი ბავშვის, ამ შემთხვევაში ჩემი შვილის ჭეშმარიტი საჭიროების სასარგებლოდ გადავწყვიტე. იმედია, UNICEF-ი გამიგებს! გასვლისას ლუკას ლოყაზე დავუტოვე პომადიანი კოცნის კვალი, რომელსაც ის ჩემს დაბრუნებამდე „შეინახავს“.

„მაესტროდან“ დამირეკეს და კომენტარი მთხოვეს სამტრედიის სკოლასთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ კანონპროექტს არ ვიცნობ და მხოლოდ მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციით შემოვიფარგლები, რომ ნიუსებში გამოყენებულმა საბჭოთა ტერმინმა - „ძნელად აღსაზრდელები“ - შემზარა, ბევრი კითხვა გამიჩნდა: როგორია ამ სკოლის კონცეფცია? მართლა 10-14 წლის ბავშვების „ციხედ“ მოგვევლინება? რა როლი აქვთ მშობლებს? ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს? ვინ აფასებს ბავშვის ქცევას? გული მწყდება, რომ ქვეყანაში, სადაც უკვე ერთი წელია, არასრულწლოვანთათვის წარმატებით მუშაობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, არ არსებობს დანაშაულის პრევენციის სწორად გააზრებული, ერთიანი პოლიტიკა. კანონპროექტს არ ვიცნობ და რასაც ჟურნალისტებისგან ვისმენ, ძალიან შემაშფოთებელია, გამოდის, რომ ჩვენ ვებრძვით შედეგს და ვსჯით, ნაცვლად იმისა, რომ მიზეზებზე ვიფიქროთ და ავაცილოთ დასჯა და, ამასთან ერთად, 10 წლის პატარებს ძნელად აღსაზრდელის, რთული, უმართავი ბავშვის იარლიყს ვაწებებთ. ვინ იცის, რამდენი ბავშვის დარდს დავატარებ. ვიცი, რას გრძნობენ მოზარდები გისოსებს მიღმა და ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ისინი ჩვენი დაშვებული შეცდომების გამო აგებენ პასუხს.

ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე კოლეგებთან – ქეთი ფილაურთან და ქეთი მღებრიშვილთან. სკოლასაც გადავწვდით. თანატოლთა შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტები, შესაძლოა, შემცირდა, მაგრამ უფრო ინტენსიური გახდა დაცინვის, კლასიდან გარიყვის, ემოციური ზეწოლის შემთხვევები, რაც თვალით უხილავია და ზედაპირზე არ ჩანს.

დამღლელი დღე იყო. საღამოს გათოვდა.

25 ნოემბერი, პარასკევი
დილით, თოვლთან ერთად, ზვიადიც მოვიდა. სუნამო ჩამომიტანა – ისეთია, ზამთრის დილას მოგუზგუზე ბუხართან რომ ზიხარ, ლოყაზე თბილ რძიან ფინჯანს იხუტებ და გარეთ ზანზალაკებიანი მარხილით შენი The One გელოდება.

ჩვეულებრივი დღე იყო სამსახურში. ორი „სუპერვიზია“ და ერთი თერაპიული სესია ჩავატარე. კლიენტების ისტორიები მოვაწესრიგე, გამოკვლევის შედეგები დავაჯამე.

გვიან ღამით მოვახერხე, პასუხი გამეცა გაზეთ „ბათუმელების“ შეკითხვებისთვის სამტრედიის სკოლასთან დაკავშირებით.
ძილის წინ გამახსენდა: „ოთახში თეთრი სიჩუმე დადის, სიჩუმე დადის, როგორც პრინცესა“ - დღეს ტერენტი გრანელის დაბადების დღე იყო.

26 ნოემბერი, შაბათი
საინტერესო აღმოჩნდა დღიურების წერა. გარედან შევხედე ყველაფერს! ეს რა ცხოვრება მქონია! სახლი-სამსახური, სახლი-სამსახური! ბევრი რამ ვერ ჩავატიე. მაგრამ ერთი ამბის გამოტოვება არ იქნება.

ერთ ძალიან კარგ გოგონას ვიცნობ. მისი მშობლები 90-იან წლებში გადმოსახლდნენ საქართველოში, ქართული მშობლიურ ენაზე უკეთ იცის. ჩემთან რომ მოვიდა, დუმდა, თვალს მარიდებდა, მარტო ხელებით დიდ ფურცელზე ხატვაში ამყვა. თურმე „ჩვენი“ შვილები მას გულს ტკენენ, ისტორიის გაკვეთილზე ჯდომის ეშინია, რადგან ხშირად არის „მტერი“, არასდროს არ არის „მართალი“, რადგან არ არის მართლმადიდებელი. სულ მარტოა. ყველას მინდა ვთხოვო, ვუთხრათ ჩვენს შვილებს, კლასში, მერხზე განცალკევებით მჯდომ გოგონას თუ დაინახავენ, დარდისგან შეკრული წარბებით, მაგრად მოკუმული პირით, იცოდნენ, რომ მას გული მოცახცახე ბეღურებით აქვს სავსე და ჩვენს ღიმილს ელოდება...

ასეთია ჰანდე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG