Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა ბრიტანეთის საელჩოს ორ ობიექტზე შეიჭრნენ


ათეულობით ირანელი, საპროტესტო გამოსვლის მონაწილე, დღეს შეიჭრნენ თეირანში ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დაწვეს ბრიტანეთის დროშა. აქცია ირანისთვის ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გაიმართა. შეჭრის დროს ირანის პოლიცია ვითარებას გარედან აკვირდებოდა. სააგენტო ფარსი იუწყებოდა, რომ პოლიციამ სცადა დემონსტრანტების ტერიტორიიდან განდევნა. საელჩოს ტერიტორიის გარეთ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი იყო შეკრებილი, რომლებიც გაჰყვიროდნენ ლოზუნგს: „სიკვდილი ბრიტანეთს“. ისინი მოითხოვდნენ ირანიდან ბრიტანეთის ელჩის წასვლას. ბრიტანეთის მეორე დიპლომატიურ ობიექტს, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს, ასევე თავს დაესხა დაახლოებით ასი ადამიანი. ფარსის სააგენტო მოგვიანებით იუწყებოდა, რომ პოლიციამ „უზრუნველყო“ ექვსი მძევლის განთავისუფლება. არ არის ცნობილი, მოხდა თუ არა ტერიტორიის თავდამსხმელებისგან მთლიანად გაწმენდა. მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატა ბრიტანეთმა. დიპლომატიური ობიექტებზე შეჭრა დაგმეს აშშ-მა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა. დემონსტრაციები დაიწყო მას მერე, რაც ირანის გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა კანონი ბრიტანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობების შემცირების და ორ კვირაში ელჩის გაყვანის შესახებ. ბრიტანეთმა მანამდე მიიღო გადაწყვეტილება, სანქციების სახით, გაწყვიტოს კავშირი ირანის საბანკო სექტორთან.
XS
SM
MD
LG