Accessibility links

ვითარება კვლავ დაძაბული რჩება სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე, სადაც ნატოს სამშვიდობო ძალების 25 ჯარისკაცი და ათეულობით სერბი დემონსტრანტი დაშავდა ორმხრივ შეტაკებაში, რომელიც პროვოცირებული იყო ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბი ნაციონალისტების მიერ. ნატოს სარდლობის ცნობით, აგრესიულად განწყობილი სერბები, რომლებსაც უკანონო ბლოკ-საგუშაგოებით აქვთ გადახერგილი სერბეთთან დამაკავშირებელი გზა, ჯარისკაცების წინააღმდეგ ასაფეთქებელ მოწყობილობას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ.
„საპროტესტო აქციის მონაწილეებს არანაირად არ შეიძლება ეწოდოთ მშვიდობიანი დემონსტრანტები, არამედ - მოძალადეები და კრიმინალები...

კოსოვოში ასეთი სასტიკი დაპირისპირება ნატოს სამშვიდობო მისიის 12 წლის განმავლობაში იშვიათად მომხდარა. ნატოს 25 ჯარისკაცი ჰოსპიტალიზებულია, აქედან გერმანელი ოფიცერი და ჯარისკაცი ტყვიით არის დაჭრილი. ასეთი შედეგით დასრულდა მრავალეროვნული ჯარის მცდელობა გაეწმინდა კოსოვოს ჩრდილოეთში, ქალაქ ზუბინ პოტოკთან, სერბების მიერ მოწყობილი უკონტროლო ხერგილი. კოსოვოში განლაგებული ნატოს სამშვიდობო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა უვე ნოვიცკიმ მომიტინგეებს კრიმინალები და მოძალადეები უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო კონტინგენტი მათ წინააღმდეგ მომავალშიც ადეკვატურ ძალას გამოიყენებს:

„საპროტესტო აქციის მონაწილეებს არანაირად არ შეიძლება ეწოდოთ მშვიდობიანი დემონსტრანტები, არამედ - მოძალადეები და კრიმინალები. აქამდე KFOR -ი (კოსოვოში მოქმედი მრავალეროვნული ძალები) იყენებდა გაზის ბალონებს, ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს და წყლის ჭავლს. თუმცა ჯარისკაცებისათვის სიცოცხლისათვის საშიშ მსგავს სიტუაციებში კოსოვოში განლაგებული მრავალეროვნული ძალის ჯარისკაცები როგორც ახლა, მომავალშიც პროპორციული და შესაბამისი საშუალებებით იმოქმედებენ.“
დღეს ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში გაცილებით უფრო მშვიდია, ვიდრე გუშინ იყო ...

28 ნოემბერს ბრბომ ჯარისკაცებს წინააღმდეგობა გაუწია. სერბები შეიარაღებული იყვნენ ასაფეთქებელი მოწყობილობითა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით, ზოგიერთებს ჰქონდათ მცირე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, რის შედეგადაც ორი სამხედრო პირი დაიჭრა. შეიარაღებული ბრბოს მოსაგერიებლად ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულებს უტარდებათ სტაციონარული მკურნალობა და მათი მდგომარეობა სტაბილურიაო, - განაცხადა რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელმა არბანა ვიდიშიჩიმ:

„დღეს ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში გაცილებით უფრო მშვიდია, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან დაძაბულია. იმ ადგილას, საიდანაც ხერგილი იქნა აღებული, ერთ მხარეზე შეკრებილნი არიან საპროტესტო აქციის მონაწილე სერბები, მეორე მხარეს კი ნატოს სარდლობით მოქმედი სამშვიდობო ჯარები არიან განლაგებული. მათ ერთმანეთისაგან ყოფთ მავთულხლართები, სამშვიდობო ჯარების წარმომადგენლები კი მეგაფონის გამოყენებით აგრძელებენ ხალხის გაფრთხილებას, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ ცრემლსადენ გაზს.“

აგვისტოდან მოყოლებული ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა რამდენიმე ხერგილი ააგეს გზაზე მას შემდეგ, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კოსოვოსა და სერბიის საზღვარზე მოქმედ გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დაწესება გადაწყვიტა. დაძაბულობა გამწვავდა ნოემბერში, როდესაც შეტაკების დროს ერთი კოსოვოელი პოლიციელი დაიღუპა და ათი პირი დაშავდა. არბანა ვიდიშიჩის თქმით, სერბებს ამ არეალში რამდენიმე უკანონო ხერგილი აქვთ აღმართული და ხელს უშლიან სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მათ დემონტაჟს ცდილობენ.

„ბოლო ინფორმაციით, ათობით ასეთი ხერგილია იმ გზებზე, რომლებსაც აქვთ უდიდესი მნიშვნელობა და რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოს კოსოვოს დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს. ამ ხერგილებზე ხალხის რაოდენობა დღის განმავლობაში განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მოვლენას აქვს ადგილი. თუკი ისმის სირენების ხმა, როგორც დაბომბვის დროს არის ხოლმე, მაშინ ხალხის რაოდენობა მატულობს ამ სტრატეგიულ ადგილებზე. ისე კი მათი რაოდენობა ხერგილთან ამ დროისათვის რამდენიმე ასეულია.“

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბი უმცირესობა, რომელსაც მხარს სერბიის მთავრობა უჭერს, უარყოფს კოსოვოს ლიდერების მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას. ამ დროისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობა 85 ქვეყანამ ცნო, მათ შორის აშშ-ებმა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ.
XS
SM
MD
LG