Accessibility links

გარდაიცვალა იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა


სვეტლანა ალილუევა, იგივე ლანა პიტერსი

სვეტლანა ალილუევა, იგივე ლანა პიტერსი

22 ნოემბერს გარდაიცვალა იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა, იგივე ლანა პიტერსი. ალილუევა კიბომ იმსხვერპლა. მან ცხოვრების ბოლო წლები აშშ-ის უისკონსინის შტატში, მოხუცებულთა სახლში გაატარა.
მას მამამ, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეთაურმა, იოსებ სტალინმა, მატერიალური თვალსაზრისით, ბევრი ვერაფერი მემკვიდრეობა დაუტოვა.

თუკი ვინმეა პასუხისმგებელი ამ საზარელი ქმედებებისთვის, როგორიცაა მკვლელობები, უსამართლობა, ვფიქრობ, ეს არის პარტია, რეჟიმი და მთლიანად იდეოლოგია...
მაგრამ სტალინის შვილობა იყო იმის მიზეზი, რომ ალილუევამ შეძლო თავი ერჩინა წიგნებით, მოგონებებით, სადაც არა მარტო მამაზე, არამედ საბჭოთა სისტემის ნაკლოვანებებზეც წერდა, რაც სენსაციად მიიჩნეოდა დასავლეთში. შესაბამისად, მის ნაშრომებსაც მკითხველი ჰყავდა. 1967 წელს, როცა ალილუევა, ინდოეთის გავლით, აშშ-ში გადასახლდა, ნიუ-იორკში, პრესკონფერენციაზე, არა მხოლოდ მამას, არამედ ყველა კომუნისტ მმართველს ადანაშაულებდა:

„რა თქმა უნდა, ბევრ რამეს არ ვეთანხმები. მაგრამ მე მგონია, რომ იმაში, რაშიც მხოლოდ მამაჩემს ადანაშაულებენ, პასუხისმგებლობა ეკისრება ბევრ სხვა ადამიანს, რომლებიც ახლა პოლიტბიუროსა და ცენტრალურ კომიტეტში მუშაობენ. და თუკი ვინმეა პასუხისმგებელი ამ საზარელი ქმედებებისთვის, როგორიცაა მკვლელობები, უსამართლობა, ვფიქრობ, ეს არის პარტია, რეჟიმი და მთლიანად იდეოლოგია.“

სვეტლანას წასვლა საბჭოთა კავშირიდან 1967 წელს დასავლეთისთვის იდეოლოგიური გამარჯვება იყო. წასვლა პოლიტიკური დარტყმა იყო კრემლისთვის. მაშინ „კა-გე-ბეს“ ხელმძღვანელობამ პოლიტბიურო დაადანაშაულა და დააკისრა პასუხისმგებლობა. აშშ-ში სვეტლანა ალილუევას მიერ გამოქვეყნებული წიგნი,რომლის სახელწოდებაც იყო „ოცი წერილი მეგობარს“, ზემოხსენებული მიზეზის გამო ბესტსელერად იქცა.

ალილუევა პირად ცხოვრებაში არ იყო ბედნიერი. მის სასიყვარულო კავშირებში, ქორწინებაში მამა - სტალინი - ერეოდა. პირველი სიყვარული მამამ აუკრძალა, პირველი ქორწინების ნება დართო, მაგრამ გამოუცხადა, არასოდეს ვნახავ შენს ქმარსო. ალილუევა არაერთხელ იყო დაქორწინებული, ალბათ, უმეტესწილად, არაბედნიერად, რასაც მისი მუდმივი განქორწინებაც ადასტურებს. 1970 წელს, უკვე ამერიკაში მცხოვრებმა, მან არქიტექტორ უილიამ პიტერსზე იქორწინა. თავისი გვარი ალილუევამ დედის, სტალინის მეორე ცოლის, ნადეჟდასგან აიღო. ამის მიზეზად თვლიან იმას, რომ სტალინის შვილს არ სურდა მუდამ ასოცირებული ყოფილიყო მილიონობით ადამიანის სიკვდილისთვის პასუხისმგებელ დიქტატორთან.

სტალინის შემდგომი საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟმა, სერგეიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ალილუევას გარდაცვალების ცნობამ დაამწუხრა. მისივე თქმით, მართალია, სტალინის ქალიშვილს არასდროს შეხვედრია, მის მიმართ სიახლოვეს გრძნობდა ყოველთვის:
ხალხი ამბობდა, „სტალინის შვილი, სტალინის შვილიო“, თითქოს მე თოფით უნდა მევლო და ამერიკელები მეხოცა ...

„ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. სვეტლანა ტრაგიკული ფიგურაა, ამ სიტყვის ყველა - ასე ვთქვათ, შექსპირისეულ-ტოლსტოისეული - გაგებით. ჯერ ცხოვრობდა სტალინთან ერთად, სტალინის შემდეგ მუდამ იყო მამის ჩრდილქვეშ. მეც სულ მამის ჩრდილქვეშ ვიყავი, მაგრამ სულ სხვანაირი მამა მყავდა, ის კი ტირანის, დამნაშავის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა.“

ამ ჩრდილზე, რაზეც ხრუშჩოვი ლაპარაკობს, მსჯელობს თვითონ სვეტლანა ალილუევა, მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, „სვეტლანა სვეტლანას შესახებ“. ეს ფილმი მოგვიანებით, 2008 წელს გადაიღეს, როცა ის აშშ-ში იყო დამკვიდრებული. ალილუევა, უკვე ლანა პიტერსის სახელით ცნობილი, იხსენებს:

„ხალხი ამბობდა, „სტალინის შვილი, სტალინის შვილიო“, თითქოს მე თოფით უნდა მევლო და ამერიკელები მეხოცა. სხვები კი თვლიდნენ, რომ რადგან აშშ-ის მოქალაქე ვიყავი, ატომური ბომბი უნდა მჭეროდა ხელში რუსეთის წინააღმდეგ. არა, მე არც ერთი ვიყავი და არც მეორე. მე სადღაც შუაში ვარ. და ეს შუაში ყოფნა, ხალხმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს.“

მოგვიანებით, 1984 წელს, როცა მან სამშობლოში დაბრუნება ისურვა, კრემლის მაშინდელმა მმართველმა, მიხაილ გორბაჩოვმა, ალილუევას მოქალაქეობა აღუდგინა და ის საქართველოში დაბრუნდა. თუმცა ალილუევა საქართველოდან, სადაც მას იუბილეც კი გადაუხადეს გორში, სტალინის მუზეუმში, მალევე - ორ წელიწადში - წავიდა. ის იყო ინგლისში, შემდეგ შვეიცარიაში, მოგვიანებით აშშ-ში, სადაც დაასრულა კიდეც თავისი სიცოცხლე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG