Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჟ სარგსიანი სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი
მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, ჯერი დიასპორაზე მიდგა. დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა პრეზიდენტისა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს გასაუბრება. სომხეთის პრეზიდენტმა შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე თავად დიასპორის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, უფრო ზუსტად კი, ისინი იმ პრობლემურ საკითხებს ასახელებენ, რაზეც სომხურმა სათვისტომომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი ასეთი თემა განათლება და სომხური ენის შენარჩუნებაა, ამბობს გურგენ ხეირანოვი, ორგანიზაცია “პანსომხური თამაშების კულტურისა” და სხვა ფორუმების თავმჯდომარე:

”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სკოლების, პედაგოგების პრობლემა. გაუქმდა სხვადასხვა ნაციონალური სკოლები და პედაგოგიურ ინსტიტუტში გაუქმდა სომხური ენის კათედრა. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება კათედრა სომხეთიდან მიღებული დახმარების შედეგად კვლავ აღდგეს. აუცილებელია, რომ სომეხ პედაგოგებს, ბავშვებს დავეხმაროთ, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი კულტურა და ენა.”

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სერჟ სარგსიანმა და სომხურმა სათვისტომომ შეხვედრის მსვლელობისას ისაუბრეს, ქართულ და სომხურ ეკლესიას შორის დღემდე გადაუწყვეტელი საკითხებია. გეტყვით, რომ საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ექვს უმოქმედო სომხურ ეკლესიაზე, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს, და, პარალელურად, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხუთი ქართული ტაძრის მოვლა-პატრონობაზე, რასაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოითხოვს. სერჟ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ეკლესიას შორის წარმოქმნილი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ დადებით ჭრილში გადაწყდება, ამბობს შეხვედრიდან გამოსული არნო სტეფანიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე:

”რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. მან პატრიარქის შეხვედრის შესახებ გვიამბო. გვითხრა, რომ მისგან ძალიან დადებითი მესიჯები მიიღო. მან იმაზეც ისაუბრა, რომ ქართველ და სომეხ ხალხს იმაზე მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს.”

სომხურ დიასპორასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობა და ქართული და სომხური ეკლესიების როლი საკუთარი ერების მიმართ - ეს ის საკითხები იყო, რაზეც კათალიკოს- პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

”ხანდახან ჩვენი შურთ და უნდათ, რომ სომხებისა და ქართველების ურთიერთობა ასეთი თბილი არ იყოს, მაგრამ ეს არავის გამოუვა. ჩვენ დიდ გამოცდას გავუძელით, ამიტომ ახლა, გლობალიზაციის პერიოდში, კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ”, - ამბობს ილია მეორე.

განსაკუთრებულ პატივს ვცემ როგორც სომხურ, ასევე ქართულ ეკლესიას, თქვა კათალიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ორ ეკლესიას შორის არსებულ ერთ, მისი თქმით, მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება:

”საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სომხურმა და ქართულმა ეკლესიამ ხელისუფლების მისიაც კი აიღეს საკუთარ თავზე, შეძლეს ქვეყნის მართვა და, საბოლოოდ, 21-ე საუკუნემდეც მოვედით.”

სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში განათლებისა და კულტურის სფეროს ხელშესაწყობად არაერთი პროგრამის განხორციელება იგეგმება. მათი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა სომხური სათვისტომოდან საპროექტო წინადადებებს უკვე ელის.
XS
SM
MD
LG