Accessibility links

ჩაიშალა მოლაპარაკება „მაესტროს“ გარშემო დავის მოსაგვარებლად


ხუთშაბათს საღამოს თბილისში წარუმატებლად დასრულდა ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო დაპირისპირების მოგვარების მცდელობა. არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ტელეეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „ფიასკოთი“ დასრულდა მოლაპარაკება ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან, ეროსი კიწმარიშვილთან, რომელმაც მოინდომა, ღლონტის თქმით, „ყველაფერი ან არაფერი“. ღლონტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება მაესტროს თანამშრომლების მიერ შენობის დატოვების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კიწმარიშვილის მხრიდან შესაძლო "პროვოკაციების" საფრთხე. მამუკა ღლონტმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანიამ გაწყვიტა ხელშეკრულება მმართველ კომპანიასთან. მისივე თქმით, ტელეკომპანიის შენობის დატოვება არ ნიშნავს, რომ "მაესტრო" მაუწყებლობას შეწყვეტს. "მაესტრო" სხვა შენობაში გააგრძელებს მუშაობას, კიწმარიშვილთან დავა კი სასამართლოში გაგრძელდება.
თავის მხრივ, ეროსი კიწმარიშვილმა (ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ტელეეთერში ჩართვისას) ღლონტი დაადანაშაულა პროვოკაციაში. ღლონტმა, კიწმარიშვილის თქმით, ტელევიზიის შენობიდან გაიყვანა „სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში“ მყოფი ჟურნალისტები და გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა - კამერები და შტატივები. "ძალიან არალოგიკურ, აბსურდულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. 4,5 მლნ დოლარის მოზიდვის შემდეგ მართვის კომპანიამ ყველაფერი, რაც გააჩნია "მაესტროს", შექმნა და ამის შემდეგ "მაესტროს" მფლობელები იტაცებენ "მაესტროს" ქონებას, გარბიან, აყენებენ შეურაცხყოფას "მაესტროს" მართვის კომპანიას და, შესაბამისად, ქმნიან სრულიად გაუგებარ პროვოკაციულ აჟიოტაჟს", განაცხადა კიწმარიშვილმა.
XS
SM
MD
LG