Accessibility links

logo-print
84 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი კინორეჟისორი, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა კინოს ისტორიაში, კენ რასელი - ავტორი სახელგანთქმული კინობიოგრაფიებისა პეტრე ჩაიკოვსკიზე, გუსტავ მალერზე, ფერენც ლისტზე.

კენ რასელმა დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო - ”ბი-ბი-სიზე” მუშაობდა და იღებდა დოკუმენტურ ფილმებს გათამაშებული ეპიზოდებით (ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დოკუმენტური და მხატვრული ერთ ფილმში გააერთიანა).

სკანდალზე თავიდანვე ოცნებობდა და მიაღწია კიდეც, როცა რიხარდ შტრაუსზე გადაღებულ ფილმში ნაცისტური სიმბოლიკა გამოიყენა, როგორც ასოციაცია. ამის გამო რიხარდ შტრაუსის მემკვიდრეებმა სასამართლოშიც კი უჩივლეს. იმხანად, 60-იანი წლების ბოლოს, როცა კენ რასელი ”ბი-ბი-სისთვის” გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების ეკრანიზაციებს იღებდა, კინოს სამყაროში ჯერ არ იცოდნენ, რომ მსოფლიოს მოევლინა დიდი პროვოკატორი, კაცი, რომელსაც შეეძლო ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია სექსუალური აქტის მუსიკალური ფონისთვის გამოეყენებინა და თანაც ეთქვა, რომ ამ მუსიკალურ ნაწყვეტს სწორედ ასეთი გამოსახულება უხდება. ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა:
ნებისმიერი მუსიკა, რომელსაც ვუსმენ, რაღაც გამოსახულებას მთავაზობს და ის არის ჩემი შთაგონების წყარო...

”ჩაიკოვსკით დავიწყე. იგი პირველი კომპოზიტორი იყო, ვის შესახებაც ფილმი გადავიღე. ნერვიული შეტევა მქონდა და რადიოს ვუსმენდი, სადაც საოცარი მუსიკა გაისმა. აღმოჩნდა, რომ ჩაიკოვსკის უკრავდნენ. ამის მერე კლასიკურ მუსიკას გამოსახულების გარეშე ვერ ვუსმენ, იმიტომ რომ გამოსახულება ისტორიას გიყვება... ნებისმიერი მუსიკა, რომელსაც ვუსმენ, რაღაც გამოსახულებას მთავაზობს და ის არის ჩემი შთაგონების წყარო.”

კენ რასელმა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც ”მუსიკალურ კლიპს” უწოდებენ - ის იღებდა სრულმეტრაჟიან მუსიკალურ სურათებს, რომლის ესთეტიკა ძალიან ჰგავს, მაგალითად, ”MTV”-ის კლიპებს, თუმცა უფრო მეტად კლასიკურ მუსიკას ანიჭებდა უპირატესობას - რასელმა, შეიძლება ითქვას, აღადგინა კინოში 20-იანი წლების ავანგარდი და ეგრეთ წოდებული ”მონტაჟური სტილი”. და არამარტო კინოში: 80-იან წლებში, როცა უკვე ძალიან პოპულარული გახდა, როცა მსოფლიოს ეკრანებზე დიდი წარმატებით უჩვენეს კენ რასელის ფილმები ”მალერი”, ”ჩაიკოვსკი”, ”ლისტომანია”, ”ტომი”, კენ რასელი ოპერას შეეჭიდა...
დღეს უკვე ძალიან ადვილია ფილმების გადაღება. ძალიან იაფი ჯდება. ერთადერთი, რაც გჭირდება, წითელ ღილაკზე თითის დაჭერაა...

90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთ მის დადგმაში, ბოიტოს ოპერაში ”მეფისტოფელი”, პაატა ბურჭულაძეც მღეროდა. ოპერაშიც და ფილმებშიც რასელი ცდილობდა მაქსიმალურად გამოეყენებინა პოპ-კულტურის ხატები, გაეთამაშებინა კიტჩი და თანაც დისტანცია შეენარჩუნებინა კიტჩთან, ირონია არ დაემალა. ამას იგი ყოველთვის წარმატებით ვერ ახერხებდა, მაგრამ განუმეორებელი ბრიტანული იუმორი მის ყველაზე სუსტ ფილმებშიც იგრძნობოდა ხოლმე. 80-იან წლებში კენ რასელმა, რომელიც ყოველთვის დასცინოდა პოპ-კერპებს და მათ თაყვანისმცემლებს, თავად თქვა უარი გამხდარიყო კერპი ”ხულიგნური კინოს” მოყვარულთათვის და დიდი კინემატოგრაფიდან წავიდა. მან ფილმების გადაღება - არც მეტი, არც ნაკლები - საკუთარი სახლის გარაჟში დაიწყო და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

”დღეს უკვე ძალიან ადვილია ფილმების გადაღება. ძალიან იაფი ჯდება. ერთადერთი, რაც გჭირდება, წითელ ღილაკზე თითის დაჭერაა. ეს არის ზუსტად ხელოვნების არსი - გახდეს ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც რაიმე აქვს სათქმელი. დღეს ფილმების გადაღება ყველაზე ადვილია - მე ახლა ჩემით ვიღებ, მეგობრების და მეზობლების დახმარებით. უბრალოდ, კარგი ისტორიის მოგონება გჭირდება და მეგობრები, მეზობლები, რომლებიც დაგთანხმდებიან, რომ მონაწილეობა მიიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათთვის კარგი ვახშმის მომზადებაა.”
რეალობა ჩემთვის საზიზღარი სიტყვაა. ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, მაგრამ რეალობა მეტისმეტად ბევრია ჩვენ გარშემო...

2007 წელს კენ რასელმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს ”რეალიტი შოუში” - ”დიდი ძმა”, რომელიც ბრიტანეთის ტელევიზიის მეოთხე არხზე გადიოდა. თუმცა დიდხანს ვერ გაძლო შოუში - ერთ-ერთ მონაწილესთან სერიოზული უსიამოვნება მოუვიდა.

კომპრომისი არ უყვარდა. თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა:

”რეალობა ჩემთვის საზიზღარი სიტყვაა. ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, მაგრამ რეალობა მეტისმეტად ბევრია ჩვენ გარშემო.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG