Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილის უცნობი იდეა პრესის გავრცელების თაობაზე


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი "საქართველოს პრესის ასოციაციაში" გაერთიანებულ გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი კი თბილისის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით წამოწყებული პროექტი ”1000 ჯიხური”გახდა. ბიზნესმენის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის საფარქვეშ ხელისუფლება თავისუფალ ქართულ პრესაზე შეტევას ახორციელებს. შეხვედრიდან გამოსული ბეჭდური მედიისა და პრესის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით საკმაოდ ორიგინალური იდეები აქვს.
ბატონ ბიძინას პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით საკმაოდ ორიგინალური იდეა აქვს, რომელიც თუ განხორციელდება, იქნება საკმაოდ ეფექტური და საინტერესო ...

პრესის გავრცელების თაობაზე ორიგინალური იდეა, რომელიც ბიზნესმენმა ბეჭდური მედიის წარმომადგენლებსა და პრესის გამავრცელებლებს გაანდო, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მომლოდინე ჟურნალისტებისათვის უცნობი დარჩა. უფრო ზუსტად კი, შეხვედრიდან გამოსულმა პრესის წარმომადგენლებმა იდეის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. ”საქართველოს პრესის ასოციაციის” წევრმა, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ თქვა:

”ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბატონ ბიძინას პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით საკმაოდ ორიგინალური იდეა აქვს, რომელიც თუ განხორციელდება, იქნება საკმაოდ ეფექტური და საინტერესო.”

თუმცა ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეშფოთება გამოხატა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს რეალურად დგას ბეჭდური მედიის წინაშე, მისი დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული და არ არის გამორიცხული, რომ პრესის გავრცელება მერიის მიერ წამოწყებულ პროექტს, სახელწოდებით ”1000 ჯიხური”, შეეწიროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ლაშა ტუღუშმა, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, უთხრა.
ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუში


”მან გამოთქვა სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს პრესის გავრცელებას. მისთვის ეს საკითხი აქტუალური გახდა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით სერიოზული პრობლემები შეიქმნა პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით”, - ამბობს ლაშა ტუღუში.

გეტყვით, რომ თბილისის მერიამ ახალი ჯიხურების განსათავსებლად აუქციონი სწორედ იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც პრესის ჯიხურები აქამდეც იდგა, პრესის გამავრცელებლებს კი ძველი ჯიხურების აღება დაავალა. თბილისის მერია პრესის ჯიხურების აღების მიზეზად ”მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით“ წამოწყებულ პროექტს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ქალაქში არსებული ძველი და უსახური შენობები ახალი და თანამედროვე დიზაინის ჯიხურებით უნდა ჩანაცვლდეს. ბეჭდური მედიის წარმომადგენლები და გამავრცელებლები ამბობენ, რომ ცენტრალურ უბნებში იჯარის ფასი იმდენად მაღალია, რომ აუქციონში მონაწილეობა პრესის წარმომადგენლებისათვის აზრს კარგავს, რადგან მათ არ შესწევთ უნარი წელიწადში იჯარის საფასურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხადონ. მერია არ იზიარებს პრესის წარმომადგენლების უკმაყოფილებას და აცხადებს, რომ აუქციონი თანაბარკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პრესის გამავრცელებელი კომპანიის ”პლანეტა ფორტეს” დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილიც ესწრებოდა. კომპანიის კუთვნილი 80 ჯიხურიდან, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში იდგა, დღეს ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ის ამბობს, რომ, მართალია, აუქციონში მონაწილე კომპანიებს არავინ უკრძალავს პრესის გაყიდვას, მაგრამ, მისი თქმით, თუკი საიჯარო თანხებს გადავხედავთ, მხოლოდ პრესის გაყიდვით ამ თანხების გადახდა წარმოუდგენელია. როგორ უნდა მოხერხდეს პრესის შეუფერხებლად გავრცელება - ეს ის მთავარი თემაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ მომავალ შეხვედრაზე პრესის გამავრცელებლები და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ჩვენი კონკრეტული პროექტებით მივალთ მასთან და წარმოვადგენთ იმ საკითხებს, თუ რა მიმართულებით დაგვჭირდება მისი დახმარება, ამბობს მერაბ ჩანჩალაშვილი:
პრესის გავრცელების საკმაოდ ბევრი ფორმა არსებობს. დავსხდებით, მოვიფიქრებთ, ვის რა შეგვიძლია და კონკრეტულ გზებზე მერე ვისაუბრებთ...

”გავრცელების ფორმების შესახებ ჩვენ ყველამ საკუთარი პროექტი უნდა წარვადგინოთ: ფოსტალიონის ინსტიტუტის გაფართოება, ხელმოწერების ქსელის გაზრდა და სხვა... პრესის გავრცელების საკმაოდ ბევრი ფორმა არსებობს. ყველა ორგანიზაცია დავსხდებით, მოვიფიქრებთ, ვის რა შეგვიძლია და კონკრეტულ გზებზე მერე ვისაუბრებთ. უნდა ვთქვა, რომ რეალურად ეს სფერო ვერ აიტანს მერიის მიერ დაწესებული აუქციონების პირობებს.”

როგორც ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრის მსვლელობისას არაფერი თქმულა იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჯიხურების თაობაზე გამართულ აუქციონში მონაწილეობას. რაც შეეხება პრესის გავრცელების თაობაზე ბიზნესმენის ჯერჯერობით უცნობ იდეას, როგორც შეხვედრიდან გამოსული პრესის წარმომადგენლები ამბობენ, ის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, მომდევნო შეხვედრის შემდეგ, გახდება ცნობილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG