Accessibility links

ნათია ღერკენაშვილი სამოქალაქო ჟურნალისტია, იგი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და თვეში ერთხელ დასახლების პრობლემატურ საკითხებზე მეზობლებთან ინტერვიუებს წერს ხოლმე. ნათია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტში მონაწილეობს და სხვა სამოქალაქო ჟურნალისტებთან ერთად „დევნილთა ამბებს“ აკეთებს. დევნილთა ამბები საქართველოს რეგიონალური რადიოების ეთერით გადაიცემა. ნათიას აზრით, იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილ სამოქალაქო ჟურნალისტებთან ურთიერთობა უფრო უადვილდებათ და მათთან უფრო გახსნილები არიან.

შიდა ქართლში სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი მედია. რიგითი ადამიანები, რომლებსაც ეს მიმართულება აინტერესებთ, აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, ქმნიან ბლოგებს და ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ. გიორგი ედიშერაშვილი ინტერნეტგამოცემა „ქართლი.გეს“ ჟურნალისტია. მისი აზრით, ახალ მედიაში დამოუკიდებლობის ხარისხი მეტია, სამოქალაქო ჟურნალისტი კი ცენზურისგან თავისუფალია, რადგან თვითონ არის ინფორმაციის შემგროვებელიც, რედაქტორიც და გამავრცელებელიც. გიორგის აზრით, სამოქალაქო ჟურნალისტიკას კონფლიქტების მოგვარებაშიც დიდი როლი შეუძლია ითამაშოს.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედიის განვითარებას. სამოქალაქო ჟურნალისტებისთვის პერიოდულად ტრენინგ-სემინარები ტარდება ხოლმე. ბოლო ტრენინგი მშვიდობის მშენებლობაზე, ადამიანის უფლებებსა და ტოლერანტობის თემებზე გაიმართა.

ჟურნალისტებმა და სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების შინაარსზე, მრავალარხიან დიპლომატიაზე, მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის არსსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე. საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრების ხელშემწყობი ხშირ შემთხვევაში მედიაა, ამიტომ ჟურნალისტების ამ მიმართულებით განათლება სტერეოტიპების დაძლევას უნდა ემსახურებოდეს. ჟურნალისტი არინა თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ, პროპაგანდისგან განსხვავებით, სამოქალაქო ჟურნალისტებს მეტი შანსი აქვთ, რომ კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფ ასევე მოქალაქე ჟურნალისტებთან კონტაქტები დაამყარონ და მათთან ერთად საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყონ ხელი.

მანანა მებუკე ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერია. ახალგაზრდა ჟურნალისტებს ის ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის მნიშვნელობასა და ამ დიალოგის პროცესში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისი აზრით, საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ამ მიმართულებით კი ჟურნალისტების მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი სამოქალაქო ჟურნალისტებთან ურთიერთობის გაგრძელებას და მათ მომზადებას მომავალშიც გეგმავს. სპეციალური ტრენინგები მიეძღვნება მულტიმედიის ათვისებას. ინტერნეტბლოგებისა და რადიორეპორტაჟების გარდა, მათ უკვე ვიდეორეპორტაჟების მომზადებაც შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG