Accessibility links

logo-print

ჟურნალისტის დაკავება ვლადიკავკაზში და ოთხი მოთხოვნა კოკოითის


მარია პლიევა

მარია პლიევა

ვლადიკავკაზში ოსი ჟურნალისტი და ბლოგერი მარია პლიევა დააკავეს. ეს ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელმა“ გაავრცელა. როგორც გამოცემის ბლოგერი ალან ცხურბაევი იუწყება, რომელიც ამჟამად ცხინვალშია, მარია პლიევა დააკავეს ვლადიკავკაზში, თავისუფლების მოედანზე, და ერთ–ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. მოედანზე ჯიოევას მხარდამჭერი მიტინგი უნდა გამართულიყო. პლიევასთან მილიციის თანამშრომლები მივიდნენ და მის ინტერნეტბლოგთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. ამის შემდეგ მანქანაში ჩასვეს და გადაიყვანესგან ყოფილებაში, სადაც საკუთარ ბლოგზე პოლიციელების შეურაცხმყოფელი უცენზურო გამონათქვამების გამო ხულიგნობის ბრალდებას უყენებენ. რადიო თავისუფლება ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს დაუკავშირდა. პლიევა ამ გაზეთის ჟურნალისტია. ცხოვრებოვი ამჟამად პოლიციაში იმყოფება და პლიევას დაკავების დეტალებს არკვევს.

„დიახ, ის დაკავებულია. ჩვენ ახლა მილიციაში ვართ. ვფიქრობ, რომ მალე გამოუშვებენ. მას ხულიგნობის ბრალდებას უყენებენ. ცალსახაა, რომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა მისი დაკავება. მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და, აი, ამის გამო დააკავეს. ეს ზეწოლაა. მან საკუთარი მოსაზრება განუკითხაობასთან დაკავშირებით გამოთქვა. ის ალა ჯიოევას მომხრე არ არის, ის კანონიერების მომხრეა და ამბობს, ვინც გაიმარჯვა, ის იყოსო“, – განაცხადა თემურ ცხოვრებოვმა.

ოპოზიციური ინტერნეტგამოცემა „უასამონგა“ ვლადიკავკაზში პოლიტოლოგ სოსლან კოკოევის დაკავების შესახებაც იუწყება. ორი დღის წინ კოკოევმა ერთ-ერთ რადიოს ინტერვიუ მისცა და ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, თუ ჯიოევას გამარჯვებას კრემლი არ აღიარებს, სამხრეთ ოსეთმა დასავლეთისკენ უნდა დაიწყოს ყურებაო. ჯიოევას მომხრეები და გამოცემის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ეს ფრაზა გახდა მისი დაკავების მიზეზი.

ცხინვალში საპროტესტო აქცია შაბათსაც გაგრძელდა. ოპოზიციის ლიდერების და კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლების კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. დღევანდელ შეხვედრას ალა ჯიოევა ავადმყოფობის გამო არ დასწრებია. მისი ნდობით აღჭურვილი პირი ანატოლი ბარანკევიჩი კი მომიტინგეებთან გავიდა და მათ ოპოზიციის ახალი მოთხოვნები გააცნო. ოპოზიცია დაუყოვნებლივ მოითხოვს ჯიოევას გამარჯვების აღიარებას, კოკოითის და მისი ხელისუფლების გადადგომას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას საპრეზიდენტო ინაუგურაციის მომზადებას და ჩატარებას. ბარანკევიჩის თქმით, თუ ორშაბაათამდე ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციას გაფიცვაც დაემატება და ხალხი სამსახურში არ წავა. ჯიოევას მომხრეები ცენტრალურ მოედანზე რჩებიან და აქციების შეწყვეტას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG