Accessibility links

logo-print

ოს უფლებადამცველს და ბლოგერს მილიციის თანამშრობლების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ


ოს უფლებადამცველს და ბლოგერს, მარია პლიევას, მილიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. შაბათს ის ვლადიკავკაზში დააკავეს, თუმცა საღამოს გაუშვეს. მის საქმეზე ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომა კვირას, ადგილობრივი დროით 12 საათზე უნდა გაიმართოს. როგორც მარია პლიევამ ჩვენი რადიოს რუსულენოვან სამსახურს, „ეხო კავკაზას“ უთხრა, მას ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს - თავად ის კი ბრალდებას უარყოფს: „დავიწყებ იმით, რომ მათ ძალიან უხეში პროცესუალური დარღვევა ჩაიდინეს - მე პროტოკოლი არ გადმომცეს. ამიტომ მე მხოლოდ სიტყვიერად ვიცი, რომ ბრალი სამი პუნქტით მედება, ძირითადად მცირე ხულიგნობის მუხლით, ადმინისტრაციული კოდექსით. ამბობენ, თითქოს მე შეურაცხყოფას ვაყენებდი მილიციის თანამშრობლებს, როცა იმ მოედანზე ვიყავი, სადაც არასანქცირებული მიტინგი უნდა ჩატარებულიყო. ამასთან ერთად, მეუბნებოდნენ, რომ ბლოგზე ვწერ გარკვეულ შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს“ - განაცხადა პლიევამ. მისი დაკავება ვლადიკავკაზის ერთ-ერთ მოედანზე მოხდა, სადაც ალა ჯიოევას მომხრეთა მიტინგი უნდა გამართულიყო. ჯიოევა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად მიიჩნევს თავს- თუმცა არჩევნების შედეგი გააუქმეს, მას კი დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.
XS
SM
MD
LG