Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ევროკავშირს მოუწოდებს არ განავრცოს ლონდონთან თეირანის უთანხმოება


ირანი აცხადებს, რომ მასსა და ლონდონს შორის შექმნილი კრიზისი, რომელიც თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე მიტანილმა იერიშმა განაპირობა, ევროპის სხვა ქვეყნებზე არ უნდა გავრცელდეს. ნახევრადოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ფარსს“ მოჰყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, რამინ მეჰმანპარასტის სიტყვები - „ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს ჩვენ ორ შორის შექმნილი პრობლემა ევროპის სხვა ქვეყნებზეც განავრცოს“, მაგრამ ევროპის ქვეყნებმა ირანთან კავშირები ამ კრიზისს არ უნდა დაუქვემდებარონო. დასავლურ საინფორმაციო სააგენტოებს დღეს ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად აცნობეს, რომ პარიზი დროებით ამცირებს ირანის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას და ზოგიერთ მათგანს ოჯახებთან ერთად უკან, ირანში გზავნის. დღესვე ირანში დაუბრუნდენ ლონდონიდან გაძევებული ირანელი დიპლომატები. მათ აეროპორტში 150-მდე ადამიანმა მოუწყო შეხვედრა.ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა 30 ნოემბერს გასცა ბრძანება, რომ ირანელ დიპლომატებს ბრიტანეთი 48 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ. ერთი დღით ადრე თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე დემონსტრანტებმა მიიტანეს იერიში და ის დაარბიეს.
XS
SM
MD
LG