Accessibility links

logo-print

ჟურნალისტის დაკავება ვლადიკავკაზში და ოთხი მოთხოვნა კოკოითის


მარია პლიევა

მარია პლიევა

ოსი ჟურნალისტის და ბლოგერის მარია პლიევას სასამართლო პროცესი კვირამდე გადაიდო. ვლადიკავკაზელი სამართალდამცავები მას ხულიგნობის ბრალდებას უყენებენ. მოსამართლემ პროცესი, მისივე თხოვნით, ადვოკატის აყვანის მოტივით გადადო. მარია პლიევა შაბათს დააკავეს. ეს ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელმა“ გაავრცელა. გამოცემის ბლოგერის, ალან ცხურბაევის ცნობით, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, მარია პლიევა ვლადიკავკაზში თავისუფლების მოედანზე დააკავეს და ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. მოედანზე ალა ჯიოევას მხარდამჭერი მიტინგი უნდა გამართულიყო. პლიევასთან კი მილიციის თანამშრომლები მივიდნენ და მის ინტერნეტბლოგთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. ამის შემდეგ მანქანაში ჩასვეს და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც საკუთარ ბლოგზე პოლიციელების შეურაცხმყოფელი უცენზურო გამონათქვამების გამო ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს. პლიევა ბრალდებას არ ეთანხმება და სამართალდამცავების მხრიდან პროცესუალური ნორმების დარღვევაზე ჩვენს რადიოსთან საუბრობს.

„დავიწყებ იმით, რომ მათ ძალიან უხეში პროცესუალური დარღვევა ჩაიდინეს - მე პროტოკოლი არ გადმომცეს. ამიტომ მე მხოლოდ სიტყვიერად ვიცი, რომ ბრალი სამი პუნქტით მედება, ძირითადად მცირე ხულიგნობის მუხლით, ადმინისტრაციული კოდექსით. ამბობენ, თითქოს მე შეურაცხყოფას ვაყენებდი მილიციის თანამშრობლებს, როცა იმ მოედანზე ვიყავი, სადაც არასანქცირებული მიტინგი უნდა ჩატარებულიყო. ამასთან ერთად, მეუბნებოდნენ, რომ ბლოგზე ვწერ გარკვეულ შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს.“–აცხადებს მარია პლიევა.

მარია პლიევა ამბობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ჟურნალისტურ საქმიანობას მაინც გააგრძელეებს.

„მე საპროტესტო ნაბიჯებს, როგორც ასეთს, არ ვდგამდი. რაც ხდებოდა, ყველაფერს ვაშუქებდი - ვლადიკავკაზშიც, სამხრეთ ოსეთშიც. და ამას, რასაკვირველია, ყველაფრის მიუხედავად გავაგრძელებ.“– დასძინა ჟურნალისტმა.

რადიო თავისუფლება ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, თემურ ცხოვრებოვს დაუკავშირდა. პლიევა ამ გაზეთის ჟურნალისტია. ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი განსხვავებული მოსაზრებების გამო დააკავეს.

„დიახ ის დაკავებულია, ჩვენ ახლა მილიციაში ვართ. ვფიქრობ, რომ მალე გამოუშვებენ. მას ხულიგნობის ბრალდებას უყენებენ. ცალსახაა, რომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა მისი დაკავება. მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აი ამის გამო დააკავეს. ეს ზეწოლაა. მან საკუთარი მოსაზრება განუკითხაობასთან დაკავშირებით გამოთქვა. ის ალა ჯიოევას მომხრე არ არის, ის კანონიერების მომხრეა და ამბობს, რომ ვინც გაიმარჯვა, ის იყოს.“– განაცხადა თემურ ცხოვრებოვმა.

ოპოზიციური ინტერნეტგამოცემა „უასამონგა“ ვლადიკავკაზში პოლიტოლოგ სოსლან კოკოევის დაკავების შესახებაც იუწყება. ორი დღის წინ კოკოევმა ერთ-ერთ რადიოს ინტერვიუ მისცა და ცხინვალში განვითარებული მოვლენების შესახებ აღნიშნა, რომ თუ ჯიოევას გამარჯვებას კრემლი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთმა დასავლეთისკენ უნდა დაიწყოს ყურება. ჯიოევას მომხრეები და გამოცემის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ეს ფრაზა გახდა მისი დაკავების მიზეზი.

ცხინვალში საპროტესტო აქცია შაბათსაც გაგრძელდა. ოპოზიციის ლიდერების და რუსეთის პრეზიდენტის ადინისტრაციის წარმომადგენლის, სერგეი ვინოკუროვის კონსულტაციებს ალა ჯიოევა ავადმყოფობის გამო არ დასწრებია. მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ანატოლი ბარანკევიჩის თქმით, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, შაბათის შეხვედრა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ბარანკევიჩმა აღნიშნა, რომ კრემლის წარმომადგენელს მიაწოდეს ჯიოევას მომხრეების მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც იგი კოკოითის ხელისუფლებასთან განიხილავს. ოპოზიცია დაუყონებლივ მოითხოვს ჯიოევას გამარჯვების აღიარებას, კოკოითის და მისი ხელისუფლების გადადგომას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას საპრეზიდენტო ინაუგურაციის მომზადებას და ჩატარებას. ბარანკევიჩის თქმით, თუ ორშაბათამდე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციას გაფიცვაც დაემატება და ხალხი სამსახურში არ წავა. ჯიოევას მომხრეები ცენტრალურ მოედანზე რჩებიან და აქციების შეწყვეტას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. კრემლის მოხელესთან კონსულტაციები კვირასაც გაგრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG