Accessibility links

logo-print

სხვადასხვა უფსკრულის პირას


ნატოს ტვირთის გადამზიდი მანქანები ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე

ნატოს ტვირთის გადამზიდი მანქანები ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე

24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვამ გასულ კვირაში უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე და განარისხა პაკისტანის ხელისუფლება. ისლამაბადმა არა მხოლოდ ბოიკოტი გამოუცხადა ავღანეთის უსაფრთხოების საკითხზე ბონის 5 დეკემბრის საერთაშორისო კონფერენციას, არამედ უბრძანა პაკისტანელ სამხედროებს, საპასუხო ცეცხლით უპასუხონ ნატოს ძალების შესაძლო ნებისმიერ თავდასხმას.

26 ნოემბერს, როდესაც პაკისტანელი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი გავრცელდა, პაკისტანის ხელისუფლებამ შეწყვიტა ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარების მომარაგება, ხოლო პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ხარი ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, ნატოს თავდასხმის გამო „განრისხების“ გამოსახატავად.

პაკისტანი აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 24 ჯარისკაცი შეიწირა მის ტერიტორიაზე, ავღანეთის საზღვრის მახლობლად განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელიც ნატოს ვერტმფრენებმა მოაწყვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელმა მინისტრმა კლინტონს უთხრა, რომ ნატოს იერიში არის „საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის სრული უგულებელყოფის დემონსტრირება“, რაც პაკისტანს აიძულებს გადახედოს თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ნატოს სარდლობამ დაადასტურა ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი უკონტროლო მოჰმანდის პროვინციაში. ავღანეთის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აფტარ აბასმა სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ნატოს შვეულმფრენებმა პაკისტანელი სამხედროების ორ პოსტზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც პაკისტანის არმიის 24 ოფიცერი და ჯარისკაცი დაიღუპა:

„ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა და ამას სერიოზული შედეგები ექნება. როგორც იცით, პაკისტანის არმიამ 4000 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა ამ არეალის გაწმენდის ოპერაციაში. მათ დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები, რომლებზეც კონტროლი დამყარებული ჰქონდათ ტერორისტებსა და მეამბოხეებს. დიდი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად ვაფართოებთ ჩვენს კონტროლს.“

პაკისტანის ხელისუფლება ყველაზე მეტად იმ ინფორმაციის გავრცელებამ აღასფოთა, თითქოს ნატოს ავიაციის იერიში შაბათს თავად პაკისტანელი სამხედროების მოქმედებას გამოეწვიოს. დასავლეთის მედია, ავღანეთის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ნატოს ჯარს, ავღანელ სამხედროებთან ერთად, ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის საგუშაგოებიდან. მათი ვარაუდით, ეს მეამბოხეების შეტევა იყო, რის საპასუხოდაც ნატოს ავიაციას სთხოვეს დახმარება. ავიაციამ საჰაერო დარტყმა განახორციელა. პაკისტანის სარდლობამ განაცხადა, რომ ნატო და ავღანეთი ეძებენ მიზეზს თავის გასამართლებლად. მათივე თქმით, თავდასხმა გრძელდებოდა ორ საათს და არ შეწყდა მათი თხოვნის მიუხედავადაც კი. ნატომ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. ავღანეთში მოქმედი ალიანსის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობის წარმომადგენელმა გენერალმა კარსტენ იაკობსონმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა სარდლობის სახელით.

„ჩვენ ვადასტურებთ კუნარის პროვინციის მახლობლად მომხდარ ინციდენტს, რასაც, სამწუხაროდ, რამდენიმე პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიება და იგი უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების უმაღლესი სარდლობის ყურადღების ქვეშაა. საერთაშორისო ძალების სარდალმა გენერალმა ალენმა ამ ბოლო დღეებში რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ ინციდენტი სრულად იქნება გამოძიებული.“


სხვათა შორის, 26 ნოემბრის საავიაციო იერიშამდე ერთი დღით ადრე ზემოხსენებული ამერიკელი გენერალი ჯონ ალენი პაკისტანის არმიის შეიარაღებული ძალების სარდალ გენერალ აშფაქ პერვეზ კაიანს შეხვდა და სწორედ საზღვრების კონტროლისა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მაგრამ პაკისტანელი სამხედროების დახოცვის შემდეგ გენერალი კაიანი იძულებული გახდა საკუთარი არმიისათვის სულ სხვაგვარი ბრძანება გაეცა. პარასკევს პაკისტანელმა სამხედროებმა ბრძანება მიიღეს საპასუხო ცეცხლით უპასუხონ ნატოს ძალების შესაძლო ნებისმიერ თავდასხმას. ასეთი მკვეთრი მოქმედებისათვის ისლამაბადს არ მიუმართავს 2009 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ნატოს ავიაციის მსგავს საავიაციო იერიშს 2 პაკისტანელი ჯარისკაცი შეეწირა. მაშინ ნატოს ჯარების მომარაგება პაკისტანის გავლით 10 დღის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.

თუმცა ნატოს და აშშ-ებს იმედი აქვთ, რომ 26 ნოემბრის ტრაგიკულ ინციდენტს არ მოჰყვება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დაძაბვა. ჩვენი ურთიერთობა პაკისტანთან, მართალია, რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა 28 ნოემბერს აშშ-ების თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ:

„პაკისტანთან პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება ამერიკის უსაფრთხოების მძლავრ ინტერესს წარმოადგენს, რადგან ჩვენ ტერორიზმის წინაააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ინტერესები გვამოძრავებს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ თანამშრომლობის მიმართულებით.“

თუმცა ამ თანამშრომლობის განვითარება იოლი არ იქნება. ვაშინგტონსა და ისლამაბადს ერთმანეთის მიმართ ბოლო ხანს ბევრი საჩივარი დაუგროვდათ.

ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, პაკისტანის საიდუმლო სამსახურები ავღანეთში, როგორც მან თქვა, „საეჭვო ელემენტებთან“ კავშირში დაადანაშაულა. ობამას თქმით, პაკისტანის ხელისუფლება იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ავღანეთიდან კოალიციის ჯარის წასვლის შემდეგ იქ ხელისუფლებაში სწორედ ის ძალები მოვლენ, რომელთანაც მას აქვს კავშირი. ადრე აშშ-მა პაკისტანის დაზვერვა შეიარაღებულ ჯგუფ „ჰაკანისთან" კავშირში დაადანაშაულა, „ჰაკანისთან",რომელიც ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, რაბანის მოკვლაში უნდა იყოს გარეული. აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როცა ამ ქვეყანაში აშშ-ის სპეცრაზმმა მოკლა ალ ყაიდის ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი. თეთრ სახლს პაკისტანის მიმართ გაუბედავი პოლიტიკის გამო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები მკაცრად აკრიტიკებენ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ტეხასის შტატის გუბერნატორმა რიკ პერიმ 22 ნოემბერს დებატებისას პირობა დადო, რომ იგი პაკისტანს დახმარებას შეუწყვეტს მანამ, სანამ ისლამაბადი უფრო მჭიდროდ არ ითანამშრომლებს ვაშინგტონთან.
XS
SM
MD
LG