Accessibility links

კლინტონმა პაკისტანის პრემიერთან ნატოს თავდასხმების შესახებ ისაუბრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის ესაუბრა ნატოს მიერ ახლახან განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. აშშ და ნატო აცხადებენ, რომ გამოიძიებენ ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მომხდარ ამ ინციდენტს - თუმცა აშშ ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით არსებული ინფორმაცია მწირია და ბოდიშის მოხდისთვის საფუძველს არ ქმნის. ამის ნაცვლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კლინტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის სამძიმარი დაღუპული ჯარისკაცების გამო. ინციდენტს პაკისტანში დიდი აღშფოთება მოჰყვა. ისლამაბადმა ბოიკოტი გამოუცხადა ავღანეთის შესახებ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბონშია დანიშნული და ორშაბათს უნდა დაიწყოს. პაკისტანი აცხადებს, რომ ნატოს აღარ მისცემს საშუალებას მისი ტერიტორია გამოიყენოს ტვირთის გადაზიდვისთვის ავღანეთში - და აშშ-ისგან მოთხოვს დატოვოს ბაზა, რომელსაც საავიაციო თავდასხმებისთვის იყენებენ. პაკისტანის სამხედრო სტრუქტურები ასევე აცხადებენ, რომ ავღანეთთან საზღვრის გასწრივ განლაგებულ მის სამხედროებს უფლება აქვთ ცეცხლი დააბრუნონ, თუ მათ თავს ნატოს ჯარები დაესხმებიან. პარალელურად, ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი პაკისტანს ბრალს სდებს თალიბანთან ყველა სახის მოლაპარაკების შეფერხებაში, ამ ინიციატივისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმით.
XS
SM
MD
LG