Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაზე მსჯელობისა და ალა ჯიოევას კვირა


ცხინვალი
ცხინვალი
კვირის დასაწყისში ყურადღების ცენტრში იყო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სადაც ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აჯამებდნენ. ხმების დათვლის დასრულებამდე ცხადი გახდა, რომ იმარჯვებდა ალა ჯიოევა - ის რამდენიმე ათასი ხმით უსწრებდა კრემლის ფავორიტად წოდებულ ანატოლი ბიბილოვს. ჯიოევას შტაბში იმედიანად იყვნენ. შტაბის წარმომადგენელმა ელინა მარზოევამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა კიდევაც, რომ ხელთ ჰქონდათ ყველა საარჩევნო უბნის ოქმი და მათთვის გამარჯვების წართმევა შეუძლებელი იქნებოდა.

მაგრამ ეს არცთუ ისე შეუძლებელი აღმოჩნდა. დღის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, დარღვევების შესახებ ინფორმაციით პირდაპირ უმაღლეს სასამართლოს მიმართა და არჩევნების ბათილად ცნობა მოითხოვა. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა - სხვათა შორის, კოკოითის ნათესავმა - ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. არჩევნების შედეგები გაუქმდა, ახალი არჩევნები კი, რომელშიც ალა ჯიოევა მონაწილეობას ვეღარ მიიღებს,
25 მარტისათვის დაინიშნა,
შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ცხინვალში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქუჩაში მრავალი ადამიანი იყო გამოსული ჯიოევას მხარდასაჭერად. ისმოდა სროლის ხმაც, ოღონდ ჰაერში. ჯიოევას მომხრეების ინფორმაციით, მათ მხარდასაჭერად ხალხი რაიონებიდანაც დაიძრა. თუმცა აკრიტიკებდნენ თავად ჯიოევასაც. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი, მაგალითად, ამბობდა, რომ ჯიოევა ზედმეტად ფრთხილობდა და ხალხის მხარდაჭერით ხმების დაცვა უფრო ადრე იყო შესაძლებელი.

საბოლოოდ, ალა ჯიოევამ უმაღლეს სასამართლოს მიმართა და მოსთხოვა ანულირება გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც, 27 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის შედეგები არალეგიტიმურად გამოცხადდა. სასამართლომ პარასკევს განაცხადა, რომ სარჩელს ორშაბათს განიხილავდა, თუმცა დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელმა აცამაზ ბეჩინოვმა თქვა, რომ ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, მხოლოდ სარჩელის განხილვის თარიღი დაინიშნება.

დანარჩენ საქართველოს რაც შეეხება, მთელი კვირის განმავლობაში ყველაზე აქტუალური, ალბათ, მედიის თავისუფლების საკითხი იყო. გრძელდებოდა საპროტესტო აქციები მერიის გადაწყვეტილების გამო აუქციონის წესით გაეყიდა ადგილები, სადაც ახლა პრესის ჯიხურები დგას. ორშაბათს ორი მიმართვა გავრცელდა. ერთს „საქართველოს პრესის ასოციაცია“ და ქართული გაზეთები, მეორე მიმართვას კი კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” აწერდა ხელს. პირველი მიმართვის ხელმომწერები მოითხოვდნენ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონები არ შეხებოდა პრესის იმ ჯიხურებს, რომლებშიც წლების განმავლობაში იყიდება გაზეთები. მეორენი კი ბიზნესმენებს მოუწოდებდნენ თავისუფალი პრესის სოლიდარობის ნიშნად საერთოდ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ აუქციონში.

აქციები ამასთან დაკავშირებით მთელი კვირა გაგრძელდა. სამშაბათს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ პრესაზე, არამედ, ზოგადად, მედიის მიმართ ზეწოლაზე ლაპარაკობდნენ და პარალელს ფოტოგრაფების საქმესთან ავლებდნენ - აქციის მთავარ ლოზუნგს, ”ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს”, დაემატა კიდევ მეორე, სწორედ ფოტოგრაფების საქმის დროს გაჩენილი ლოზუნგის ახალი ვერსია - „No Press, No Democracy“.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ელისო ჩაფიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრესაზე ზეწოლა ფოტოგრაფების საქმის გაგრძელებაა და დათმობას ქართული მედია არც ამჯერად აპირებს.

თუმცა პრესის ჯიხურების ამბავი სულ მალე ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა გადაფარა. 30-ში, დილით ადრე, ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე ადამიანთან ერთად ტელეკომპანია „მაესტროში“ შეიჭრა და საშუალება არ მისცა ”მაესტროს” თანამშრომლებს შენობაში შესულიყვნენ. ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არხიდან დაითხოვა"მაესტროს" პროდიუსერი მამუკა ღლონტი და გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე. თავის მხრივ, მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ "მაესტროს" ყველა დამფუძნებლის სახელით წყვეტდა კონტრაქტს მმართველ კომპანიასთან.

ამის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში მიდიოდა დავა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აქვს უფლება იმაუწყებლოს „მაესტროს“ სახელით. პარასკევს ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იურიდიულად ტელეკომპანია „მაესტროს“ ქონებას მისი კომპანია განკარგავს. ამის დასტურად მან 2009 წლის 29 ნოემბერს მასა და ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაასახელა.

თუმცა ეროსი კიწმარიშვილის განცხადებაში ეჭვი ბევრს შეეპარა.
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ, რომელიც „მაესტროში“ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლსაც ასრულებდა, თქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მცდელობას, იბრძოლოს სამართლებრივი გზით, დიდი პერსპექტივა არა აქვს.

კვირის სხვა მნიშვნელოვან ამბებს რაც შეეხება, კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე და ჰუმანური მოსაზრებებით.

დღეს კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი ქალაქის დაფუძნების თაობაზე გააკეთა განცხადება: ანაკლიასა და ყულევს შორის გავაშენებთ დიდი ქალაქს, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკასო, თქვა ზუგდიდში და დაამატა, 10 წელიწადში ამ ქალაქში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნებაო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG