Accessibility links

logo-print

ერთიანი რუსეთი პირველ ადგილზეა - თუმცა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად იკლო


მედვედევი და პუტინი "ედინაია რასიას" საარჩევნო პრეს-ცენტრში

მედვედევი და პუტინი "ედინაია რასიას" საარჩევნო პრეს-ცენტრში

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მნიშვნელოვნად მოაკლდა ამომრჩევლის მხარდაჭერა. თუმცა, როგორც ჩანს, ის ძლივძლივობით, მაგრამ მაინც შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას სახელმწიფო დუმაში.

ხმების ნახევარზე ცოტა მეტის დათვლის შემდეგ, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ პირველ ადგილზე ერთიანი რუსეთი გადის, ხმათა 49.68 პროცენტით. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა 2007 წელთან შედარებით, როცა ამ პარტიამ ხმების 64.3 პროცენტი მოიპოვა.

მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა, 19.7 პროცენტით. შემდეგ, 12.91 პროცენტით, მოდის მემარცხენე-ცენტრისტული სამართლიანი რუსეთი - ერთ დროს კრემლის მხარდამჭერი პარტია, რომელიც შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. ვლადიმირ ჟირინოვსკის ნაციონალისტ ლიბერალ-დემოკრატებს 12.18 პროცენტი აქვთ და მეოთხე ადგილზე გადიან.

ეს მონაცემები თითქმის ემთხვევა ოფიციალურად სანქცირებული ეგზიტ-პოლის შედეგებს, რომელმაც ერთიან რუსეთს პირველი ადგილი და ხმათა 48.5 პროცენტი მიანიჭა, კომუნისტებს - 19.8 პროცენტი, სამართლიან რუსეთს - 12.8 პროცენტი, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11.42 პროცენტი.

სამმა პარტიამ - იაბლოკომ, მართალმა საქმემ და რუსეთის პატრიოტებმა - როგორც ჩანს, ვერ შეძლო შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

შედეგები საკმაოდ სერიოზულ უხერხულობას უქმნის მმართველ პარტიას. აშკარაა, რომ მან დაკარგა ორი მესამედისგან შემდგარი უმრავლესობა, რომელიც პარლამენტის წინა შემადგენლობაში ჰქონდა, სადაც 450 ადგილიდან 315-ს იყო დაპატრონებული.

„დემოკრატია მოქმედებაში“

პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაცემულ მიმართვაში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გვერდით მდგომმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, შედეგებზე მაინც მხნედ ისაუბრა.
„ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას“ - განაცხადა მან.

პუტინს - რომელსაც ფაქტობრივად გარანტირებული აქვს გამარჯვება მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში - ერთიანი რუსეთის მხარდაჭერის კლებაზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

მედვედევმა - რომელიც ერთიანი რუსეთის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და რომელიც, როგორც ვარაუდობენ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდება - არჩევნების შედეგს რუსეთში „მოქმედებაში მოყვანილი დემოკრატია“ უწოდა.

„ახალი პოლიტიკური რეალობა“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 50 პროცენტზე ცოტა მეტმა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამორჩევლის აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2007 წელთან შედარებით, როცა საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის 63.71 პროცენტი გამოცხადდა.

როიტერსის მიერ გავრცელებულ ცნობაში კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი, სერგეი ობუხოვი აცხადებს, რუსეთში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა, მთავრობამ ყველაფრის შეცვლა რომ სცადოს, მაინცო.

როგორც მოსკოვში განთავსებული კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა, პაველ სალინმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, შედეგები რუსეთის საზოგადოებაში მზარდი მღელვარების სიმპტომია.

„ეს ერთიანი რუსეთისთვის სრული მარცხი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი განგაშის ზარია, არა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, არამედ ზოგადად, მთავრობისთვის“ - თქვა სალინმა. „საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა საპროტესტო განწყობამ და ეს განწყობა, შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ“.

სალინის აზრით, საპროტესტო განწყობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ მთავრობა პოლიტიკურ სისტემას ძირეულად არ შეცვლის, ან, სულ მცირე, მის მოდერნიზაციას არ მოახდენს, მაშინ, ვშიშობ, რამდენიმე წელიწადში ეს საპროტესტო განწყობა უკვე ქუჩებში გადაინაცვლებსო, გვითხრა ანალიტიკოსმა და დასძინა - „იმ დროს უკვე დაგვიანებული იქნება რაიმეს შეცვლა“.

საჩივრები დარღვევების თაობაზე

არჩევნებს თან ახლდა დამკვირვებლებზე ზეწოლა და განცხადებები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ ივლევმა განაცხადა, რომ ყველა საჩივარს გამოიძიებენ: „ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა საჩივარს განვიხილავთ. ამ პროცესში ჩაერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საგამოძიებო კომიტეტი. ყველა საჩივარი იქნება განხილული.“

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტს, ვიტალი კამიშევს მოსკოვში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოქმედი აკრედიტაცია. შენობაში შესვლის აკრძალვის მიზეზები მისთვის არ განუმარტავთ.

მასშტაბური დარღვევების შესახებ ჩიოდნენ კომუნისტური პარტია და ლიბერალური ორიენტაციის იაბლოკო. მათი თქმით, დამკვირვებლებს ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, დარღვევების მიზანს კი მმართველი პარტიის მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ვლადივოსტოკში ამომრჩევლებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთიანი რუსეთის წარმომადგენლები მათ სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩევლებს უფასო საკვების დარიგებას ჰპირდებოდნენ.

პოლიციის და თვითმხილველების განცხადებით, 180-მდე პირი დააკავეს სამ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე, რომლებიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი.

რამდენიმე დამოუკიდებელ ვებსაიტზე კიბერშეტევა განხორციელდა და ისინი მწყობრიდან გამოვიდა. მათ შორის იყო ლიბერალური, კრემლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეული რადიოსადგურის, ეხო მოსკვის საიტი. იერიში მიიტანეს ასევე რუსეთში მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, „გოლოსის“ საიტზეც. ამ ჯგუფმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას 5,000-ზე მეტი დარღვევა აღრიცხა.
XS
SM
MD
LG