Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა პაკისტანის პრეზიდენტს ნატოს მიერ მიტანილ იერიშზე ესაუბრა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს თავის პაკისტანელ კოლეგას ტელეფონით დაურეკა და იმ 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიკვდილის გამო მიუსამძიმრა, რომლებიც ნატოს იერიშს ემსხვერპლნენ. თეთრის სახლის განცხადებით, ბარაკ ობამამ ასიფ ალი ზარდარის აცნობა, რომ მსხვერპლი განზრახ მიტანილი იერიშის შედეგი არ ყოფილა და კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს 26 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის „სრულფასოვანი გამოძიება“. ობამას თქმით, პაკისტანთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის. თავდასხმის შემდეგ ისლამაბადმა ბოიკოტი გამოუცხადა ავღანეთის შესახებ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბონშია დანიშნული და ორშაბათს უნდა დაიწყოს. ამასთან, პაკისტანი აცხადებს, რომ ნატოს აღარ მისცემს საშუალებას მისი ტერიტორია გამოიყენოს ტვირთის გადაზიდვისთვის ავღანეთში. პაკისტანის სამხედრო სტრუქტურებმა ასევე განაცხადეს, რომ ავღანეთთან საზღვრის გასწრივ განლაგებულ მის სამხედროებს უფლება აქვთ ცეცხლი დააბრუნონ, თუ მათ თავს ნატოს ჯარები დაესხმებიან.
XS
SM
MD
LG