Accessibility links

logo-print

ჯიოევას მომხრეებმა მისი ინაუგურაცია 10 დეკემბერს დანიშნეს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენლებმა მისი ინაუგურაცია 10 დეკემბრისთვის დანიშნეს - არჩევნების შედეგის გაუქმების თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, ცხინვალის ცენტრში მიმდინარე მიტინგის მონაწილეების წინაშე შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი გავიდა და განაცხადა: „სამხრეთი ოსეთის ხალხმა ხმა ჯიოევას მისცა, ამიტომაც ჩვენ მის ინაუგურაციას 10 დეკემბერს, 14.00-ზე ვნიშნავთ“. ცერემონიის ადგილი და ფორმა არ დაკონკრეტებულა. მანამდე ჯიოევას წინასაარჩევნო შტაბის უფროსმა, მიხაილ ხანიკოვმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ ინაუგურაცია ცხინვალის ერთ-ერთ მოედანზე ჩაივლის, სადაც შტაბს სურს ჯიოევას ათი ათასამდე მომხრე შეიკრიბოს. მიტინგის მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე მიმართვა მიიღეს და მას ვითარებაში ჩარევისკენ მოუწოდეს. „იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა მთელი კავკასიის მასშტაბით გამოიწვიოს დესტაბილიზაცია,რესპუბლიკის ხალხი გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერიოთ მიმდინარე პროცესებში, ვითარების სტაბილიზაციისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“ - წერია მიმართვაში, რომლის ადრესატები არიან გაერო, ევროპარლამენტი და რამდენიმე ქვეყნის მთავრობები - მათ შორის ისინი, ვისაც სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს.
XS
SM
MD
LG