Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებს რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი ეხმაურებიან


რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად, კენჭისყრაში პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი იმარჯვებს, მისი მაჩვენებელი კი ხმათა 50 პროცენტზე ნაკლებია. სახელმწიფო კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად - რომლის შედეგები სახელმწიფო ტელევიზიითაც გადაიცა - ერთიანი რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის არჩევნებს ხმათა 48.5 პროცენტით მოიგებს. მაშინ, როცა 2007 წელს მას 64.3 პროცენტი ერგო. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტია გადის, ხმათა 19.8 პროცენტით. პარტიის მხარდაჭერის კლების მიუხედავად, ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ეთერით გადაცემულ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, გამოკითხვების წინასწარი შედეგები ქვეყანას სტაბილური განვითარების პერსპექტივას უქმნისო. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კი თქვა, „დემოკრატიულმა პროცესმა იმუშავაო“: „პარტია "ერთიანი რუსეთი" მოცემულ მომენტში ლიდერია და, როგორც სჩანს, წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში მოხვდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა. არჩევნებს თან ახლდა დამკვირვებლებზე ზეწოლა და ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ ივლევმა განაცხადა, რომ ყველა საჩივარს გამოიძიებენ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტს, ვიტალი კამიშევს მოსკოვში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მას მოქმედი აკრედიტაცა ჰქონდა. შენობაში შესვლის აკრძალვის მიზეზები მისთვის არ განუმარტავთ. მასშტაბური დარღვევების შესახებ ჩიოდნენ კომუნისტური პარტია და ლიბერალური ორიენტაციის „იაბლოკო“. მათი თქმით, დამკვირვებლებს ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, დარღვევების მიზანს კი მმართველი პარტიის მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოადგენდა. სააგენტო ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ვლადივოსტოკში ამომრჩევლებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთიანი რუსეთის წარმომადგენლები მათ სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩევლებს უფასო საკვების დარიგებას პირდებოდნენ. პოლიციის და თვითმხილველვების განცხადებით, 180-მდე პირი დააკავეს სამ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე, რომლებიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი. რამდენიმე დამოუკიდებელ ვებსაიტზე კიბერ-შეტევა განხორციელდა და ისინი მწყობრიდან გამოვიდა. მათ შორის იყო ლიბერალური, კრემლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეული რადიოსადგურის, ეხო მოსკვის საიტი. იერიში მიიტანეს ასევე რუსეთში მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, „გოლოსის“ საიტზეც. ამ ჯგუფმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას 5,000-ზე მეტი დარღვევა აღრიცხა. 450 ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში ადგილების მოსაპოვებლად შვიდი პარტია იბრძოდა.
XS
SM
MD
LG