Accessibility links

მაკა ასათიანი: პრობლემის სათავე მოპარული 500 ათასი დოლარია


შპს სტუდია ”მაესტროსა” და მისი დამფუძნებლების ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას პრესკონფერენცია

შპს სტუდია ”მაესტროსა” და მისი დამფუძნებლების ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას პრესკონფერენცია

ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო არსებულ დაპირისპირებაში დღეს, 5 დეკემბერს, კიდევ ერთი ინფორმაცია გაჩნდა. ამჯერად „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადება გააცნო საზოგადოებას შპს სტუდია „მაესტროსა“ და მისი დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. მაკა ასათიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიში დაპირისპირება ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის მიერ მოპარულმა 500 ათასმა დოლარმა განაპირობა. შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანია ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის უფლებით სარგებლობდა. თავად ეროსი კიწმარიშვილი მაკა ასათიანის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ ყველა საკითხს ახლა სასამართლო და პროკურატურა განიხილავს. ამასთან, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს წერილობით მიმართეს და მათთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე რეაგირება სთხოვეს.

როგორც შპს სტუდია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის წერილიდან ირკვევა, მან სტუდია „მაესტროს“ წილი 2011 წლის აპრილში იყიდა გიორგი გაჩეჩილაძისგან, თუმცა ტელეკომპანიის დაფინანსება უფრო ადრე, 2010 წლის აგვისტოში, დაიწყო. 2011 წლის აგვისტოში მაკა ასათიანმა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ მიერ სტუდია „მაესტროსთვის“ გადარიცხული თანხების ანგარიში-შედარება მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც შპს სტუდია „მაესტროს“ მმართველი ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელი იყო, სხვადასხვა დროს, ინვესტირებული თანხების გაბერვით, 500 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა ჰქონდა მოპარული.

”აღმოჩნდა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, ინვესტირებული თანხების გაბერვით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 ათასი დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რაც მან აღიარა და შეჰპირდა დამფუძნებლებს და კონკრეტულად მაკა ასათიანს, რომ ამ თანხებს დააბრუნებდა უახლოეს მომავალში”, - თქვა დღეს, 5 დეკემბერს, შპს სტუდია „მაესტროსა“ და მისი დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

იმისათვის, რომ „მაესტროს“ ფუნქციონირება არ შეწყვეტილიყო, მაკა ასათიანმა საკუთარი სახსრებით 3 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა „მაესტროში“, ხოლო ეროსი კიწმარიშვილი, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ხელისუფლებას შეეკრა, რათა არ დაებრუნებინა თანხები და განეხორციელებინა „იმედი 2“-ის სცენარი „მაესტროში“, ნათქვამია მაკა ასათიანის წერილში, რომელიც ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააცნო დღეს საზოგადოებას:

”ეროსი კიწმარიშვილი და ხელისუფლება მიიღებდა თავისას: ეროსი აიცდენდა ფინანსურ და მოპარული ფულის უკან დაბუნების ვალდებულებას, ასევე მიღებდა ახალ თანხებს, რაზეც გაურიგდა კიდეც ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება ირიბად, შენიღბვით მიაღწევდა ტელეკომპანია „მაესტროს“ პარალიზებას.”

ეროსი კიწმარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ბრალდებას არ იზიარებს და ამბობს, რომ დაპირისპირება „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და მას შორის ახლა სასამართლოსა და პროკურატურის გასარჩევია და ამიტომ ყველა კითხვას პასუხი იქ გაეცემა, თუმცა მაკა ასათიანის საპასუხოდ მაინც დასძენს:

”მაკა ასათიანს არაფერი აქვს ტელეკომპანიაში ჩადებული, გარდა იმისა, რომ მან შეისყიდა წილი. ტელეკომპანიაში ფული ჩადებული აქვს შპს „მედიიის მართვის კომპანიას“. სხვა დანარჩენი მისი პირადი დახარჯული ფული მამუკა ღლონტის თუ სხვა დანარჩენი ადამიანების კომფორტზე - ეს არ არის სტუდია „მაესტროს“ დაფინანსება.”

დღესვე, 5 დეკემბერს, სტუდია „მაესტროს“ წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს თხოვნით, ეროსი კიწმარიშვილს არ მისცენ საშუალება „მაესტროს“ შენობიდან სატელიტის მეშვეობით გადაიცეს „მაესტროს“ სიგნალი. როგორც პაატა სალია, სტუდია „მაესტროს“ წარმომადგენელი და ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას პარტნიორი, ამბობს, ეროსი კიწმარიშვილი აწარმოებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ დახურული სიგნალის ტრანსლირებას, რაც აკრძალულია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ ვიდრე საკითხზე ამომწურავი პასუხი გაიცემა, მანამდე მხოლოდ შემდეგის თქმა შეიძლება:

”კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელებზე და ავტორიზებულ პირებზე და ბატონ ეროსის კომპანია არც ლიცენზიის მფლობელია და არც ავტორიზებული პირი და, შესაბამისად, კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება მის საქმიანობაზე. რაც შეეხება სატელიტით მაუწყებლობას, უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი და მოგვიანებით მექნება პასუხი.”

თავად ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ამჯერად სატელიტურ გადამცემს ტექნიკურად ამოწმებენ და ეს არის ის, რისი ტრანსლირებაც ხდება:

”ამჯერად საუბარი მიდის არა ეთერში გაშვებაზე, არამედ სიგნალის ტექნიკურ გასწორებაზე. ეს ყველაფერი დასრულდება რამდენიმე საათში, შემდეგ ეთერში გავა იმის მიხედვით, რომელი დროებითი არხის ჩართვის საშუალებაც მოგვეცემა. არის არხები, რომელთაც არ მგონია დიდი სალიცენზიო მოთხოვნები ჰქონდეთ.”

აქვე ვთქვათ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა დღესვე სახალხო დამცველს მიმართეს თხოვნით, რეაგირება მოახდინოს მათთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე. სახალხო დამცველის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
და ისევ მაკა ასათიანის წერილს რომ დავუბრუნდეთ: რამდენიმე დღეში „მაესტროს“ ჟურნალისტებს ახალი შენობა ექნებათ, უახლესი აპარატურით აღჭურვილი; მათ ასევე გაეზრდებათ ხელფასები, გაიზრდება „მაესტროს“ საშტატო ერთეულიც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG