Accessibility links

logo-print
5 დეკემბრის „კვირის პალიტრამ“ დიდი ადგილი დაუთმო ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს. „ორომტრიალი ‘მაესტროში’“ - ასეთი საერთო სათაურით გაზეთი მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს დაპირისპირებულ მხარეებთან. „ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად მომტეხონ“, - ამბობს ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილი, რომლის თქმითაც, ტელევიზიის დამფუძნებელ მამუკა ღლონტთან მას შემდეგ დაეძაბა ურთიერთობა, რაც ტელევიზიის შეძენით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. გეგმებზე საუბრისას კიწმარიშვილი ამბობს, რომ სულ მალე მაუწყებლობასაც აღადგენს და მოწინააღმდეგეებსაც სათანადო პასუხს გასცემს: „თავზე არავის დავისვამ, არც ბიძინა ივანიშვილს! რაც ზემოთ ვარ, ორი იმდენი მიწის ქვემოთ ვარ. ღლონტისგან განსხვავებით, მე ქვემოთ გავიზარდე!“

ბიძინა ივანიშვილისათვის „მაესტროს“ მიყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამაკა ღლონტი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. „არ გაიყიდება, „მაესტრო“, არა!“ - ამბობს მამუკა ღლონტი და ტელევიზიაში შექმნილი კრიზისის მიზეზად ასახელებს სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ დაგეგმილ ოპერაციას, რომლის მიზანი ტელევიზიის დახურვა იყო.

ასევე „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავთ ინტერვიუს სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან, რომლის დაკვირვებითაც, ხელისუფლება მიხვდა, რომ ივანიშვილისადმი დაუსაბუთებელი ბრალდებები ბუმერანგივით უკან უბრუნდება და მასვე აზარალებს: „უკვე აღარ შეიძლება იმის დაბეჯითებით თქმა, რომ ივანიშვილის ამომრჩეველი მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. ეს ძალა აჩენს პირველ სერიოზულ იარას მმართველი პარტიის მონოლითური ამომრჩევლის
სხეულზე.“

5 დეკემბერს გამოსული „მთელი კვირის“ - „რეზონანსის“ ყოველკვირეული დამატების - ყურადღება კი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისკენაა მიმართული. სტატიაში „კოკოითის ჩიხი და ერთდღიანი სიმშვიდე ცხინვალში“ გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი ახალგორიდან იტყობინება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი 2 ჯგუფი ალა ჯიოევას გამარჯვებასა და ცხინვალში დაწყებულ განხეთქილებას ქართული სპეცსამსახურების დამსახურებად მიიჩნევს.

გაზეთი „რეზონანსი“ ასევე ვრცელ სტატიას უძღვნის საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წარმომადგენლის მეუფე პროკოფის ვიზიტს აფხაზეთში. რედაქცია ეყრდნობა აფხაზური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბერძენ სასულიერო პირს უთქვამს: "მე მამა ბესარიონ აპლიამ დამპატიჟა იმისათვის, რათა აფხაზეთის სასულიერო პირები გავიცნო. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, ძალიან საინტრესოა აქ ჩამოსვლა, ვინაიდან აქ მრავალი სიწმინდეა დაცული. ეს ის ადგილია, სადაც გადაასახლეს იოანე ოქროპირი". ვიზიტის კომენტირებისას ისტორიკოსმა გია ანჩაბაძემ „მთელ კვირას“ განუცხადა, რომ საბერძნეთის ეკლესიაც არაა ერთიანი და, შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ერთ-ერთმა აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ჯიხურების აუქციონს თბილისის მერიის პოლიტაფერას უწოდებს გაზეთი „ვერსია“, რომელსაც თბილისის საკრებულოს წევრმა თინათინ ხიდაშელმა აუქციონის მანკიერ სტრუქტურაზე უამბო. საკრებულოს წევრის თქმით, აუქციონი თანაბარ პირობებში არ ჩატარებულა: „როდესაც პირობები ვიღაცისთვის წინასწარ განსაზღვრულია, ჯანსაღ კონკურენციაზე საუბარიც კი ზედმეტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ვაით დისტრიბუშენს“, კანონის სრული დარღვევით, 250 ჯიხურზე აქვს ნებართვა მიღებული“. „ვერსია“ თბილისის მერს მიმართავს თხოვნით, ერთი დღით „კრიკუნის“, ანუ გაზეთის გამყიდველის, პროფესიაც შეითავსოს.
XS
SM
MD
LG