Accessibility links

logo-print
ცხინვალში ვითარება დაძაბული რჩება. ოპოზიციის და კრემლის წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ალა ჯიოევამ დღეს ცხინვალში გამართულ მიტინგზე ედუარდ კოკოითის კიდევ ერთი ულტიმატუმი წაუყენა. იგი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ორ დღეს აძლევს იმისთვის, რომ თანამდებობა დატოვოს და რეგიონიდან გაემგზავროს. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ცხინვალის ცენტრში ჯიოევას მომხრეები საპროტესტო აქციას აგრძელებენ და თითქმის ყოველდღე კოკოითის ხელისუფლებას ახალ-ახალ ულტიმატუმებს უყენებენ. ორი დღის წინ ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი ბარანკევიჩმა კოკოითის ხელისუფლებას 4 პირობის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა.

ალა ჯიოევას მომხრეები თავიანთი ლიდერის ინაუგურაციაზე ალაპარაკდნენ და თარიღიც უკვე დანიშნეს. 10 დეკემბერს ისინი ჯიოევას ოფიციალურ გაპრეზიდენტებას აპირებენ.

ედუარდ კოკოითიმ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს "ნარინჯისფერი რევოლუცია" უწოდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება:

"ის, რაც დღეს ხდება, "ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთი ფორმაა და ეს არ გაუვათ. იქნება ისე, როგორც პროკურორი და სამხრეთ ოსეთის ხალხი გადაწყვეტს", - განაცხადა კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ ეჭიდება, მაგრამ სურს ხელისუფლება კონსტიტუციის შესაბამისად გადასცეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს კვლავ გამოეხმაურაა დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გაიმეორა ოფიციალური თბილისის პოზიცია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. ნინო კალანდაძემ ოკუპირებულ რეგიონში მოვლენათა განვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ოსური ოპოზიცია კი სამართლიანობის აღდგენის საქმეში კრემლის იმედს და ნდობას სულ უფრო კარგავს და დახმარებისთვის უკვე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. ალა ჯიოევას მომხრეები მსოფლიო თანამეგობრობას დე ფაქტო რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
ჯიოევას მომხრეებმა ამ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე მიმართვა გაავრცელეს.

"ვითვალისწინებთ რა, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა მთელ კავკასიაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ მიმდინარე მოვლენებში ვითარების სტაბილიზების და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით", - ნათქვამია მიმართვაში რომლის ადრესატები გაერო, ევროპარლამენტი, რიგი ქვეყნები, მათ შორის ის სახელმწიფოები არიან, რომლებმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან რეაქციის დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა კიდევ ერთი ტრაგედია მოხდეს.
XS
SM
MD
LG