Accessibility links

27 ნოემბერი, კვირა
დილიდან თოვს. მგონია, რომ დათოვლილი ქალაქის ცხოვრების რიტმი ნელდება. თოვლიან ქუჩებზე რატომღაც ყოველთვის ბლოკადური ლენინგრადის კადრები მახსენდება.

დღიურის წერა უნდა დავიწყო. ამიტომ რადიო „თავისუფლების“ საიტზე სხვა დღიურებს გადავხედე. გამაოცა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დღიურებმა, რადგან პოლიტიკოსები და სასულიერო პირები დიდი ხანია, აღარ მაოცებენ...

დღეს დავამთავრე კლაუს მანის ავტობიოგრაფია. ბოლო რამდენიმე თვეა, მისი პიროვნების და ტექსტების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. 1947 წელს თავის ძმას წერდა: „ისინი ჩვენ ყველას დაგვხოცავენ, ყველა ინტელექტუალს“. მის შესახებ ინტერნეტში ვეძებ მასალებს და იშტვან საბოს ფილმს „მეფისტო“. გადავწყვიტე, კლაუს მანზე დავწერო.

მირეკავს მეგობარი მღვდელი (მის სახელს ვერ დავწერ, რადგან ჩემთან მეგობრობის გამო პრობლემები შეექმნება), „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდებას მილოცავს და მეკითხება: „Как жизнь, მამაო?“ – „Тамбовский волк твой მამაო“ - ვპასუხობ.

გვერდითა ოთახიდან თიკას, ჩემი მეუღლის, ხმა ისმის. ილიაუნისათვის ლექციების ვიდეოჩანაწერებს აკეთებს. XIX საუკუნეში გერმანულ მხატვრობაში ყოფილა ნაზარეველების მიმდინარეობა. არ ვიცოდი.


28 ნოემბერი, ორშაბათი
ვამოწმებ ელექტრონულ ფოსტას. ჩემი ოჯახის ამოწყვეტის მუქარის რამდენიმე წერილს ვიღებ. რაც მოსკოვიდან დაბრუნებული პატრიარქისათვის აეროპორტში საპროტესტო მანიფესტაციის დახვედრის იდეა გამოვთქვი, მას შემდეგ მართლმადიდებელი პატრიოტები განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენენ ჩემს მიმართ. რაოდენ სასიხარულოა, რომ ქართველი ერის სარწმუნოებრივი და პატრიოტული თვითშეგნება ისევ მაღალ დონეზე რჩება.

აგრეთვე, მივიღე მეგობარი ანგლიკანი მღვდლის წერილი. ჩემს ცხოვრებაში ვინც კი სასულიერო პირი შემხვედრია, ანგლიკანი მღვდლები ყველაზე ნორმალური და მხიარული ხალხია. მაგალითად, ამ ჩემს მეგობარს ჰყავს კატა, რომელსაც სახელად ჰქვია კატეხიზმო.

იუმორის გრძნობა რომ არა მაქვს, სხვების მშურს. მახსოვს, ერთხელ, ერთი ქალი პატრიარქს უყვებოდა: ჩემს მშობლებს ტყეში დავეკარგე და ძლივს მიპოვნესო. პატრიარქმა უპასუხა: რომ ვერ ეპოვნეთ, დღეს ხომ დედალი მაუგლი იქნებოდითო.

29 ნოემბერი, სამშაბათი
ვთარგმნი მამა ალექსანდრე შმემანის დღიურებს. თითქმის ნახევრამდე ვარ მისული. მართლმადიდებელ თეოლოგებს შორის შმემანი ყველაზე მეტად მომწონს. ამიტომაც განსაკუთრებით ტრაგიკულად მეჩვენება მისი კონფორმიზმი და ეს მთრგუნავს. საერთოდ არ უნდა დამეწყო მისი დღიურების თარგმნა და აღარც გავაგრძელებ, მგონი...

ვმუშაობ მემარცხენე ქრისტიანობის თემაზე. ამ კვირაში მღვდელი-მუშების მოძრაობაზე ვწერ ტექსტს. ისინი იყვნენ კათოლიკე მღვდლები, რომლებმაც მუშებად დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა ქარხნებში და სრულად გაიზიარეს მუშების ცხოვრება. სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ საპროტესტო მანიფესტაციებშიც მონაწილეობდნენ მუშებთან ერთად. ბუნებრივია, მღვდელი-მუშების მოძრაობის დასასრული ტრაგიკული იყო. ვატიკანმა ეს მოძრაობა 1954 წელს აკრძალა, როგორც მარქსისტების გავლენის ქვეშ მყოფი. ზოგიერთი დაემორჩილა აკრძალვას, ზოგიერთმა კი მღვდლობა დატოვა და მუშების გვერდით დარჩა.

30 ნოემბერი, ოთხშაბათი
სამარშრუტო ტაქსში მამულიშვილი ქალბატონები მლანძღავენ. ამ კვირაში ეს მხოლოდ პირველია. ნუთუ სულიერობის მუხტი იკარგება? ერის რისხვას რომ გავერიდო, მანქანას ვაჩერებინებ და ჩავდივარ. მძღოლი ფულს არ მართმევს. გამოდის, რომ გარკვეული კუთხით მეც ვპარაზიტირებ რელიგიაზე.

რადიო „უცნობში“ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ვმონაწილეობ. დებატების თემაა პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი, მაგრამ ეს საკითხი გარშემო უკვე აღარავის აინტერესებს, რადგან ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროს“ ღობეზე გადაძვრა და „პერიმეტრი დაიკავა“. ოპონენტად ისევ პოლიტიკოსი დამისვეს, იმიტომ რომ მღვდლები ჩემთან დებატებში არ სხდებიან. ვცდილობ, ნერვები არ მომეშალოს, მაგრამ გადაცემის შუაში მაინც მეშლება, გული ყელში მებჯინება. ნუთუ რადიო „უცნობის“ სტუდიაში შეწყდება ხელმოკლე აზნაურის გაძაღლებული ცხოვრება?

1 დეკემბერი, ხუთშაბათი
ვმუშაობ ქრისტიანობის და ნაციზმის ურთიერთობის თემაზე. ეს ურთიერთობები არაერთგვაროვანი და, ჩემი აზრით, ჩვენთვის აქტუალურია. 1932 წელს ბავარიაში ნაცისტებმა პატიოსნად მოიგეს არჩევნები სლოგანით: „ჩვენი რწმენა არის ქრისტე, ჩვენი პოლიტიკა არის გერმანია“. საოცრად საშინელია ვერმახტის კათოლიკე მთავარი სამხედრო კაპელანის, ეპისკოპოს იოზეფ რორკოვსკის ქადაგებები, ხოლო მეორე მხარეს - კარდინალი ფონ გალენი და მარტინ ნიმიოლერი. თავდაპირველად ვაპირებდი, ამავე ტექსტში საფრანგეთზეც დამეწერა, მაგრამ ვიშის რეჟიმის და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობა სრულიად განსხვავებული მოვლენაა, თუმცა ჩვენთვის არანაკლებ აქტუალური. ასე რომ, ცალკე ტექსტის დაწერა მომიწევს.

2 დეკემბერი, პარასკევი
ჩემი განრიგის მიხედვით დღეს საფრანგეთის რევოლუციის რელიგიურ ასპექტებზე უნდა მემუშავა, მაგრამ როგორც იქნა, ვიშოვე ფრანგულად (ინგლისურად კითხვა მიჭირს) ბოსუელის „ქრისტიანობა, სოციალური ტოლერანტობა და ჰომოსექსუალობა“. ახლა ამ თემაზე, ფაქტობრივად, ყველა მასალა მაქვს და მუშაობის დაწყებაც შეიძლება. ქრისტიანობისა და ჰომოსექსუალობის თემა საქართველოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, საფრანგეთის რევოლუცია მოიცდის.

ვკითხულობ იმრე კერტესის „ერთი მეტამორფოზის ქრონიკას“. კერტესი ორივე ტოტალიტარიზმის - ნაცისტურის და საბჭოურის - მსხვერპლი იყო. აგრეთვე, ყველაფერთან ერთად, ებრაელიც იყო და ამიტომ არც თანამემამულე უნგრელმა მამულიშვილებმა დააკლეს. კერტესზე ფედორ სტეპუნი გამახსენდა (მაინც საბჭოთა ადამიანი ვარ). ალალბედზე ვეძებ ინტერნეტში მის მოგონებებს და, ჩემდა გასაოცრად, სრულ ტექსტს ვპოულობ, ბონუსად კი - გეორგ ლუკაჩის ლუბიანკაზე დაკითხვის მასალებს. მიხარია, ეს მაინც...

3 დეკემბერი, შაბათი
დღეს მძიმე დღე მაქვს, საეკლესიო მედიის მონიტორინგს ვაკეთებ... ვაკეთებ... ვაკეთებ... როდესაც ის თმები, რომლებიც თავზე ჯერ კიდევ შემომრჩა, ყალყზე მიდგება, ვჩერდები. სულის მოსათქმელად ბერძნულ იუმორისტულ ტელეგადაცემას „რადიო არვილას“ ვუყურებ. ბერძნულ ტელევიზიაში ეს ჩემი ყველაზე საყვარელი გადაცემაა, ჩვენც არ გვაწყენდა ასეთი. ქართული მართლმადიდებლური მედიის შემდეგ ბერძნული იუმორი ცოტას მშველის, ეგენიც ხომ მართლმადიდებლები არიან, მაინც...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG