Accessibility links

რუსეთის ხელისუფლებისათვის გადამწყვეტ ეტაპზე, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა პარტიამ კვლავ მოიპოვა გამარჯვება, თუმცა „ედინაია როსსიამ“ დაკარგა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ხმები და, შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობაც მომავალ საკანონმდებლო ორგანოში. საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნები რუსეთში შეადარეს თამაშს, რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ გარკვეულ პარტიებს ჰქონდათ.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პარტია ”ედინაია როსსია” სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობას (დეპუტატების რაოდენობის ორ მესამედს) კარგავს. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჩუროვმა განაცხადა, რომ, ბიულეტენების 95%-ზე მეტის დათვლის თანახმად, ”ედინაია როსსია” პარლამენტში 450-დან 238 ადგილს იკავებს.

თუმცა, გაუარესებული შედეგის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შეეცადა მმართველი პარტიის შედეგები პოზიტიურად წარმოეჩინა:

„ამ შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სტაბილური განვითარება.“

ეს არის „დემოკრატია მოქმედებაში“, - განაცხადა შედეგების გამოცხადებისას მმართველი პარტიის სიის ლიდერმა, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც, არსებული პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ქვეყნის მომავალ მინისტრთა კაბინეტს უნდა ჩაუდგეს სათავეში. თუმცა მედვედევის პრემიერ-მინისტრობა 4 დეკემბრის არჩევნების შედეგით სულაც არ არის გარანტირებული. „ედინია როსსიამ“ დაკარგა კონსტიტუციური უმრავლესობა და, შესაბამისად, სპიკერის და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის გაყვანაში სხვა

პოლიტიკური ძალების დახმარება დასჭირდება. კონფიგურაცია კი მომავალ პარლამენტში ასეთი იქნება: რუსეთის კომუნისტურ პარტია 92 ადგილს მიიღებს, ”სპრავედლივაია როსსია” - 64-ს, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას, სავარაუდოდ, 56 მანდატი ერგება.

სენსაციურად შეიძლება ჩაითვალოს „სპრავედლივაია როსსიას“ შედეგი, რომლითაც მმართველ პარტიასთან დაახლოებული ორგანიზაცია მესამე ადგილზეა. პარტიის ლიდერი და ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სერგეი მირონოვი ვერ მალავდა აღტაცებას საკუთარი პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგით:

„ჩვენ მყარად დავიკავეთ მესამე ადგილი. ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ ჩვენი შედეგი 2007 წლის არჩევნებთან შედარებით. პარტიამ „სპრავედლივაია როსსია“ დაადასტურა საკუთარი საპარლამენტო სტატუსი და, როგორც ვვარაუდობდით, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი ყოფნა მე-6 მოწვევის სახელმწიფო დუმაში.“

რუსეთის 4 დეკემბრის არჩევნებში მონაწილე კიდევ სამმა პარტიამ ვერ გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი. ეს პარტიებია: ”იაბლოკო”, ”პატრიოტი როსსიი” და ”პრავოე დელო”. რამდენიმე პარტიას კი არჩევნებამდე ეთქვა უარი რეგისტრაციაზე. არჩევნებს ახლდა დარღვევები საარჩევნო უბნებზე. მოსკოვის „ტრიუმფალურ მოედანზე“ გამოსული დემონსტრანტები არჩევნების გაყალბებას და მოპარულ ხმებს აპროტესტებდნენ. ადრე სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლები, რომელზეც აშკარად ჩანს დარღვევები. “იუტუბიში“ ხელმისაწვდომია არხი, რომელზეც 66 მსგავსი ვიდეოჩანაწერი არსებობს.

საარჩევნო პროცესში დარღვევებზე ლაპარაკობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ჰაიდი ტალიავინიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ეუთოს სადამკვირებლო ოფისის ხელმძღვანელმა, ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პროცესის არასამართლიანობაზე და განაცხადა, რომ საარჩევნო გარემო რუსეთში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეზეა მორგებული.

„ჩვენი მისია შეშფოთებულია იმით, რომ არ არსებობდა გამიჯვნა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს ზღუდავს პოლიტიკურ პაექრობას, რის გამოც რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ მიიღო. ეს აისახება საარჩევნო გარემოზე, რასაც აკლდა სამართლიანობა და მხოლოდ მმართველი პარტიის წარმოჩენას ემსახურებოდა.“

4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში 60%-ზე ცოტა მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მეექვსე მოწვევის რუსეთის სათათბირო კი საკანონმდებლო მუშაობას ქვეყანაში ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG