Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი გორში


ზვიად ზვიადაძე ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯანდაცვის და სოციალურ სამსახურში დასაქმდა. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, ეტლით გადაადგილდება, მაგრამ სამსახურში მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ადმინისტრაციულ შენობას სპეციალური პანდუსი გაუკეთდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში ჯერ ახალგაზრდების გადამზადება მოხდა, - მათ კომპიუტერული პროგრამები შეისწავლეს, - მოგვიანებით კი ოთხი პირი საჯარო სამსახურში დაასაქმეს. ზვიადს ცენტრთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია და იქ არსებულ ტიხრული მინანქრის მცირე საამქროში ხელობას ახლა სხვა უნარშეზღუდულებს ასწავლის.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გორის ცენტრი ამჟამად 42 ბავშვს ემსახურება. ცენტრში სულ 675 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 177 ბავშვია, მაგრამ ყველას მომსახურება მწირი ფინანსების გამო ვერ ხერხდება. ცენტრში მყოფ ბავშვებსაც ნაწილობრივ ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი გამგეობა აფინანსებენ. ამ ცენტრში გორის რაიონის 14 სოფლიდან სპეციალური მიკროავტობუსით ჩამოჰყავთ ბავშვები, ზოგიერთი მათგანი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობს. ცენტრის თანამშრომლის თამარ ტაველიძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქ, ვისაც სჭირდება და სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვას და ხატვას ასწავლიან, ნაწილი კი ხელობას ეუფლება, მაგრამ, მისი აზრით, მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ადამიანები გარეთ გამოდიან და საზოგადოებასთან ურთიერთობენ.

ცენტრში მუშაობენ მასაჟისტები, ფსიქოლოგები და პედაგოგები, რომლებიც ცდილობენ ამ ადამიანებს ყოველდღიური პრობლემები შეუმსუბუქონ. გარდა შიდა საქმიანობისა, ცენტრი აქტიურად ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები დაიცვას. წელს მათ შენობების მონიტორინგი განახორციელეს და აღმოჩნდა, რომ გორში 70 შენობიდან მხოლოდ 4-ია ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ცენტრის ხელმძღვანელი თინა ბრეგვაძე აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები ამ მიმართულებით ბევრად წინ არიან, რადგან იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ საზოგადოების სრულფასოვან წარმომადგენლებად იგრძნონ თავი. მისი აზრით, საქართველოშიც ყველა ახალი შენობის დაპროექტებისას მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული ამ ადამიანების უფლებები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ხელისუფლებას უკვე გაუგზავნეს მიმართვა, რომ 2012 წელი მათ წლად გამოცხადდეს. ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ ყურადღება უფრო ხანგრძლივი იქნება და გარემოს ადაპტაციისთვის მეტი გაკეთდება.
XS
SM
MD
LG