Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გრძელდება დაძაბულობა


დღეს, გამთენიისას, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის, თეიმურაზ ხუგაევის საცხოვრებელ ბინას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.

ხუგაევის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, თუმცა მის და მეზობლების ბინებში მინებია ჩამსხვრეული.

ხუგაევის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, ისროლეს მეზობელი სახლიდან. ხუგაევმა ინტერვიუ რუსულ სატელევიზიო არხებს მისცა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მომხდარ ფაქტს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. მან აღნიშნა, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ოპოზიციასთან მიმდინარე დიალოგი სამართლებრივი ველიდან გამოვიდეს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

კოკოითის განცხადებით, ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. მისი თქმით, უკვე დაზუსტებულია, რომ "ნარინჯისფერ რევოლუციას" სამხრეთ ოსეთში ქართული სპეცსამსახურები აფინანსებენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც რესპუბლიკაში უკანონო სტრუქტურებს ქმნის და მოსახლეობას სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, პასუხს აგებს.

სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მომხდარ ინციდენტს დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, ეს პროვოკაცია მათი დისკრედიტაციისთვის კოკოითის ხელისუფლებამ თვითონვე მოაწყო. ხუგაევის ბინის დაცხრილვიდან ცოტა ხანში დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ცხინვალში ჯიოევას ორი მომხრე დაიჭირა, რომლებსაც ბრალი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ედებათ.

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯიოევა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით გამოდის. აღნიშნული განცხადება მან უმაღლესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ჯიოევას საკასაციო სარჩელი განიხილა და არჩევნების შედეგების გაუქმება ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიოევამ უმაღლეს სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და საკასაციო სარჩელის უკან გაწვევა სურდა, სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა ის მაინც განიხილა. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენს რადიოსთან კატეგორიულად უარყვეს ალა ჯიოევას შტაბში. შტაბის ხელმძღვანელმა მიხეილ ხანიკაევმა აღნიშნა, რომ ჯიოევას და მის მომხრეებს მსგავსი განწყობები არა აქვთ.

ჯიოევას შტაბის კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, მოსკოვიდან ცხინვალში ჩავა მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც არ სახელდება. დასტურდება ინფორმაცია, რომ კრემლი ჯიოევას, კოკოითის გადადგომის სანაცვლოდ, არჩევნების გაუქმების გადაწყვეტილებაზე დათანხმებას და გაზაფხულის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას შესთავაზებს. ჯიოევა არც ამ პირობაზე დათანხმებას აპირებს და არც კრემლის მაღალჩინოსანთან კონსულტაციას გეგმავს, შეხვედრაში მხოლოდ მისი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ცხინვალში კი საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციური გამოცემების ცნობით, ცენტრალურ მოედანზე ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯიოევას გამარჯვების აღიარების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.

რუსეთ-ცხინვალის ეგრეთ წოდებული საზღვარი დღეს ჩაიკეტა. რუსული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მიიღეს .
XS
SM
MD
LG