Accessibility links

არჩევნები რომ შედგა, ამაზე ყველა შეთანხმდა, შედეგების ლეგიტიმურობის საკითხი კი კრიტიკულად განწყობილ რუსულ მედიაში კვლავ გაურკვეველია. “ნოვაია გაზეტას” მიმომხილველი, მწერალი და პოეტი ალექსეი ბიკოვი ამბობს, "არაა საჭირო არჩევნების უკანონოდ გამოცხადება, მარტში ჩვენ კიდევ ერთი შესაძლებლობა გვექნებაო". სტატიის გამოქვეყნებამდე ბიკოვი სიტყვით გამოვიდა ოპოზიციურ მიტინგზე, რომელიც მოსკოვში ჩატარდა წვიმიან ამინდში და რომელსაც, “ნოვაიას” მიხედვით, ათი ათასამდე ადამიანი დაესწრო. მოგვიანებით მიტინგის ერთ-ერთი ლიდერი, ბლოგერი ალექსეი ნავალნი სხვა აქტივისტებთან ერთად დააპატიმრეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მაშინ, როცა ის, ჯაჭვში ჩაბმული, ჯგუფს სამი მუშკეტერიდან ციტატას უყვიროდა: "ერთი ყველასთვის", ჯგუფი კი ერთხმად იმეორებდა: "ყველა ერთისთვისო."…

ინტერნეტში დიდი რაოდენობით ვიდეომასალა ვრცელდება, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ფორმით. Youtube-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ‘დარღვევები არჩევნები 2011’. თუმცა ვიდეომასალათა ძირითადი ნაწილი გარკვეული აზრის მომცველია. მაგალითად, ჟურნალისტები აედევნენ ავტობუსს, რომელშიც, მათი თქმით, მმართველი პარტიის ხმის მიმცემნი ისხდნენ და სხვადასხვა უბნებზე რამდენჯერმე აძლევდნენ ხმას. მათ შეძლეს ავტობუსის მგზავრებთან, ასე ვთქვათ, გასაუბრებაც, თუმცა მგზავრნი რაიმე კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან... არ ჩანს არც ბიულეტენები და ასე შემდეგ... მიუხედავად იმისა, რომ სხვა ვიდეოებში ბიულეტენებიც ჩანს... უხეშ მექანიკურ დარღვევებზე პრესაში მთავარი აქცენტი მაინც არ ისმება. მიმომხილველთა თქმით, მიუხედავად სახელმწიფო რესურსის გამოყენებისა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ამომრჩეველთა მობილიზება, იყო კარუსელები, არმოსულთა ხმებით მანიპულირება, მთავარი პრობლემა ეს მაინც არ იყო არჩევნებშიო, ხაზგასმით აცხადებენ მიმომხილველები. გაზეთები ციტირებენ მედვედევს, რომელიც ამბობს, სიმართლე გითხრათ, მივიღეთ ხმების ის რაოდენობა, რაც გვეკუთვნოდაო, და სწორედ ამ კვალზე ჩნდებიან ბლოგერები, რომლებიც წერენ მოქალაქეთა ინდიფერენტულობაზე და ამ ინდიფერენტულობის გავლენის შესახებ საარჩევნო პროცესზე. მაგალითად, იმავე “ნოვაიაში” Dდმიტრი ორეშკინი კალკულაციას აკეთებს და მკითხველებს მიმართავს: თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არა აქვს, რომ მოსულიყავით არჩევნებზე, მმართველი პარტიის მდგომარეობა მინიმუმ ხუთი პროცენტით შეიცვლებოდაო.

მიუხედავად იმისა, რომ პრესა საზოგადოების ინდიფერენტულ დამოკიდებულებაზე აქცენტირებს, აქტიურობა და პროტესტი მაინც იყო. როკკონცერტს ჰგავდაო, წერენ გაზეთები, მოსკოვში აქცია, სადაც ზევით ნახსენები ბიკოვი და ნავალნი წარდგნენ ხალხის წინაშე და სადაც ნავალნიმ განაცხადა, "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვარსებობთო". სხვათა შორის, ვიდეოფონზე ისმის ყრუდ ხმები: “ნავალნი პრეზიდენტად!...”

ნავალნი პატიმრობაშია, შედეგების მიხედვით კი, მმართველი პარტია ლიდერობს. შემდეგი არჩევნები მარტშია. იქ უკვე საზოგადოებამ კენჭი პრეზიდენტს უნდა უყაროს. მიმომხილველთა უმრავლესობა თანხმდება, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გაივარჯიშა მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის, რომელიც სწორედ მარტში უნდა შედგეს.
XS
SM
MD
LG