Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევას მომხრეები რეპრესიების შესახებ იუწყებიან


ცხინვალი
ცხინვალი
ალა ჯიოევას შტაბში მათი მომხრეების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყების შესახებ იუწყებიან. გუშინ, თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ბინის დაცხრილვის შემდეგ, ჯიოევას სამი მომხრე დაიჭირეს, რომლებსაც ბრალი იარაღის შენახვა-ტარებაში ედებათ. გარდა ამისა, ოპოზიციური ინტერნეტგამოცემა „უასამონგა“ იუწყება, რომ ოპოზიციის მომხრეებს ვლადიკავკაზშიც დევნიან.
არ გამოვრიცხავ, რომ დააკავებენ ზოგიერთ პირს, რომელთა მიმართ წამების მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ვერ გაუძლებენ და იტყვიან, რომ ალა ჯიოევას მხარდამჭერების მითითებებით მოქმედებდნენ...

ალა ჯიოევას შტაბის მონაცემებით, ამ დღეებში ცხინვალსა და ვლადიკავკაზში 10-მდე მათი მომხრეა დაკავებული. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ახსარ კოჩიევი, არ გამორიცხავს, რომ რომელიმე მათ მხარდამჭერს წამების შედეგად აღიარებინონ, რომ გენერალურ პროკურორზე თავდასხმისა და შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების დავალება ალა ჯიოევასგან მიიღო. კოჩიევის აზრით, ახლა კოკოითის ყველაზე მეტად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აძლევს ხელს, რათა ამ გზით ხელისუფლება გაიგრძელოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ დააკავებენ ზოგიერთ პირს, რომელთა მიმართ წამების მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ვერ გაუძლებენ და იტყვიან, რომ ალა ჯიოევას მხარდამჭერების მითითებებით მოქმედებდნენ. ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება“, – აღნიშნა კოჩიევმა.

დღეს ალა ჯიოევას მომხრეებმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უზურპატორად გამოაცხადეს. დღესვე კოკოითის, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის, უფლებამოსილების კონსტიტუციური ვადა ოფიციალურად ამოიწურა. იგი ახლად არჩეულ პრეზიდენტს უნდა შეეცვალა, მაგრამ ალა ჯიოევას გამარჯვება თვითაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, ალა ჯიოევა მომხრეებთან ერთად საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობს. მისი მომხრეები, კოკოითის გადადგომისა და მათი ლიდერის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით, ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

ვითარება დე ფაქტო რესპუბლიკაში დაძაბული რჩება. ჯიოევას გამარჯვების აღიარებას სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს. კოკოითის საწინააღმდეგო განცხადებები უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტშიც კეთდება. დე ფაქტო ლიდერს არჩევნების შედეგების აღიარება ჯერ პარლამენტის ერთმა ვიცე-სპიკერმა, იური ძიცოითიმ, მოსთხოვა, გუშინ კი მეორე ვიცე-სპიკერმა, მირა ცხოვრებოვამ, მას თანამდებობის დატოვება ურჩია. ჩვენს რადიოსთან საუბარში ცხოვრებოვამ აღნიშნა, რომ ვითარება დაძაბული რჩება, კოკოითის გადადგომამ კი შესაძლოა ვითარება განმუხტოს.
ძალიან გვეშინია, არ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის დაწესება. სწორედ ეს არის ის, რისიც ისევე გვეშინია, როგორც რეპრესიების...

„სიტუაცია ასეთია: ან ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რაც გვაქვს და საბოლოოდ არარაობად ვიქცეთ, ან ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ვცადოთ. ძალიან გვეშინია, არ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის დაწესება. სწორედ ეს არის ის, რისიც ისევე გვეშინია, როგორც რეპრესიების“, – ამბობს მირა ცხოვრებოვა.

ახლა ოპოზიციის მომხრეებს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მეტად შეიარაღებული პროვოკაციისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ეშინიათ. წუხელ მომიტინგეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძალოვანები აქციის დარბევას აპირებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, სახლში არავინ წასულა. ალა ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაცია 10 დეკემბერს დანიშნა. მისი მომხრეების აზრით კი, კოკოითი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და მომიტინგეების დარბევით ამ ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება.
XS
SM
MD
LG