Accessibility links

logo-print

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება - სასჯელის მოხდის ალტერნატიული ადგილი


ხათუნა კალმახელიძე პარლამენტში

ხათუნა კალმახელიძე პარლამენტში

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს, 7 დეკემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ინიციატივით წარდგა. ინიციატივა შეეხება ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება შეიქმნება. ინიციატივის დამტკიცების შემდეგ შესაძლებელი გახდება სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლის - „თავისუფლების შეზღუდვის“ - გამოყენება. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნებათ. საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივას პოზიტიურად აფასებს, თუმცა აცხადებენ, რომ სამართლებრივი საკითხები დასახვეწია.
იქ იარსებებს საწარმოები. ეს არ იქნება საკნის ტიპის დაწესებულება... ეს ადამიანები არ იქნებიან იზოლირებული საზოგადოებისგან...

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განმარტებით, ახალი ტიპის დაწესებულება, არა პირის დასჯას, არამედ მის რეაბილიტაციას მოემსახურება. შენობა, რომლის ვირტუალური ფოტოები და სლაიდშოუც წარმოადგინა ხათუნა კალმახელიძემ, გლდანში აშენდება, ის თავდაპირველად 100 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას არ ექნება გისოსები, იქ პატიმრები თავისუფლად გადაადგილდებიან:

”იქ იარსებებს საწარმოები. ეს არ იქნება საკნის ტიპის დაწესებულება. იმ ადამიანებს, რომლებიც მოთავსდებიან ამ დაწესებულებაში, ექნებათ საშუალება, რომ თავისუფლად ჰქონდეთ ურთიერთობა ოჯახებთან შაბათ-კვირას, შესაძლებლობა ექნებათ დატოვონ დაწესებულება და, შესაბამისად, ეს ადამიანები არ იქნებიან იზოლირებული საზოგადოებისგან”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ.

ვინ მოიხდის სასჯელს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში?

”თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოხვდებიან ის პირები, რომელთაც სასამართლო მიუსჯის თავისუფლების შეზღუდვას, როგორც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივას, ან პირები, რომელთაც ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები, რომლებიც ახლა მოქმედებენ, პატიმრობის კოდექსში შეტანილი ლიბერალური ცვლილებების შედეგად, თავისუფლების აღკვეთას შეუცვლიან თავისუფლების შეზღუდვით. შესაბამისად, ეს პირები ვალდებულნი იქნებიან ჩაერთონ სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში; ასევე, მათი თანხმობის შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან სხვადასხვა სამუშაო შესაძლებლობებში”, - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ინიციატივის წარდგენისას პარლამენტში.
თუ იქნება პოლიტიკური ნება და დაიწყება ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი...

ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია საკმაოდ კეთილგანწყობილი შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ამ ახალ ინიციატივაზე საუბრის გარდა, ხათუნა კალმახელიძისგან იმ საკითხებზე პასუხის მოსმენაც სურდა, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში წამების ფაქტებს შეეხება და რომელთა შესახებაც სახალხო დამცველმა თავის წლიურ ანგარიშში ილაპარაკა. და, მართალია, პასუხი ვერ მიიღო, მინისტრის ახალი ინიციატივა მან, მთლიანობაში, დადებითად შეაფასა, თუმცა დარჩა დასაზუსტებელი საკითხები.

”თუ იქნება პოლიტიკური ნება და დაიწყება ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის უნდა გავრცელდეს როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც მინისტრის პასუხები იყო ბუნდოვანი და, იმედია, მეორე მოსმენაზე ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე ”, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში ჯერჯერობით არ ჩანს კონკრეტული პირობები, რომელშიც მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა მოუწევთ, რადგან შენობის ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალური სახე არსებობს. ასევე გაურკვეველია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის საკითხი:

”პროექტის მიხედვით, არ არის ნათელი, არის თუ არა შესაძლებელი სასამართლოს მიერ მიღებული იმ კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვა ჩანაცვლებული არის თავისუფლების აღკვეთით, ანუ როდესაც მძიმდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. ვინაიდან გასაჩივრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პრობლემა არის და პრაქტიკაშიც შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც აღარ იქნება შესაძლებელი სასამართლოს მიერ მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილების გადახედვა”, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” დირექტორი, ადვოკატი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით საშუალება გაჩნდება ადვოკატებმა სასამართლოში იდავონ სასჯელის მოხდის დაწესებულების შესახებ, რისი საშუალებაც აქამდე არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის მოხდის სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავდა. ეს გახლავთ თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების შეზღუდვა და ჯარიმა. გამოიყენებოდა მხოლოდ ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება არ არსებობდა:
მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე


”აი, მაგალითად, ძალადობა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე, ანუ 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს თუ ჩაიდენს ადამიანი, მოსამართლეს აქვს 2 ალტერნატივა: ან შეუზღუდოს თავისუფლება 2 წლამდე და მოათავსოს შეზღუდვის დაწესებულებაში, ან პირდაპირ ციხეში 3 წლამდე. რადგანაც არ არის შეზღუდვის ადგილები, ამიტომ ამას არ იყენებენ და პირდაპირ ემუქრება 3 წლით ციხეში ყოფნა. ახლა, თუ გაჩნდება ასეთი დაწესებულება, მოსამართლე ადგება და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.”

მანანა კობახიძის განცხადებით, ამ ინიციატივის ამოქმედებით თავისუფლების აღკვეთის ადგილების განტვირთვაც არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც ის ამბობს, პირველ ეტაპზე მასშტაბურ განტვირთვაზე საუბარი ნაადრევია, რადგან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება სულ 100 მსჯავრდებულზე იქნება გათვალისწინებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG