Accessibility links

logo-print

დეპუტატების რაოდენობის შესახებ შიდა კონსულტაციის გამართვას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა


საქართველოს პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდისადმი საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საპარლამენტო უმრავლესობა შიდა კონსულტაციის გამართვას გეგმავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს გაემიჯნება, მის ცალმხრივად დამტკიცებას ხელისუფლება არ აპირებს. გაბაშვილის თქმით, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას ოპოზიცია ითხოვდა და ფიქრობდა, რომ ეს მისთვის პარლამენტში მეტი პოლიტიკური ძალით წარმოდგენის შანსი იყო, რასაც ხელისუფლება კომპრომისის სახით დათანხმდა. ”თუ ახლა ამ კომპრომისის მომთხოვნი ოპოზიცია გადაწყვეტილებას გაემიჯნება, გაუგებარია, ხელისუფლება ვისთან უნდა წავიდეს კომპრომისზე”, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
XS
SM
MD
LG