Accessibility links

სოციალური ქსელები დემონსტრანტების სამსახურში


სანქტ-პეტერბურგი: რუსეთის შსს-ს ჯარისკაცები აპატიმრებენ დემონსტრანტებს აქციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო სოციალური ქსელების მეშვეობით.

სანქტ-პეტერბურგი: რუსეთის შსს-ს ჯარისკაცები აპატიმრებენ დემონსტრანტებს აქციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო სოციალური ქსელების მეშვეობით.

რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს მორიგი საპროტესტო აქციებისათვის მზადება, გასული დღეების დემონსტრაციებზე ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების მიუხედავად. აქციების ორგანიზებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სოციალურ ქსელებს - ხალხი ინტერნეტის მეშვეობით აწვდის ერთმანეთს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და როდის იმართება მორიგი საპროტესტო გამოსვლა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მეშვეობით, 18 ათასამდე ადამიანს აქვს გამოთქმული მზადყოფნა, რომ მონაწილეობას მიიღებს მთელს რუსეთში 10 დეკემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებში. მათ დაემატება ფეისბუკის რუსული ეკვივალენტის, „ვკონტაქტეს“ შვიდი ათასამდე მომხმარებელი და, სავარაუდოდ, ინტერნეტის გაცილებით მეტი მომხმარებელი, რადგან სწრაფად იზრდება ხალხის რიცხვი, ვინც სოციალურ ქსელებში გამოთქვამს მხარდაჭერას დემონსტრაციების მიმართ.

საქმე ეხება რუსეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისა და მისი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წინააღმდეგ. დემონსტრანტები და მათი მხარდაჭერები ირწმუნებიან, რომ 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლებმაც ხმების თითქმის ნახევარი მოუტანა პუტინის პარტიას, არ ასახავს რეალობას.

მოსკოველი ჟურნალისტი და ბლოგერი ილია კლიშინი როგორც ამბობს, „არჩევნების აშკარად გაყალბებულმა შედეგებმა“ აპათიიდან გამოიყვანა ინტერნეტის მომხმარებლები: „ მოსკოვის ზოგიერთ ოლქში „ერთიან რუსეთს“ ჰქონდა ხმების 90-მდე პროცენტი. იცით, ეს უკვე აშკარა ფალსიფიკაციაა! ამდენი ნამდვილად ვერანაირად ვერ იქნებოდა. ხალხი ამას განიცდის, ჩემი აზრით, როგორც პირად შეურაცხყოფას... შესაძლოა, ეს იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო“, - ამბობს ჟურნალისტი და ბლოგერი ილია კლიშინი. მან დადო „ფეისბუკზე“ ინფორმაცია შაბათს, 10 დეკემბერს რევოლუციის მოედანზე ოპოზიციის აქციის ჩატარების გეგმაზე.

ბლოგერი ალექსეი ნავალნი

ბლოგერი ალექსეი ნავალნი

რუსეთში ყველაზე ცნობილი ბლოგერი, ალექსეი ნავალნი კი ციხეში რჩება. ის ორშაბათს, 5 დეკემბერს დააპატიმრეს მოსკოვის საპროტესტო აქციაზე, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა. 35 წლის ნავალნიმ იმ დღეს მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი ტელევიზია და თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან საკუთარი აზრის გამოთქმაზე.

ხუთშაბათს ნავალნიმ „სამარცხვინო“ უწოდა სასამართლოს, რომელიც განიხილავდა საჩივარს, შეტანილს ბლოგერისათვის 15-დღიანი პატიმრობის მისჯის გამო. „ამ სასამართლო პროცესზე არ ხდება მოწმეების დაკითხვა, უარს ამბობენ მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერების, აუდიოჩანაწერების, ფოტოებისა და ა.შ. მიღებაზე. ამიტომ ძნელია საერთოდ პროცესზე საუბარი“, - ამბობს ნავალნი, რომლის პოპულარობასაც, ბევრის ვარაუდით, კიდევ უფრო გაზრდის ამჟამინდელი პატიმრობა. თუ ის აქამდე ცნობილი ბლოგერი იყო - სახელგანთქმული, უწინარეს ყოვლისა, კორუფციის მიმართ კრიტიკით - ახლა შესაძლოა, რეალურ პოლიტიკურ ძალად იქცეს. დამოუკიდებელ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ხელმძღვანელის, ალექსეი ვენედიქტოვის აზრით, ნავალნის დაპატიმრება იყო პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც ის „ვირტუალური ლიდერიდან რეალურ ლიდერად“ აქცია.

4 დეკემბრის არჩევნების მიმდინარეობისას ინტერნეტში, რომელსაც რუსეთში 43 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ვრცელდებოდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, მათი ავტორების მტკიცებით, ასახავდა საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ დარღვევებს - საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრას, საარჩევნო კარუსელს... ბლოგერ ალექსანდრ მოროზოვის შეფასებით, ეს ჩანაწერები მნიშვნელოვანი იმპულსი იყო საპროტესტო აქციებზე გასასვლელად. მოროზოვის აზრით, „სოციალური ქსელები, როგორც ეს არჩევნებმა აჩვენა, უზარმაზარ როლს ასრულებს, რადგან სოციალური ქსელები რომ არა, ვერ შევიტყობდით არჩევნებზე ასეთი რაოდენობის დარღვევების შესახებ. სოციალური ქსელების წყალობით, მეთვალყურეებს, რომლებიც არჩევნებზე იყვნენ, პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიისათვის მოეთხროთ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევებსა და უმსგავსობებზე, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა“.

ინტერნეტის მომხმარებლების გააქტიურება, როგორც ჩანს, მავანის შეშფოთებას იწვევს, რადგან არაერთ დამოუკიდებელ ინტერნეტ საიტს - მათ შორის „ლაივ ჟურნალსა“ და არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაცია „გოლოსის“ ვებსაიტს - პრობლემები შეექმნა არჩევნების მომდევნო დღეებში, საპროტესტო გამოსვლებისას. ისინი პერიოდულად იბლოკებოდა. მაგრამ დაბლოკვის მსურველები მიზანს ვერ აღწევენ. ვინც პროცესს აკვირდება, დაბეჯითებით ამბობს, რომ საპროტესტო ტალღა ინტერნეტში ძალას იკრებს.
XS
SM
MD
LG