Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს კომუნიკემ სერგეი ლავროვს 2008 წლის ომი გაახსენა


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიუსელის შეხვედრა
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიუსელის შეხვედრა
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიუსელის შეხვედრა, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ვერ ასცდა დაპირისპირებას საქართველოს საკითხში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ალიანსი „საქართველოს ხელისუფლების წაქეზების მცდელობაში“ დაადანაშაულა. ამის მიზეზი კი გახდა ერთობლივი კომუნიკე, რომლის მე-12 მუხლში მაკედონიასთან, ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად საქართველო მოხსენიებულია, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი პარტნიორი ქვეყანა. ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ კოლეგის გაცხარებაზე მშვიდი კომენტარი გააკეთა.
მე დაუფარავად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ ისევ არ უბიძგონ საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს, გაიმეოროს 2008 წლის მსგავსი ავანტიურა ...

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ბრიუსელში შეკრებილი ალიანსის მინისტრების მცდელობის მიუხედავად, რუსეთი ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა საფრთხეს არ უქმნის რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. მოსკოვი კვლავინდებურად ფიქრობს, რომ ალიანსმა გადააჭარბა გაეროს მანდატით მინიჭებულ უფლებას ლიბიაში, რისი განმეორებაც სირიაში, სერგეი ლავროვის თქმით, რეგიონს დესტაბილიზაციით, მსოფლიოს კი მუსლიმანი შიიტებისა და სუნიტების გლობალური დაპირისპირებით ემუქრება. სერგეი ლავროვი ასევე უკმაყოფილო დარჩა ერთობლივ კომუნიკეში საქართველოს, როგორც ნატოს წევრობის მსურველი პარტნიორი ქვეყნის, ხსენებით. მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოელ კოლეგებს საქართველოს ხელისუფლების უგუნურება და 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდი შეახსენა:

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
„სხდომის მსვლელობაში საქართველოზეც ვისაუბრეთ, რადგან ყურადღება მივაქციე, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში არის ასეთი ტერმინი: aspirant partners, ანუ პარტნიორები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან, და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ტერმინით იყვნენ მოხსენიებული, იყო საქართველოც. მე დაუფარავად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ ისევ არ უბიძგონ საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს, გაიმეოროს 2008 წლის მსგავსი ავანტიურა. რადგან მაშინ ეს მოხდა მალევე ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც უაპელაციოდ ჩაიწერა, რომ საქართველო იქნება ნატოში. ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ - მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკას თუ გავითვალისწინებთ - ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მიერ იმ უგუნური, გიჟური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მან მიიღო. ამიტომ მე იმედი გამოვთქვი, რომ ნატოელები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ისეთი მოვლენების წაქეზებას, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რეგიონში, რომელიც სტრატეგიულია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები ყურად იღეს.“
ბატონი ლავროვი თავის საკუთარ პრეზიდენტს ეწინააღმდეგება. ჯობია კარგად წაიკითხოს, თუ რას ამბობს რუსეთის მთავარსარდალი ჩრდილოეთ კავკასიაში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას ...

იღეს თუ არა ყურად ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსი კოლეგის ეს გაფრთხილება, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, 2012 წლის 21 მაისს გამოჩნდება. მანამდე კი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლავროვის განცხადებას მშვიდად შეხვდა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ნატოსათვის დიდ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას ამბობს რუსეთი ალიანსისა და სხვა მესამე ქვეყნების ურთიერთობაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საქართველოსთან ურთიერთობას შეეხება. გრიგოლ ვაშაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა სერგეი ლავროვის იმ განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოს ხელისუფლებას უგუნურება და უპასუხისმგებლობა უსაყვედურა:

„მინდა ვთქვა, რომ ბატონი ლავროვი თავის საკუთარ პრეზიდენტს ეწინააღმდეგება. ჯობია კარგად წაიკითხოს, თუ რას ამბობს რუსეთის მთავარსარდალი ჩრდილოეთ კავკასიაში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას და როგორ ხსნის ის 2008 წლის აგვისტოს ომს, როდესაც ამბობს, რომ ომის ერთადერთი მიზანი იყო, საქართველოსათვის ხელი შეეშალა ნატოში გაწევრიანებისათვის. არ ვიცი, ღირდა თუ არა რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და რეპუტაციისათვს საქართველოში დანაშაულის ჩადენა და აგრესია, მაგრამ ყველა თავის გზას ირჩევს და ვნახოთ, ეს გზა ვის სად მიიყვანს.“
რომ არ ყოფილიყო ეს აღსარება გაკეთებული ორჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, არა მგონია, რომ კომუნიკეში ის ჩაწერილიყო, რაც ჩაიწერა ...

ქართველმა ჟურნალისტებმა ვკითხეთ ბრიუსელში მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ როგორ აღიქვეს ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტის აღიარება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაბედული მოქმედებით რუსეთმა ხელი შეუშალა ნატოს გაფართოებას. ვაშაძის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ასეთი „აღსარების“ პასუხი იყო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკე, სადაც საქართველო, მაკედონიასთან, ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად, მოხსენიებულია, როგორც aspirant partners, ანუ პარტნიორები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან:

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე
„რომ არ ყოფილიყო ეს აღსარება გაკეთებული ორჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, არა მგონია, რომ კომუნიკეში ის ჩაწერილიყო, რაც ჩაიწერა. სუყველას ესმის, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, რომელიც სრულად აგებს პასუხს თავის მშვიდობიან საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როდესაც წარმატებით დავასრულეთ რუსეთთან მოლაპარაკებები მათ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და კიდევ ერთხელ მივეცით სიგნალი მსოფლიოს, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან ილაპარაკოს ნებისმიერ თემასა და საგანზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. როდის იქნება რუსეთი ამისთვის მზად, არ ვიცი.“

ბრიუსელის ნატოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ვაშაძის თქმით, ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის დღის წესრიგი, რომლითაც საერთაშორისო პოლიტიკაში უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ ჩიკაგოს ნატოს სამიტამდე. ხოლო შეკითხვას, თუ რას ელის ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე, ვაშაძე ასევე თავშეკავებული ოპტიმიზმით უპასუხებს:
„არავითარი მოლოდინების გაზრდა არ მინდა, რადგან წინ ძალიან დიდი სამუშაო გველოდება. მაგრამ იმედიანად ვართ, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG