Accessibility links

საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში "კორუფცია" ხშირ შემთხვევაში ნიშნავს ქრთამის აღებას, რასაც მოსდევს დაპატიმრება და, ამის შედეგად, რეიტინგებში ქვეყნის წინსვლა. თუმცა კორუფცია, როგორც ფენომენი, დასავლელი მკვლევარებისთვის გაცილებით ფართო ფენომენია. დღეს მსოფლიო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

საქართველოში კორუფციისკენ საზოგადოებრივ მიდრეკილებებთან ბრძოლის მეთოდები ხშირად ფარული ვიდეოკამერები, პირდაპირ ეთერში ტელედაპატიმრებები და სატელევიზიო აღიარებებია… ანუ კორუფციას ებრძვის სახელმწიფო მანქანა და ბრძოლის შედეგებს საზოგადოებას მასმედია აცნობს…

ხშირად მსგავსი მეთოდები საზოგადოებაში შიშის გაჩენას იწვევს კორუფციის ფენომენის მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. მაგალითად, დღევანდელ დღეს, ’კორუფციასთან ბრძოლის დღეს’, გაერომ შეიმუშავა სლოგანი, ”შენი „არა“ ცვლილებას ახდენს”... ამ თემაზე გაეროს მიერ გადაღებულ ვიდეოკლიპებში აქცენტი არა შიშზე, არამედ საზოგადოებაში კრიტიკული ფიქრის ელემენტის შემოტანაზეა.

მე მგონია და ეს ჩემი აზრია, საქართველოში ახლა დაიწყო ზუსტად იმის გაცნობიერება, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ქრთამის მიცემა...
ეს მეთოდი კი გრძელვადიანი ფუნდამენტური ცვლილების მოსახდენად გაცილებით ეფექტურ მეთოდად ითვლება, უბრალოდ, იმის გამო, რომ ამ თემაზე მომუშავე მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კორუფცია სოციალური კონსტრუქციაა, რომელსაც ადამიანის ფუნდამენტურ მისწრაფებებთან აქვს კავშირი, ამიტომ მასთან ბრძოლის გრძელვადიანი და ქმედითი მეთოდები უფრო შემეცნებითია, ვიდრე ძალაუფლებრივი, და ისინი მიმართულია არა, უბრალოდ, შიშის ფაქტორზე, არამედ ინდივიდის შეგნებულ გადაწყვეტილებაზე, თქვას ’არა’.

შეიძლება ითქვას, ამასვე აკეთებდნენ დღეს თბილისის ქუჩებში „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებდნენ სლოგანით „’არა’ კორუფციას“. ეკა გიგაურმა, „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ ხელმძღვანელმა, ჩვენთან საუბარში, ზოგადი ტენდენციების აღწერისას, აღნიშნა:

„რაც შეეხება თვითონ შეგნებას, სამწუხაროდ, მე მგონია და ეს ჩემი აზრია, საქართველოში ახლა დაიწყო ზუსტად იმის გაცნობიერება, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ქრთამის მიცემა. ახლა დაიწყო ხალხმა იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელის ან საჯარო მოხელის მოქრთამვა არ არის კორუფცია და, მაგალითად, ისიც არის კორუფცია, თუკი სახელმწიფო მოხელე თავის ძალაუფლებას თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს.
ნებისმიერი არალეგალური ან არაეთიკური მეთოდების გამოყენება სამთავრობო ძლაუფლებისა, პირადი ან პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით...

თუმცა კორუფციის განმარტებისას აკადემიურ წრეებში მხოლოდ პირადი ინტერესის ფაქტორი არ განიხილება. კი, კორუფცია უფრო ფართო ფენომენია, ვიდრე ფულის აღება, მაგრამ ის კიდევ უფრო ფართო კონტექსტშიც განიხილება. მაგალითად, დასავლელი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვოტერგეიტის სკანდალის შემდეგ ამერიკელმა მკვლევარებმა კვლევის სფერო გააფართოეს, რადგან ნიქსონის ადმინისტრაციაში პრობლემები კერძო პოლიტიკურ ინტერესებს გასცდა და უფრო ფართო სისტემის ინტერესებს ასახავდა. ამიტომ კორუფციის კვლევამ სამეცნიერო დონეზე მოიცვა ”კორუფცია სისტემურ მმართველობაში” და, მაგალითად, გაჩნდა ისეთი დეფინიციები პოლიტიკური კორუფციისა, როგორიცაა:

”ნებისმიერი არალეგალური ან არაეთიკური მეთოდების გამოყენება სამთავრობო ძლაუფლებისა, პირადი ან პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით.”

ანუ კორუფციის აკადემიურმა ფორმულირებამ მოიცვა თუნდაც ნებისმიერი იდეოლოგიურ-პოლიტიკური დისკურსის ქვეშ ძალაუფლების გამოყენებაც, რაც ინდივიდუალურ ადამიანებს გასცდა და სისტემურ კორუფციაზე დასვა აქცენტი [ასეთ დეფინიციებს წიგნში „პოლიტიკური კორუფცია“ არნოლდ ჰეიდენჰეიმერი ’ელასტიურს’ უწოდებს, რაც ხისტი დეფინიციის საპირისპიროს ნიშნავს. ეს განმარტება თავის დარგში ცნობილ ამერიკელ პროფესორს ბრუს ბენსონს ეკუთვნის, თუმცა არსებობს მრავალი სხვა განმარტებაც კორუფციის ფენომენისა…]

თავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს გაეროს მიერ მიღებული კორუფციის საწინააღმდეგო კონვენცია ედება საფუძვლად.

კორუფციის დღისადმი მიძღვნილ კონვენციაში გაერო ამბობს, რომ კორუფცია ქმნის არამარტო ”სერიოზულ პრობლემებს საზოგადოებათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის”, რაც, გაეროს კონვენციით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, არამედ ”საფრთხეს უქმნის[…] დემოკრატიულ ღირებულებებს, ეთიკურ ღირებულებებს, სამართლიანობას.”

ამიტომაც გაეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის მთავარი მესიჯი არა, უბრალოდ, კორუფციის ნებისმიერი გზით დამარცხებაა, არამედ ”ხელშეწყობა და გაძლიერება… ინტეგრაციის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ქონების სწორი მენეჯმენტის”, რაც თავის თავში საზოგადოების შეგნებულ „არას“ უფრო ნიშნავს, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო მანქანის გადაწყვეტილებას, ქვეყნის რეიტინგები გაუმჯობესდეს.

P.S.

კორუფციასთან ბრძოლის არაპირდაპირ მეთოდებს შორის სახელდება ელექტრონული და გამჭვირვალე მართვის სისტემების დანერგვა, რაც კორუფციასთან ბრძოლის დადებით ტენდენციად მიიჩნევა.
XS
SM
MD
LG