Accessibility links

logo-print
„ნატოს ასპირანტი“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული 9 დეკემბერს გამოსული „24 საათის“ მეწინავე სტატიას, რომელშიც ავტორი ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალს აჯამებს. სტატია იწყება ციტატით მინისტერიალზე მიღებული კომუნიკედან: „მივესალმებით არსებით მხარდაჭერას, რომელსაც ნატოს უწევენ ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან. ამ ქვეყნებს შორისაა ბოსნია-ჰერცოგოვინა, ყოფილი მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო“. სტატიის მიხედვით, მინისტერიალზე მიღებულ დოკუმენტს დადებითად აფასებს საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო პირველადაა მოხსენიებული როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა. „ ეს პრაქტიკულად ტოლობის ნიშანია“, ამბობს ბარამიძე, „ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ინსტრუმენტები უტოლდება იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მაპის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მქონე ქვეყნები ფლობენ.“

„ახალი თაობა“ კი მკითხველს უსიამოვნო ამბავს ამცნობს: სასწრაფო და პოლიციის გამოძახება ფასიანი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს გაზეთის რესპონდენტი - დედაქალაქის საკრებულოსა და რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი, რომლის თქმითაც, ხელისუფლება აპირებს სასწრაფო, სამაშველო და სახანძრო სამსახურების გაერთიანებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაქვემდებარებას. ხიდაშელის მტკიცებით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“, რომლის მომსახურება ფასიანი იქნება. კერძოდ, ფიზიკურ პირს ზარში 20 თეთრის გადახდა მოუწევს, იურიდიულ პირს კი - 50 თეთრის.

„ახალ თაობაშივე“ გაეცნობით სტატიას საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შეცვლის შესახებ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს გაზეთისთვის უთქვამს, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალი მოწვევის პარლამენტში 150-ის ნაცვლად 190 დეპუტატი იქნება.

9 დეკემბრის გაზეთი „ვერსია“ მკითხველს სთავაზობს ვრცელ ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველ ზურაბ ბიგვავასთან, რომელიც პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნების შესახებ ლაპარაკობს. ირკვევა, რომ დამფუძნებელ სხდომას 11 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. ზურაბ ბიგვავას თქმით, მიწვეულ სტუმართა შორის პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან, თუმცა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა. 11 დეკემბერს ასევე დაიწყება „მოძრაობის“ რიგებში მხარდამჭერთა რეგისტრაცია.

„’პროცენტების ომი’ - რომელ სოციოლოგიურ კვლევას ვენდოთ?“ - ასეთია 9 დეკემბერს გამოსული „რეზონანსის“ მეწინავე სტატიის სათაური. გაზეთი მკითხველს აცნობს ორი ორგანიზაციის - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევების შედეგებს. „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?“ - ამ შეკითხვაზე, პირველი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42 პროცენტის პასუხია: „ნაციონალური მოძრაობა“, 18 პროცენტისა კი - ბიძინა ივანიშვილის პარტია. მეორე კვლევის მიხედვით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ 38 პროცენტი უჭერს მხარს, ბიძინა ივანიშვილს - კი 32 პროცენტი. სოციოლოგიური კვლევის ამ და სხვა შედეგებს 9 დეკემბრის „რეზონანსში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG