Accessibility links

logo-print

გვინდა თუ არა ლაზიკა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამეგრელოს გუბერნატორთან ერთად, ვერტმფრენიდან დაათვალიერა ის ტერიტორია, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა აშენდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამეგრელოს გუბერნატორთან ერთად, ვერტმფრენიდან დაათვალიერა ის ტერიტორია, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა აშენდეს.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოში 2012 წლის გაზაფხულიდან ახალი ქალაქის მშენებლობა უნდა დაიწყოს, რომელსაც ლაზიკა დაერქმევა და რომელშიც ათი წლის შემდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ლაზიკა დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-კომერციულ-ტურისტულ ცენტრად და საპორტო ქალაქად უნდა იქცეს - ეს ამბავი საზოგადოების ნაწილმა სასიხარულო და რეალურ ამბად მიიღო, ნაწილმა ხუმრობად ჩათვალა, ნაწილმა კი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს არც ფინანსური რესურსი აქვს ახალი ქალაქის მშენებლობისათვის და არც ამის საჭიროება არსებობს.
ჩემი ვარაუდით, ათ წელში აქ ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს და ეს იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი ...

“გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას” - საქართველოს მოსახლოებამ ეს ახალი ამბავი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან 4 დეკემბერს შეიტყო. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ახალი ქალაქის მშენებლობა ამ ადგილას 2012 წლიდან უნდა დაიწყოს.

“ჩემი ვარაუდით, ათ წელში აქ ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს და ეს იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი და ეს იქნება მთავარი სავაჭრო-კომერციული და ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და შავ ზღვაზე. ერთ ნაწილშია ჭაობი და დავაშრობთ მას და რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ ამ ახალი ქალაქის მშენებლობაზე. მე ასევე გამოვაცხადებ კონკურსს მსოფლიო მასშტაბით და ქართველი არქიტექტორებისთვისაც, რათა ისინი ახალი ქალაქის მშენებლობაში ჩაერთონ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ. ჩვენ რაღაც დიდი გარღვევა გვჭირდება იმისათვის, რომ საერთოდ აღარ იყოს აქ გაჭირვება.”

ორი დღის შემდეგ ანაკლიის თავზე, ვერტმფრენში, თავს იყრიან მთავრობის სხვა წევრები (საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი) და ლაზიკის მშენებლობის გეგმებს ჰაერში აწყობენ.

ხელისუფლებისგან ვიცით, რომ ადგილზე ჭაობს დააშრობენ, ინფრასტრუქტურას გაიყვანენ, ქალაქის გენგეგმას შეადგენენ და გამოაცხადებენ არქიტექტორების კონკურსს; ვიცით, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან აზიასა და ევროპაში ქალაქის მშენებლობაში ფინანსების ჩადების თაობაზე და რომ ქვეყნის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა გარკვეული თანხა:

”დააახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარია საჭირო ამისთვის. ჩვენ ჩვენი ბიუჯეტიდან 200 მილიონამდე ლარს დავხარჯავთ ოთხი წლის განმავლობაში და დანარჩენს, ვფიქრობ, კერძო ინვესტიციებით მოვიზიდავთ.”

საბოლოოდ, ლაზიკა დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მიმზიდველი სავაჭრო-კომერციულ-ტურისტული ცენტრი გახდება და, ამავე დროს, ათ წელიწადში - 500 000 ადამიანით დასახლებული საპორტო ქალაქიც. ლაზიკას სხვანაირად ხელისუფლების წევრებმა უკვე უწოდეს ”კეთილდღეობის ქალაქი”.

ამ ახალი ამბის გაგების შემდეგ საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩნდა და ეს კარგად გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც. ლაზიკა დღემდე რჩება პოლემიკის და ხალისის საგნად.
ჩვენ კი გვაინტერესებს, რამდენად რეალურია დღეს საქართველოსთვის ასეთი ქალაქის აშენება, სჭირდება თუ არა საერთოდ ქვეყანას ახალი ქალაქი, რა რესურსით უნდა აშენდეს ლაზიკა, ვინ იცხოვრებს იქ.
ჯერჯერობით რა ინფორმაციაც მოვისმინეთ, ძალიან მცირეა დასკვნების გასაკეთებლად, თუმცა ფაქტია, რომ ყველა ქალაქს დაარსების თავისი მიზეზი აქვს...

არქიტექტორები ამბობენ, რომ ქალაქის დაარსებას, როგორც წესი, სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს - სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური. მთავრობა ლაზიკას სწორედ ეკონომიკურ პროექტად მოიაზრებს, თუმცა არქიტექტორების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი ქალაქის დაარსებას, თანაც აფხაზეთთან ახლოს, პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს. ამ აზრს იზიარებს არქიტექტორი მერაბ კურცხალია, რომელიც თავისთავად ქალაქის გაშენების იდეაში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ამ პროცესს წინ სერიოზული კვლევა უნდა უძღოდეს, უნდა არსებობდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება - რატომ არსდება კონკრეტულ ადგილას ქალაქი, ბიზნესგეგმა - რა განვითარდება ამ ქალაქში. რადგან ბოლომდე დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა ტერიტორიას მოიცავს ლაზიკა, ჯერ არ არსებობს, არქიტექტორები იმასაც ვარაუდობენ, რომ თუ მართლაც საუბარია ყულევსა და ანაკლიას შორის ტერიტორიაზე 500 000-იანი ქალაქის გაშენებაზე, მაშინ იქ ქალაქი ვერტიკალურად განვითარდება, რადგან ტერიტორია ცოტაა. მერაბ კურცხალიას ბევრი სხვა კითხვაც გაუჩნდა:

”ჯერჯერობით რა ინფორმაციაც მოვისმინეთ, ძალიან მცირეა დასკვნების გასაკეთებლად, თუმცა ფაქტია, რომ ყველა ქალაქს დაარსების თავისი მიზეზი აქვს: ვთქვათ, თბილისის დაარსებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა - ვიწრო ხეობებით კარგად იკეტებოდა აღმოსავლეთიდან შემოსასვლელი გზა; ნიუ-იორკს სულ სხვა მიზეზი ჰქონდა - იქ ისეთი დელტა იქმნება, რომ ნაოსნობისთვის იყო ხელსაყრელი პირობები და ჩასული ემიგრანტებისთვის პირველი ნავსაყუდელი ნიუ-იორკი იყო. ანუ ხელაღებით, რომ აი, ეს ადგილი მომწონს და ქალაქს გავაშენებ, ასე არ ხდება. თუმცა გვაქვს ამის მაგალითებიც. ბოლოს და ბოლოს, ნაზარბაევმა ასტანაში გადაიტანა დედაქალაქი და იქ ააშენა ახალი შენობები. მსგავსი რამ ახასიათებთ კიდევ აღმოსავლეთში შეიხებს, დუბაი და მსგავსი ქალაქები რომ გააკეთეს. რაც შეეხება ამ ლაზიკას, მე რაც მოვისმინე, იყო მოწოდებები დევნილების მიმართ, აფხაზეთთან სიახლოვეზე და ა.შ. და მაინც მგონია, რომ უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას. ამას გარდა, თუ პორტი უნდა იყოს, მაშინ ტურისტული დატვირთვა ქალაქს ვერ ექნება; საწარმოო პორტი თუ უნდა იყოს, მით უმეტეს, დაკეტილი ზონაა და იქ განსაზღვრული ხალხი მუშაობს, მაგრამ, ვფიქრობ, რა ტვირთბრუნვა უნდა იყოს ისეთი, რომ ხუთასი ათასი კაცი დასაქმდეს? თუნდაც 200 000 ადამიანი რომ პორტში ვერ იმუშავებს, ხომ ფაქტია? ამოდენა პორტი, მე მგონი, შანხაის არა აქვს...”

არქიტექტორ ლევან ასაბაშვილს კი აინტერესებს, ჩატარდა თუ არა კომპლექსური კვლევა ახალი ქალაქის დაარსების საჭიროების შესახებ და რა წერია ამ კვლევაში. რატომ ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობენ. ლევან ასაბაშვილი იხსენებს საქართველოს შედარებით ახალი ქალაქების დაარსების ისტორიებსაც - მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს ჭიათურის დაარსება მადნის მოპოვებას უკავშირდებოდა, ამბობს ის, ქალაქ რუსთავის - მეტალურგიული ინდუსტრიის განვითარებას. რისთვის აშენდება ლაზიკა?

”მე ასეთი ქალაქის აშენება საქართველოში დღეს გაუმართლებელი მგონია, იმიტომ რომ ისედაც არ ვიყენებთ არსებული ქალაქების პოტენციალს, თუნდაც ზღვისპირა ქალაქებზე რომ ვისაუბროთ, ფოთსა და ბათუმზე. იმ ეკონომიკური კურსიდან გამომდინარე, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას, ვგულისხმობ ფინანსური კაპიტალიზმის რაღაც ბუშტების შექმნას, ეს ქალაქი იქნება დუბაის და სინგაპურის სუროგატი, რომელიც ვერც მათ მსგავსად იფუნქციონირებს, რადგან იქ გაცილებით დიდი კაპიტალია ჩადებული. ანუ ეს იქნება ვიწრო წრეების ინტერესებისთვის შექმნილი ქალაქი. თუმცა ასეთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები კრიზისის დროს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ რევოლუციურად განწყობილი, უკმაყოფილი მასა დაწყნარდეს და სხვა რაღაცაზე გადაერთოს.”
თუ საპორტო ქალაქის მშენებლობაზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შეიძლება ამ ინიციატივის გამართლება, უფრო მასშტაბური პორტი თუ გაკეთდება ...

ვინ იცხოვრებს ლაზიკაში? საიდან მოვა ნახევარი მილიონი მცხოვრები? სააკაშვილმა უცხოეთში გადახვეწილ ემიგრანტებსა და დევნილებს მოუწოდა იფიქრონ ახალ ქალაქში ცხოვრებაზე. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ლაზიკაში თაობების ზრდა ნაკლებ მოსალოდნელია:

”ცხადია, საუბარი არ არის იმაზე, რომ ათ წელში იქ ახალ თაობას გავზრდით ან ისე გავმრავლდებით, რომ ამ რაოდენობის მოსახლეობას გავაჩენთ. ალბათ, იგულისხმება სხვა ქალაქებიდან მოსახლეობის მიგრაცია. ანუ ისეთი მიმზიდველი გარემო უნდა შეიქმნას ადგილზე, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი მოსწყდეს საცხოვრებელ ადგილს და იქ გადავიდეს. თეორიულად შეიძლება ეს წარმოვიდგინოთ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა ათ წელში, ამ კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს.”

ზურაბ ჯაფარიძეს ასევე ვკითხეთ, რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოიტანოს ლაზიკამ და აქვს თუ არა საქართველოს დღეს ახალი ქალაქის შენების შესაძლებლობა:

”თუ საპორტო ქალაქის მშენებლობაზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შეიძლება ამ ინიციატივის გამართლება, უფრო მასშტაბური პორტი თუ გაკეთდება, რადგან სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ თუ, უბრალოდ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ლაპარაკი, მე სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ინიციატივებს არ ვამართლებ, რადგან ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს.”
გარემოსდაცვითი შეფასება - ეკოლოგიური შეფასება - მხოლოდ იმისთვის არ არის საჭირო, რომ გარემო დაიცვა, არამედ იმისთვისაც, რომ გარემოსგან დაიცვა ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი...

რამდენად მისაღებია სწორედ ეს ტერიტორია ქალაქის გასაშენებლად ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელს ირაკლი მაჭარაშვილს მიმართა. მან გვითხრა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას წინ გარკვეული პროცედურა უნდა უძღოდეს, რომლის ნაწილიცაა ეკოლოგიური ექსპერტიზა და, რაც მთავარია, დაინტერესებული საზოგადოების თანამონაწილეობა. ამ ეტაპების გარეშე პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ სურვილის გაცხადებაა და არა მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება გარემო ფაქტორების გაუთვალისწინებლობით მიღებულ შედეგს, ირაკლი მაჭარაშვილს მოჰყავს მაგალითი ანაკლიის საცალფეხო ხიდისა, რომელიც, მთავრობის სპეციალური განკარგულებით, გარემოს ზემოქმედების შეფასებისგან გაათავისუფლეს. ხიდი ქარმა წაიღო:

”გარემოსდაცვითი შეფასება - ეკოლოგიური შეფასება - მხოლოდ იმისთვის არ არის საჭირო, რომ გარემო დაიცვა, არამედ იმისთვისაც, რომ გარემოსგან დაიცვა ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი. მით უმეტეს, ეს ადგილი - ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია - საქართველოს კლიმატის ცვლილების ეროვნული შეტყობინების მიხედვით, არის ერთ-ერი ყველაზე მოწყვლადი ადგილი კლიმატის ცვლილებებისადმი, აქ შეიძლება მნიშვნელოვანი კატაკლიზმები განვითარდეს ზვის დონის ცვლილების და მისგან გამომდინარე ფაქტორების გამო. ამას გარდა, ამავე ტერიტორიაზე მოქცეულია კოლხეთის ეროვნული პარკის ერთი ნაწილი, რომელიც არის მსოფლიოში უნიკალური ეკოსისტემა, სადაც შემორჩენილია ბოლო გამყინვარებას გადარჩენილი ფლორის და ფაუნის ელემენტები, და რა ზიანი შეიძლება მათ მიადგეთ ასეთი მშენებლობის წამოწყებით, სწორედ წინასწარი კვლევის შედეგად წყდება და იზომება.”

ჩვენი კიდევ ერთი ადრესატი ეკონომიკის სამინისტროს ურბანიზაციის დეპარტამენტი იყო. გვაინტერესებდა, რა წინასწარი კვლევა უსწრებდა წინ ლაზიკის მშენებლობის გადაწყვეტილებას, რა მიზეზმა განაპირობა ამ ქალაქის მშენებლობის დაწყება; ასევე, განვითარების თვალსაზრისით, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს სხვა ქალაქები; როგორია ურბანისტების აზრი: ლაზიკაში გადასროლილი ფინანსური რესურსი უფრო მეტად ხომ არ წაადგებოდა საქართველოს სხვა ქალაქების განვითარებას? თუმცა სახელმწიფო უწყების პასუხი დღეს არც ერთ ამ კითხვაზე არ გვაქს. ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ლაზიკის პროექტი საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ვერ გააკეთებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG