Accessibility links

logo-print

რუსეთის მთავრობამ მასობრივი აქციის ჩატარების სანქცია გასცა


რუსეთის მთავრობამ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება მისცა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად აქციებს ატარებს. მიმდინარე კვირაში პოლიციამ რამდენიმე აქცია დაშალა. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, რაშიდ ნურგალიევი დღეს მოსკოვში პოლიციის შემადგენლობის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, უსანქციო აქციები „უნდა აღიკვეთოსო“. „თითქმის [ყველა დაგეგმილი ოპოზიციური დემონსტრაცია] შეთანხმებულია, არსებული პროცედურის თანახმად. მაგრამ, როგორც იცით, საკუთარი აზრის გამოხატვის შესახებ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების განხორციელებამ არ უნდა შეზღუდოს სხვა ადამიანების უფლებები. ამიტომ, უსანქციო ღონისძიებების ჩატარების და წესრიგის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა უნდა აღიკვეთოს, რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ - დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ“ - განაცხადა ნურგალიევმა. მოსკოვის მთავრობის ცნობით, სანქცია გაცემულია შაბათს დაგეგმილ აქციაზე, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, 30,000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საარჩევნო სტრუქტურების თქმით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ 4 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ხმების თითქმის ნახევარი მოიპოვა. საბოლოო შედეგი დღეს მოგვიანებით გამოცხადდება. პუტინი - რომელსაც თითქმის გარანტირებული აქვს მარტში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება - აშშ-ს ბრალს სდებს საპროტესტო აქციების წახალისებაში. სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ აშშ-ის შეშფოთებას მყარი საფუძველი აქვს.
XS
SM
MD
LG