Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის გარდა ევროკავშირის წევრები „საფინანსო წნეხზე“ შეთანხმდნენ


ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 17 ქვეყანა, რომელიც ევროს მოიხმარს - ისევე, როგორც ევროკავშირის თითქმის ყველა დანარჩენი სახელმწიფო - პრინციპში შეთანხმდა ამბიციურ გეგმაზე, „საფინანსო წნეხზე“, რომელიც მათ ფინანსებს ერთმანეთს დაუკავშირებს, ევროკავშირში დავალიანებით შექმნილი კრიზისის გადაჭრის იმედით. სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერები ამის თაობაზე ახალ ხელშეკრულებას მომავალ სამიტზე, მარტში გააფორმებენ. ბრიტანეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომელმაც წინადადება გადაჭრით უარყო - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა ევროკავშირის ხელშეკრულებაში შესატან ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ზიანს მიაყენებდა ლონდონის საფინანსო მომსახურების სფეროს ან არ უპასუხებდა ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებს. ბრიტანეთი ევროს არ იყენებს. ევროს მოქმედების ზონაში ყველაზე დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი - თვლიან, რომ ახალი „ფისკალური წნეხი“ უმოქმედობაზე უკეთესი იქნება როგორც ევროზონის 17 ქვეყნის, ისე ევროკავშირის დანარჩენი სახელმწიფოებისთვის, ვინც მასთან მიერთებას მოისურვებს. უფრო ადრე უნგრეთმა თქვა, რომ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს. ჩეხეთმა და შვედეთმა კი განაცხადეს, რომ თავიანთ პარლამენტებთან სურთ კონსულტაციის გავლა.
XS
SM
MD
LG