Accessibility links

logo-print

პარლამენტმა დაამტკიცა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი


ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო გეგმის საერთო მოცულობა 7 მილიარდ 940.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც,წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 370 მილიონით მეტია. მიუხედავად ამ ზრდისა, საპარლამენტო ოპოზიციამ ახალ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, რადგან, მათი აზრით, დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
დონორების საბიუჯეტო დახმარება სულ უფრო მცირდება, რაც დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის ...

თითქმის 8 მილიარდიანი ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი მთავრობის „ათპუნქტიანი გეგმიდან“ გამომდინარეობს და ის დეტალურად ასახავს მომავალი წლის მანძილზე გასაწევ ხარჯებს. ასევე დეტალურადაა აღწერილი, თუ რა შემოსავლები ექნება ბიუჯეტს - ძირითადად ესაა საგადასახადო შემოსავლები. მომდევნო წელს გადასახადებიდან მიღებული თანხების მოცულობა, სხვა შემოსავლებისგან განსხვავებით, გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირდება უცხოური დონორების დახმარების მოცულობაც. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, ეს დადებითი ტენდენციაა:

„თუ 2009 და 2010 წლებში ჩვენ ბევრს ვიღებდით საბიუჯეტო დახმარებას, გვჭირდებოდა სწრაფი ფული, რათა მოგვეხდინა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება, დღეს რეალურად გაზრდილია საგადასახადო შემოსულობების წილი მთლიან შემოსულობებში. შესაბამისად, დონორების საბიუჯეტო დახმარება სულ უფრო მცირდება, რაც დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის.“

საქართველოს მთავრობის აზრით, უცხოელი ინვესტორების ინტერესს ისიც გამოიწვევს, რომ, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ბიუჯეტის საგადასახადო წნეხი ეკონომიკაზე, ასევე მცირდება დეფიციტის მოცულობა 3.6 პროცენტამდე და კლების ტენდენდენციით ხასიათდება საქართველოს საგარეო ვალი, რომელიც, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებებით, ისედაც არ აღემატებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ პარამეტრებს.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა, 2012 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია პენსიების, სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განათლების სისტემაზე. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, ამ სფეროების დაფინანსების გაზრდის საშუალებას ეკონომიკური ზრდის ტემპი იძლევა. ნავარაუდევია, რომ წელს თუ ეკონომიკა 6 პროცენტზე მეტად გაიზარდა, 2012 წელს 5 პროცენტით გაიზრდება.
გთავაზობთ კიდევ ერთ კონგენიალურ იდეას: გავაკეთოთ კავკასიონის ქედზე შამბალა და ინდოელებს შევთავაზოთ ამ შამბალაში ფულის ჩადება ...

„5 პროცენტიანი რეალური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის კოლერილებული სიღარიბის დონის შემცირებასთან და პირდაპირ უკავშირდება დასაქმების ხელშეწყობას. ეს ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ გაიზარდოს ჩვენი ასიგნირებები სოციალურ სექტორზე.“

ამ განცხადების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობა პრიორიტეტების არასათანადოდ დაფინანსებაში დაადანაშაულა. ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ბიუჯეტის პროექტის ინიციატორებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტები დაუწუნა და ახალი იდეა შესთავაზა:

„გთავაზობთ კიდევ ერთ კონგენიალურ იდეას: გავაკეთოთ კავკასიონის ქედზე შამბალა და ინდოელებს შევთავაზოთ ამ შამბალაში ფულის ჩადება...“

ძალიან დიდი თხოვნაა, რა, წაიკითხოთ. ამას 1 დღეში და 2 დღეში ვერ წაიკითხავთ...
კიდევ ერთი კრიტიკული შენიშვნით გამოვიდა გიორგი ცაგარეიშვილი, თავმჯდომარე ფრაქციისა "ერთობა სამართლიანობისთვის":

„ბიუჯეტის არაპროგრამულობაზე მიუთითებს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უკვე მერამდენე წელია წარმოადგენს კამათის საგანს. საქმე ეხება სხვა ხარჯების მუხლს...“

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა უფრო მწვავე განცხადებებიც. მათ კრიტიკულ გამოსვლებს უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობამაც და თავად ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემაც. მან დეპუტატებს მოუწოდა 2012 წლის ბიუჯეტის კანონი თავიდან ბოლომდე წაიკითხონ:

„ძალიან დიდი თხოვნაა, რა, წაიკითხოთ. ამას 1 დღეში და 2 დღეში ვერ წაიკითხავთ, დაგჭირდებათ ალბათ 2 კვირა, მაგრამ უნდა დასხდეთ და წაიკითხოთ ეს ყველაფერი და ამით მიხვდებით, რა წერია იმ ბიუჯეტში.“

ფინანსთა მინისტრის ამ რეკომენდაციის მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ხმას არ მისცემდა 2012 წლის მთავარ საფინანსო კანონს. შესაბამისად, კენჭისყრისას ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG