Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქი თუ ნაქალაქარი?



...

გავრცელდა საგანგაშო ცნობა: საქართველოს პრეზიდენტს ქართული ქალაქების - ხაშურის, ტყიბულის, ჭიათურის, ლანჩხუთის, ფოთისა და სენაკის არსებობას უმალავენ. მისი გარემოცვა ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტს ზემოთ ხსენებული ქალაქები არ გაახსენდეს.

...

მხოლოდ ერთადერთხელ გაახენდა და იკითხა: "გვაქვს რაიმე დასახლება ცენტრალურ ქართლში ან ზღვის გასწვრივ?". პასუხი კი ასეთი მიიღო: "მარტო ნაქალაქარები".

...

მას შემდეგ პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ტყიბული ნაქალაქარია და არა ქალაქი (ისე, ვაგლახ, მგონი მართლაც ასეა), ხოლო ხაშური პომპეისთან ერთად შთანთქა ისტორიამ.

პრეზიდენტს ეჭვიც არ ეპარება, რომ იქ ხალხი აღარ ცხოვრობს. ამ დროს, პირადად მე ჭიათურაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ იჯდა ხალხი ჰაერში გამოკიდებულ დაჟანგულ ტროლეიბუსში (დიახ, არ ვტყუი, ტროლეიბუსი - თუ რაღაც მსგავსი - მართლაც ჭრიალით ირწეოდა ჰაერში). იქვე ვნახე მთვრალ ჭიათურელ ტაქსისტთა გრძელი რიგი (ისინი წლებია უიმედოდ ელიან კლიენტს) და მანქანათა კაპოტებზე სახელდახელოდ გაშლილ სუფრებზე თქმული სადღეგრძელოებიც ვისმინე. ტყიბულში კი გორაკზე წამოჭიმული მაღალსართულიანი კორპუსიც შევნიშნე, სადაც ხალხი მხოლოდ პირველ სამ სართულზე ცხოვრობდა; ზემოთა ბინები შავად იყო გამომწვარი, ერთ-ერთი კი - თუ არ ვცდები, მერვე სართულის ერთოთახიანი - ოდესღაც საახალწლო გოჭში გაეცვალა პატრონს. ამ ქალაქშივე მოვისმინე ლეგენდარული ფრაზაც: "ტყიბულში დიდი რაზვრატია" და, ცხადია, აქაურ მელანქოლიურ (და უკლიენტობით დაწყევლილ) ტაქსისტებსაც გავეცანი.

ასე რომ, ხალხი აქ ნამდვილად ცხოვრობს, ბატონო პრეზიდენტო, არ მომჩვენებია.

...

შესაძლოა, მართლაც არ იცოდეს ამ კაცმა, რომ ეს ქალაქები რეალურად არსებობენ და არა ვიღაცის (ვთქვათ, ჩემს) წარმოსახვაში, და ამიტომაც უნდოდეს (უქალაქობით დათრგუნვილს) ახალი ქართული სანქტ-პეტერბურგის დაარსება (ქართულ ჭაობებში), მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუკი ხმას მივაწვდენთ, დიდი შანსია, თავი დააღწიოს გარემოცვის გავლენას.

...

ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ ფოთელებს, ტყიბულელებს, ჭიათურელებს, ზესტაფონელებს, სენაკელებს, ხაშურელებსა და სხვებს - როცა პრეზიდენტი თქვენს ნაქალაქარებს გადაუფრენს თავისი ცათმთქვეფიათი, მთელ ხმაზე, ენერგიულად შეჰბღავლოთ:

"ჩვენც ქალაქი ვართ, ჩვენც გვინდა რაღაც!"
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG