Accessibility links

2011 წლის 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად შეაბიჯა ქართულ პოლიტიკაში. ჩემთვის სრულიად ნათელია, რით შეუძლია მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს და ადამიანს, სასარგებლო იყოს საქართველოსთვის.

* * *

ბევრი განსხვავების მიუხედავად, ქვეყნის სამივე პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს – ერთი ზნე სჭირდა და სჭირს: მოსვლის ცოდნა და წასვლის არცოდნა.

მოსვლის ცოდნა – სათქმელად არის ადვილი, თუმცა, არც ერთი პრეზიდენტი ხელისუფლების სათავეში ადვილად არ მოსულა. არც ერთი მათგანი პირველი პირი არ გამხდარა წყნარი და კულტურული პოლიტიკური პროცესის შედეგად.

ზვიად გამსახურდიამ კონკურენციით გაჟღენთილ გარემოში ყველა ლიდერი ჩამოიცილა და დათრგუნულ-მიძინებული ქვეყანა რადიკალური ნაციონალიზმის კალაპოტში გასტყორცნა. ედუარდ შევარდნაძეს ქვეყნის ერთი ნაწილი, მართალია, მხსნელად მიიჩნევდა, მაგრამ მეორე ნაწილი „სატანას“ უწოდებდა, სახეში აფურთხებდა და აგინებდა. მიხეილ სააკაშვილს კი ვარდების რევოლუციამდე ცოტა ვინმე თუ აღიარებდა თუნდაც ოპოზიციის ლიდერად. სამივე პრეზიდენტმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პიროვნულ რესურსზე დაყრდნობით, მოიპოვა პირველი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში.

შესაძლოა, სწორედ ურთულეს ბრძოლაში გამოჭედილი გამარჯვების გამო, ვერც შევარდნაძემ შეძლო და, მით უმეტეს, ვერც გამსახურდიამ, რომ პრეზიდენტის სავარძელი დროულად დაეთმოთ და ქვეყნის მართვის მთავარ პრინციპად (იმავდროულად, ქვეყნის უბედურებად) საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება არ ექციათ. ამავე შეცდომას იმეორებს მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ორჯერ (2004 და 2010 წლებში) ძირფესვიანად შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია სწორედ საკუთარ ხელში ძალაუფლების მოსაქცევად და შესანარჩუნებლად.

* * *

ის ფაქტი, რომ გასულ ოც წელიწადში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი ბიზნესი, თავისუფალი მედია, ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოწვეული იყო და არის ძალაუფლების გადანაწილების შიშით. მართვის ცენტრისკენული პრინციპი გამჭოლ იდეად გაჰყვა როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანას. ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – ძალაუფლების შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც ლიდერის ქარიზმა დაბერებულია, დაშრეტილია და საქართველოს მოსახლეობა დაჟინებით ითხოვს ახალ ლიდერს.

* * *

ახლა დავუბრუნდები იმას, რითიც დავიწყე: მგონი, ზუსტად ვიცი, რა სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობას ახალი ლიდერისგან. მას უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მოსვლა, არამედ, წინამორბედებისგან განსხვავებით – წასვლაც. ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირი დაფასდება არა მხოლოდ იმის მიხედვით, როგორ მოვიდა, არამედ, იმის მიხედვითაც – როგორ წავა.

ოღონდ, იმისათვის, რომ ღირსეულად წახვიდე, აუცილებელი წინაპირობაა, რომ ღირსეულად მართო ქვეყანა. ჩემი აზრით, სააკაშვილმა ეს შანსი დიდი ხნის წინ ნებაყოფლობით გაუშვა ხელიდან, როდესაც აირჩია ორი პრიორიტეტი: პროდუქტზე ორიენტირებული მართვა და მორჩილი სასამართლო.

რას ვუწოდებ პროდუქტზე ორიენტირებულ მართვას? თავის წარმატებას მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის პროდუქტით ზომავს: გზა, ფასადი, შადრევანი, წესრიგი, ახალი საავადმყოფო, გარემონტებული სკოლა, პატრული, მანდატური, ჰესი, ყვითელი ავტობუსი, ძველი ქალაქის განახლებული უბანი, ახალი ქალაქი...

მაგრამ ხელისუფლებას კატეგორიულად არ უყვარს საუბარი პროცესზე: რა თანხით, რა ხარისხით, რა დროში და ვინ შექმნა ის პროდუქტი, რომლითაც პრეზიდენტი ამაყობს? რამდენად გაამართლა ნულოვანმა ტოლერანტობამ ან მანდატურის ინსტიტუტმა? როგორ ცხოვრობს ხალხი უკვე არსებულ ქალაქებში და რისთვის გვჭირდება ახალი ქალაქი? რა ხდება გალამაზებულ ფასადებს მიღმა? რამდენად კანონიერად ტარდება ესა თუ ის ტენდერი? რამდენად დასაბუთებულია ამა თუ იმ პროდუქტის ფასი? რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს დიდ ჰესებს? რამდენად დაცულია ტყე ან ჰაერი? რამდენად რენტაბელური და სწორია პარლამენტის დედაქალაქიდან სხვა ქალაქში გადატანა? რამდენად ხელმისაწვდომი და ხარისხიანია ჯანდაცვა?.. და ასე შემდეგ.

სწორედ იმიტომ, რომ პროდუქტი აჩენს შეკითხვებს ამ პროდუქტის შემქმნელ პროცესთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე საბოლოო პასუხი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გასცეს. თუ გვინდა, რომ, უბრალოდ, პროდუქტით დავტკბეთ და ზედმეტმა შეკითხვებმა დისკომფორტი არ შექმნას, აუცილებელია დისკუსიის სივრცის შეზღუდვა და სასამართლოს მიბმა პროდუქტის შემქმნელზე – ესე იგი, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. რაც ხდება კიდეც.

როდესაც ქვეყანაში ბევრი უხარისხო პროდუქტია და პროცესის განხილვას ტაბუ ადევს, ბუნებრივად ეხსნება გზა სახელისუფლო ელიტის კრიმინალიზაციას („ელიტურ კორუფციას“). პოლიტიკური ელიტის კრიმინალიზაცია კი გარდაუვლად იწვევს ძალაუფლების დაკარგვის შიშს, ვადების გაწელვას, პროცესის რადიკალიზაციას და პოლიტიკურ კატაკლიზმებს.

არაფერს აქვს იმდენი კავშირი სახელმწიფოებრივ ღვაწლთან, რამდენიც – ძალაუფლებისკენ ლტოლვის დამარცხებას ყოველდღიურ საქმიანობაში. მიხეილ სააკაშვილს უყვარს ედუარდ შევარდნაძესთან გაჯიბრება და მისი დამარცხება. ბოლო პარამეტრი, რომლითაც ყოველთვის შეადარებენ შევარდნაძესა და სააკაშვილს, სწორედ ძალაუფლების დათმობა, პოსტიდან წასვლა იქნება. ვინც ამ პარამეტრით გაიმარჯვებს, საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩება.

* * *

პრობლემა ის არის, რომ ღირსეულ წასვლაზე ქვეყნის პირველი პირი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს – პოსტის დაკავების დღიდან ვადის ამოწურვამდე თუ გადადგომამდე. უნდა ზრუნავდეს პროცესის გახსნილობაზე, კანონთან მის შესაბამისობაზე, პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვაზე. პროდუქტი გამჭვირვალე პროცესის შედეგი უნდა იყოს და არა – თვითკმარი ღირებულება. სწორედ ეს იქნება გარანტია, რომ პოლიტიკურ ლიდერს არ გაუჩნდება არც დამოუკიდებელი სასამართლოს, არც ძლიერი ოპოზიციის და არც თავისუფალი მედიის შიში. შესაბამისად, მას არც პოსტიდან წასვლის შიში ექნება.

* * *

ჩემი აზრით, ღირსეულად წასვლის შანსი ახლა მხოლოდ მომავალ ლიდერს აქვს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერა წინამორბედების მთავარი შეცდომა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამიტომ დაიწყო წასვლის ვადის განსაზღვრით – ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებას დავტოვებ და ოპოზიციაში გადავალო. მხოლოდ იმ ლიდერს (ივანიშვილს ან სხვას), რომელიც პირველი პირის პოსტს და ძალაუფლებას არ ჩაებღაუჭება, შეუძლია, დაუშვას და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ორ-სამ წელიწადში ქვეყნის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თამაშის ახალი წესების შემოღება ნამდვილად მოესწრება.

ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი არ აზუსტებს, როგორ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. ის ამბობს, რომ არჩევნებში დაამარცხებს სახელისუფლო პარტიას. ამის თქმა არაფრის თქმის ტოლფასია, რადგან ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ძლიერი მხარე და გამოცდილება სწორედ არჩევნებში ოპონენტების დამარცხებაა. გამოდის, სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ივანიშვილი საზოგადოებას უხსნის, როგორ წავა, მაგრამ არ უხსნის, როგორ მოვა – რაც ყველა დანარჩენ შეკითხვას აზრს უკარგავს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური ცხოვრების დაწყება წასვლის პირობის დადებით არა მხოლოდ სიახლეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, არამედ, მოთხოვნადი და სასარგებლო სიახლეც არის.

რამდენადაც შეძლებს ბიძინა ივანიშვილი, რომ სიტყვა შეასრულოს – დროულად, მშვიდობიანად მოვიდეს და დროულად, მშვიდობიანად წავიდეს – ზუსტად იმდენივე შანსი ექნება საქართველოს, რომ გულწრფელად ცადოს, თავმოყვარე, ზრდასრულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG