Accessibility links

logo-print
საზოგადოებრივმა მოძრაობამ ”ქართული ოცნება” წევრების მიღება დაიწყო. ”ქართული ოცნების” ოფისი ოფიციალურად 12 დეკემბერს გაიხსნა. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. 12 დეკემბერსვე გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა. რა არის ”ქართული ოცნების” მთავარი იდეა და როგორ აფასებენ ”ქართული ოცნების” შექმნას ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები?

ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს მოძრაობა იქნება სამოქალაქო ღირებულებების, სამოქალაქო უფლებების დაბრუნების ადგილი სახელმწიფოში ...
”ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, წევრობის მსურველთა შემოკრება 11 დეკემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დაიწყო. როგორც მარიკა კარიაული, საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ოფისის კოორდინატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, აქტიურობა საკმაოდ დიდია. საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანების მსურველები ”ქართული ოცნების” ოფისში ოპერატორებთან ანკეტებს ავსებენ. მარიკა კარიაულის ვარაუდით, საზოგადოების აქტიურობა უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება: ”დაახლოებით 7000 ანკეტა შეგროვდა პრეზენტაციის შემდეგ, დღეს კი უკვე ათასამდე ადამიანმა გამოხატა ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების სურვილი.”

პოეტი რატი ამაღლობელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ”ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. სწორედ ის საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ”ქართული ოცნების” მთავარ იდეაზე, რომელიც, მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს. როგორც ის ამბობს, ”ქართული ოცნება” სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, მათ შორის იქნება: ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ადამიანის უფლებები, სამართალი, კონფლიქტები. შეიქმნება კონკრეტული პროექტები, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს საზოგადოებას შეძლოს ღია დისკუსიების პროვოცირება.

”ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს მოძრაობა იქნება სამოქალაქო ღირებულებების, სამოქალაქო უფლებების დაბრუნების ადგილი სახელმწიფოში. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც თავის თავში მოიცავს განსხვავებულობას. ყველაზე მძიმე დღეები ქართულ სახელმწიფოებრიობას უდგას სწორედ ამ კუთხით - სახელმწიფო მოხელეები, მმართველი პარტია ადამიანებად ვერ აღიქვამს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლებით, თუ არ შევთანხმდით საზოგადოებრივ და სამოქალაქო ღირებულებებზე. ”ქართული ოცნება” სწორედ ამის მცდელობაა”, - მიაჩნია რატი ამაღლობელს.

ხათუნა ოჩიაური, უმრავლესობის წარმომადგენელი, ”ქართულ ოცნებას” იმ კრიტერიუმით აფასებს, თუ ვინ იყო მისული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე. „ხმა წარსულიდან“ - ასეთ შეფასებას აძლევს ის ”ქართულ ოცნებას” და ამის მიზეზად იმ სახეებს ასახელებს, რომლებიც ტელევიზიის საშუალებით პრეზენტაციის მსვლელობისას იხილა - ეს სახეები კი, მისი თქმით, შევარდნაძის ეპოქიდან დაბრუნებული ჩინოვნიკები არიან:

დღევანდელი მდგომარეობით, ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ, მაგრამ გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა პარლამენტში....
”ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის არა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა და აქვს ამბიცია, რომ რაღაც ახალი შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, არამედ ეს არის გაერთიანება იმ ძველი ნომენკლატურისა და ხალხის, რომელიც განაწყენებულია დღევანდელ რეალობაზე. ესენი არიან შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკები. იმ ეპოქაზე ქართულმა საზოგადოებამ უარი თქვა და მას ვერც ივანიშვილი და ვერც ვერანაირი ძალა უკან ვერ მოაბრუნებს”, - ამბობს ხათუნა ოჩიაური.

”ქართული ოცნება” ეს არის მოსამზადებელი სამუშაო პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად”, მიაჩნია პოლიტოლოგ გია ნოდიას და ამბობს, რომ გაერთიანება, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ყალიბდება, არის ძირითადი ოპოზიციური ძალა, რომელიც შეეცდება ხელისუფლებას სერიოზული ოპონირება გაუწიოს და შექმნას მისი ალტერნატივა, თუმცა იქვე ამბობს, რომ თუ არ ჩავთვლით რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, რომელთაგანაც, მისი თქმით, ახალს არაფერს უნდა ველოდეთ, მხოლოდ ინტელექტუალები და ხელოვანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდებიან და რომლებიც ”ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ, რეალურ პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნიან:

”დღევანდელი მდგომარეობით, ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ, მაგრამ გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა პარლამენტში. სხვებთან შედარებით რომ ყველაზე ძლიერ ოპონენტებად იქცნენ, მათ ამის ძალიან რეალური შანსი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვლენია პოლიტიკური ლიდერისთვის საჭირო ის თვისებები, რომ მათ შექმნან ხელისუფლების რეალური ალტერნატივა. ბიძინა ივანიშვილმა უნდა შექმნას გუნდი”, - ამბობს გია ნოდია.
ყველა შეიტყობს, რომ ვარდი დაჭკნა, ხოლო ეკლების მოყვარულთ შეუძლიათ ცალკე შეიკრიბონ და ჩაატარონ მაზოხიზმის სეანსები...

”ქართული ოცნების” მთავარი ხიბლი ის არის, რომ ის იბრძოლებს თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. მისივე მტკიცებით, საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე შეკრებილი საზოგადოება სწორედ ამ იდეის მიმართ გამოხატავდა პატივისცემას და არა ერთი კონკრეტული პიროვნებისადმი. ის იმ პერსპექტივაზე საუბრობს, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის გაფართოებას შეიძლება მოჰყვეს:

”როდესაც ეს მოძრაობა ძალას მოიკრებს და როდესაც დუმილი არ იქნება უსამართლობაზე პასუხი, როგორც ეს დღეს ხდება, აი, ეს ხმა მისწვდება არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა შეიტყობს, რომ ვარდი დაჭკნა, ხოლო ეკლების მოყვარულთ შეუძლიათ ცალკე შეიკრიბონ და ჩაატარონ მაზოხიზმის სეანსები”, - მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა გაიმართა. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოერთვათ. სასამართლო სხდომა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ამბობს, რომ პროცესი კითხვა-პასუხის მსვლელობისას შეწყდა, მომდევნო სხდომა კი 20 დეკემბრისათვის ჩაინიშნა.

”რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გვაქვს როგორც პრეზიდენტის, ასევე რეესტრის წარმომადგენელთან. ამ კითხვებზე მათ პასუხი აუცილებლად უნდა გაგვცენ და უნდა გასცენ პასუხი ჩვენს იმ არგუმენტებს, რომლითაც ჩვენ ვასაბუთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა აბსოლუტურად უკანონოდ გამოსცა აქტი, რომლითაც მოქალაქეობა შეუწყვიტა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს”, - ამბობს ეკა ბესელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG