Accessibility links

დღეს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემაა 11 დეკემბერს დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” და მისი პრეზენტაცია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ”ყველაფერი იგივე, ოღონდ ამჯერად რეპის თანხლებით” - ასეთი იყო გაზეთ „24 საათის“ შეფასება. გაზეთის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რაზეც თავის პირველ წერილებში გაამახვილა ყურადღება და უცვლელი დარჩა ასევე მისი კრიტიკის ობიექტი - საქართველოს ხელისუფლება. ივანიშვილის გამოსვლაში ჭარბად იყო სიტყვა ”უნდა”, შენიშნავს ”24 საათი”. ”ერთად ავისრულოთ ქართული ოცნება, ანუ რა სიურპრიზები მოუმზადა ბიძინა ივანიშვილმა ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს” - ასე დასათაურებული სტატიით იმავე მოვლენას გაზეთი „ვერსია” გამოეხმაურა. გაზეთის თანახმად, მოძრაობის პრეზენტაცია ძირითადად მწერლების, პოეტებისა და მუსიკის პათოსის ფონზე ჩატარდა, თუმცა არ დასახელებულა პოლიტიკური გუნდი, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, არ წარუდგენიათ ახალგაზრდული ფრთა და არაფერი თქმულა მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ. გაზეთმა ”ახალმა თაობამ” კი საგანგებოდ გამოყო ის ფაქტი, რომ თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეაქო იმისთვის, რომ სამართალდამცავი სისტემის რეფორმა წარმატებული გამოდგა და რეფორმის შედეგად არაკორუმპირებული, კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლი პოლიცია მივიღეთ. გაზეთს აქვე მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის სიტყვის ის მონაკვეთი, რომელშიც იგი, საპატრულო პოლიციის რეფორმის წარმატებულობასთან ერთად, განუკითხავ სადამსჯელო ოპერაციებზე, გაუმართლებელ მსხვერპლსა და სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზებაზე საუბრობს.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს სკანდალის თემით ეხმიანება გაზეთი” კვირის ქრონიკა”. ”ქრონიკის” ექსკლუზიური ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, გასაიდუმლოებულ ვითარებაში თანამდებობიდან მოხსნეს და დაიჭირეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები. მათ კორუფციულ გარიგებებში ედებათ ბრალი. გაზეთი იუწყება, რომ დაპატიმრება საპატრულო პოლიციაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გეგეჭკორი საპატრულო დეპარტამენტიდან გენერალური ინსპექციის უფროსად გადავიდა. ”როგორც გვიყვებიან, აღნიშნავს გაზეთი, გეგეჭკორი საპატრულო პოლიციის ღერძი იყო და, გენერალურ ინსპექციაში გადასულმა, ზეპირად იცოდა, საიდან იჭრებოდა ფული საპატრულოში.” ”ქრონიკის” თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გრიგალაშვილმა, შეიტყო თუ არა მისი მარჯვენა ხელის დაკავება, სამსახურიდან წასვლაზე პატაკი დაწერა, მაგრამ მინისტრმა არ დააკმაყოფილა. საკადრო ცვლილება საპატრულო დეპარტამენტში, ”ქრონიკის” ინფორმაციით, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ განხორციელდება და უფროსის პოსტს ისევ გიორგი გეგეჭკორი ჩაიბარებს.

პატიმართა სიკვდილიანობის ახალი ”რეკორდი” საქართველოს ციხეებში -გაზეთ ”მთელი კვირის” მიხედვით, საქართველოს პენიტენციარული სისტემა რამდენიმე მიმართულებითაა რეკორდსმენი: ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რადენობის მხრივ საქართველო ევროპის რეგიონში მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 216 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილს იკავებს; გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობით კი, გაზეთის თანახმად, საქართველო წელს გახდა რეკორდსმენი. ”სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2011 წლის პირველ ნახევარში საპატიმრო დაწესებულებებში 77 პატიმარია გარდაცვლილი, მაშინ როცა 2010 წლის ამავე პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში აღრიცხული იყო 59 მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი”,-ვკითხულობთ გაზეთ ”მთელ კვირაში”, რომელსაც, იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო გარდაცვლილ პატიმართა სიას არ იძლევა, ამ რიცხვის სანდოობაში ეჭვი ეპარება.

„ვის შეეძლო მოეკლა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი?“ - გიორგი ჭანტურიას დაღუპვიდან გასული 17 წლის შემდეგ საზოგადოებაში არსებულ ამ შეკითხვას კვლავ შეკითხვის სახით სვამს გაზეთი ”კვირის პალიტრა”. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ ჭანტურიას მკვლელობისთვის მხედრიონელები გაასამართლეს, რომლებიც ედუარდ შევარდნაძემ 2002 წელს შეიწყალა. 2007 წელს კი ირინა სარიშვილმა ედპ-ს ლიდერის მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად შოთა კვირაიასა და ძმებ რურუებს დასდო, მაგრამ ბუნდოვანება ვერც ამის შემდეგ გაიფანტა. ”ცხადი იყო, - ვკითხულობთ სტატიაში, რომ კრიმინალური სამყარო პოლიტიკური ლიდერის მოკვლას ვერ გაბედავდა და ამის გაკეთება ან ხელისუფლებას, ან სახელისუფლებო წრეებში მოტრიალე ჯგუფს შეეძლო.”
XS
SM
MD
LG