Accessibility links

logo-print
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით არაერთ ახალ შეზღუდვას ითვალისწინებს კანონპროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე, თუმცა თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონპროექტთან მიმართებით ბევრი შეკითხვა უჩნდებათ და ისინი მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებს ხელისუფლება ”შერჩევითი” მიდგომით ითვალისწინებს.

ეს შეიძლება ხელისუფლებამ გადააქციოს კიდევ ერთ ბერკეტად, რათა აკონტროლოს პოლიტიკური პარტიები და მათ წინააღმდეგ აამოქმედოს სადამსჯელო მანქანა ...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წიაღში მომზადებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივები უდევს საფუძვლად, მაგალითად, პოლიტიკური პარტიებისთვის ფულის გადარიცხვა ეკრძალებათ იურიდიულ პირებს და შემოწირულებების განხორციელების საშუალება რჩებათ მხოლოდ ამა თუ იმ იურიდიული პირის უკან მდგომ საქართველოს მოქალაქეებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომელიც ”წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე”. აქვეა დადგენილი ლიმიტებიც. მაგალითად, ”პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს თითოეული მოქალაქისგან”; ხოლო ამა თუ იმ ”მოქალაქემ წლის განმავლობაში შემოწირულება შეიძლება გააკეთოს რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ შემოწირულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 60 000 ლარს.”

ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პარტიათა დაფინანსების გზაზე ასე გამალებით აშენებული ახალ-ახალი ბარიერები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების ხელშეშლას ისახავს მიზნად. ცვლილებები ”ქართულ პოლიტიკაში გაჩენილ ახალ გარემოებებს” რომ უკავშირდება, ამაში დარწმუნებულია ივანიშვილის პარტნიორი პოლიტიკური პარტიის, ”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანიც. მართალია, მისთვის ნათელი და მისაღებია პრინციპი, რომ პოლიტიკური პარტიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაფინანსდნენ ”შავი ფულით”, მაგრამ ჩიქოვანი ხედავს საფრთხეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხელისუფლებამ შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს:

”ეს შეიძლება ხელისუფლებამ გადააქციოს კიდევ ერთ ბერკეტად, რათა აკონტროლოს პოლიტიკური პარტიები და მათ წინააღმდეგ აამოქმედოს სადამსჯელო მანქანა.”

თუ რა ამოცანები ამოძრავებს ხელისუფლებას, ამის გარკვევას რადიო თავისუფლება 13 დეკემბერს დიდი მონდომებით ცდილობდა, მაგრამ ჩვენ კანონპროექტის ავტორებთან - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან - დაკავშირება ვერაფრით ვერ მოვახერხეთ. ამასთან, გასაჯაროებული არ არის ხსენებული კანონპროექტის საბოლოო სრული ტექსტი და მასზე მსჯელობა ამ ეტაპზე იმ ვერსიის მიხედვით გვიწევს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ნოემბრის დასაწყისში დაურიგდათ.

ამ ვერსიის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ”კანონპროექტი მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ევროსაბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის, აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების გზით - პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სისტემის დახვეწას, პოლიტიკური კორუფციის პრევენციას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, პოლიტიკური კონკურენციის ხელშეწყობას.”

განმარტებითი ბარათის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები - ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოხსენიებული არიან როგორც კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული ორგანიზაციები. თუმცა, როგორც საიას წარმომადგენელი ლელა ტალიური ამბობს ჩვენთან საუბრისას, ეს ასე არ არის:

”ჩვენ ეს დავაფიქსირეთ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროში და მოვითხოვეთ ამ, ასე ჩავთვალოთ, ტექნიკური ხარვეზის ამოღება. მაგრამ მოგვიანებით ვერსიაში, რაც ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რატომღაც ისევ დასახელებული ვიყავით კანონპროექტის შემმუშავებლებად. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ვენეციის კომისიას ვაცნობეთ, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.”
საქართველოში არსებული რეალობა და ადმინისტრაციული რესურსებისადმი ერთი პარტიის მომეტებული ხელმისაწვდომობა სვამს კითხვის ნიშანს - რამდენად თანაბარ პირობებში იქნებიან პოლიტიკური პარტიები ...

ლელა ტალიური ამბობს იმასაც, რომ ზოგადად პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალე მექანიზმები და მონიტორინგის მაღალი სტანდარტები, ცხადია, მისაღებია არასამთავრობო სექტორისთვის, მაგრამ კანონპროექტი მათთვის არაერთ შეკითხვას წარმოშობს. მაგალითად, ინტერესს იწვევს ის ფაქტი, თუ რატომ გაიხსენეს კანონპროექტის ავტორებმა სწორედ ახლა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც 2003 წლით თარიღდება და რომელიც პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული პირებისთვის იმავე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი გვატყობინებს, რომ ცვლილებების გარკვეული ნაწილი მიზნად ისახავს ევროსაბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფის კორუფციის წინააღმდეგ ე.წ. გრეკოს (GRECO) ივლისის რეკომენდაციების შესრულებას. თუმცა ამავე რეკომენდაციებში ყურადღებას იპყრობს მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოეთხოვება ბრძოლის გაგრძელება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის დროს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების ხელმძღვანელის, ნინა ხატისკაცისთვის, ეს კარგი მაგალითია იმის დასტურად, რომ ხელისუფლება საერთაშორისო რეკომენდაციებს ”შერჩევითობის პრინციპით” ითვალისწინებს. ამ კონტექსტში ხატისკაცი კიდევ ერთ ეჭვს გამოთქვამს:

”საქართველოში არსებული რეალობა და ადმინისტრაციული რესურსებისადმი ერთი პარტიის მომეტებული ხელმისაწვდომობა სვამს კითხვის ნიშანს - რამდენად თანაბარ პირობებში იქნებიან პოლიტიკური პარტიები თუნდაც დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონის აღსრულების შემთხვევაში და რამდენად ერთნაირი მიდგომები იქნება მმართველი და სხვა პარტიების მიმართ.”

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ეტაპზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ხსენებულ კანონპროექტთან მიმართებით 16 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. ასევე 16 დეკემბერს იქნება ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
XS
SM
MD
LG