Accessibility links

logo-print
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ, საზოგადოებას ნაკრების დატოვების შესახებ ამცნო, რასაც ფეხბურთის ფედერაცია განცხადებით გამოეხმაურა, 13 დეკემბერს კალაძის პერსონალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” გამოჩნდა ფეხბურთელის კიდევ ერთი - საპასუხო - წერილი. მასში კახა კალაძე ნაკრების დატოვების მიზეზებზე უფრო დეტალურად ლაპარაკობს, ფედერაციის განცხადებას კი სამარცხვინოს უწოდებს.

მე არ მქონდა მორალური უფლება ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა, როდესაც ნაკრების წევრი, გიორგი დემეტრაძე, ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით, ციხეში ზის ...
კახა კალაძე უკვე იტალიაშია. მას წინ რამდენიმე თამაში აქვს. მის გვერდზე კი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” დევს ვრცელი განცხადება, რომელშიც კალაძე ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე ლაპარაკობს. კალაძე წყენას არ მალავს და ფეხბურთის ფედერაციის მიმართ წერს: ”ნუთუ ამ 15 წლის განმავლობაში ჩემი მოღვაწეობით 15 წუთიანი სიამოვნება არ მიმინიჭებია მისი წევრებისათვის, რომ ბრალდებების და რჩევა-დარიგეგებების გარდა, ერთი მადლობაც გადაეხადათო”. ფეხბურთელი წერს, რომ მას არ ჰქონდა მორალური უფლება კიდევ რამდენიმე წელი ეთამაშა მაშინ, როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე, მისი შეფასებით, უსაფუძვლო ბრალდებით იხდის სასჯელს. მიზეზებს შორისაა კალაძის ასაკიც, რომლითაც, მისი თქმით, მედიის ნაწილი მიზანმიმართულად სპეკულირებდა, და ის დაგროვილი შეკითხვები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ უსამართლობას უკავშირდება და რომლებზეც კალაძემ პასუხი ვერ მიიღო - დაწყებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობით და დამთავრებული ბიძინა ივანიშვილსათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით.”

რამდენიმე ნაწყვეტი კახა კალაძის განცხადებიდან:

”მე არ მქონდა მორალური უფლება ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა, როდესაც ნაკრების წევრი, გიორგი დემეტრაძე, ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით, ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე, მისმა მეგობარმა, სამართალი ვერ ვიპოვე. მაპატიეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მეორე წელია დემეს დაპატიმრებიდან - ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს საყვარელ ნაკრებს, მის გულშემატკივრებს გული დასწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პროტესტი უსამართლობის მიმართ სწორად იქნება გაგებული საზოგადოებისაგან, მით უმეტეს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში.

ყველაფერ ამას დაემატა ანგაჟირებული, ჯიბის რამდენიმე ჟურნალისტის მიერ სერიული თავდასხმა. მარიონეტი ჟურნალისტების ხელით ზოგიერთი შეეცადა გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე და საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დავიდნენ, რომ 29 წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გულისთვის სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა, მარტო კალაძე რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა „კეთილის მსურველ გულშემატკივარს“ და წავედი. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის მანძილზე, რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს.

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნო ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. კითხვები იყო დაწყებული გირგვლიანის მკვლელობიდან, დამთავრებული ცნობილ მეცენატს, ივანიშვილს, თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა. თუმცა ამ და მრავალ კითხვაზე პასუხი იყო ან სრული დუმილი, ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე. ზოგიერთი ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა, ვისთან უნდა მეთქვა, თუ არა საზოგადოებასთან, ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ? დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არაა ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად, საჯაროდ მემცნო საზოგადოებისათვის ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ, მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე.”
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ნაკრების კაპიტნობაზე უარი საჯაროდ 11 დეკემბერს თქვა, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე და საკუთარ კარში იტალია-საქართველოს თამაშის დროს გატანილი ორი გოლის გამო ბოდიშიც მოიხადა.

თუ ხარ სპორტსმენი, უნდა იყო სპორტსმენი, თუ პოლიტიკაში ხარ, უნდა იყო პოლიტიკაში...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის წერილში, რომელიც
კახა კალაძის ამ განცხადებას მოჰყვა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნობიდან წასვლის თაობაზე, ხაზს უსვამს, რომ ემიჯნება არასაფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და, ამავე დროს, მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო ოჯახის ზოგიერთი წევრის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების გამო.

”ეროვნული გუნდის წევრს (მით უმეტეს, კაპიტანს) კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ უპირველესად მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას.
ამასთანავე, გვსურს მოვუწოდოთ ქართული საფეხბურთო ოჯახის თითოეულ წევრს – მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელს - ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას ისაუბრონ საკუთარი სახელით და არა მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელით”, - წერია განცხადებაში.

კახა კალაძე

კახა კალაძე

ფედერაცია ჯერჯერობით ამ შინაარსის წერილით შემოიფარგლა. გარკვეული წარმოდგენა, თუ რა რეაქცია მოჰყვა ხელისუფლებასა და სპორტული წრის ერთ ნაწილში კალაძის ნაბიჯს, შეიძლება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის ამ კომენტარიდანაც შევიტყოთ:

“თუ ხარ სპორტსმენი, უნდა იყო სპორტსმენი, თუ პოლიტიკაში ხარ, უნდა იყო პოლიტიკაში. ჯობს, ყველამ თავისი საქმე აკეთოს ისე, რომ რა საქმესაც აკეთებს, კარგად გამოსდიოდეს. ერთი ადგილიდან მეორეზე სირბილით, მე ვფიქრობ, არც ერთგან არ გამოუვა არაფერი. ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაცილებდნენ ღირსეულად და არ უნდა ტოვებდეს მას ისე, როგორც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დაუტოვებია მას აქამდე.”

შვეიცარიაში მცხოვრები, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ არც ერთი პროფესიონალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამ განცხადებას არ მოიწონებს და, მიუხედავად განმარტებისა, რომ ფედერაცია ხელმძღვანელობს ფიფას და უეფას წესდებით და ემიჯნება პოლიტიკას, ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ფედერაციის განცხადების შინაარსი ხელისუფლების დაკვეთაა. რაც შეეხება ფედერაციის მთავარ საყვედურს კახა კალაძის მიმართ, რომ მას წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა ნაკრების მწვრთნელი, ყაველაშვილი ამბობს:

”ჩემი აზრით, კახამ ნაკრებიდან წასასვლელად დრო სწორად შეარჩია. რადგან დღეს ნაკრების საქმიანობაში არის პაუზა, ციკლი ჩამთავრდა, შემდეგი ორი-სამი თვის მანძილზე ნაკრებს თამაში არა აქვს. ეს რომ ყოფილიყო თამაშის წინ, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ფედერაციის პრეტენზია ადეკვატურად აღგვექვა, მაგრამ ეს არის აბსურდული ბრალდება და შეფასება და, მეტიც, ეს არის ხელისუფლების მიერ დაკვეთილი წერილი.

კალაძემ ბოდიში მოიხადა საჯაროდ, მადლობა გადაუხადა ფედერაციას და ამის საპასუხოდ ეს განცხადება მიიღო. სირცხვილია. სულ ეს დრო და ეს ხელისუფლება ხომ არ იქნება, ხვალაც ხომ უნდა შეხვდნენ კალაძეს. არ რცხვენიათ ასეთ განცხადებას რომ აკეთებენ? ამას არც ერთი ფედერაცია არ იზამდა თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში.”

ყაველაშვილისათვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ის რიტორიკა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქართული სატელევიზიო მედიიდან კახა კალაძის მისამართით ისმის. ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ თავისუფალ ქვეყანაში კალაძისნაირი ფეხბურთელი ამ ეტაპზე პოლიტიკაში არც წავიდოდა.

იმ ხალხმა, ვინც ამ ისტერიაშია ჩართული, სცადონ და ერთი თვე მაინც გაატარონ ”მილანში”, დამკვიდრდნენ იქ და რამდენიმე თამაში ითამაშონ ...
ამ პათოსს იზიარებენ ქართველი სპორტული ჟურნალისტებიც. ლაშა თაბაგარი ფიქრობს, რომ კალაძის წინააღმდეგ ატეხილი მედიაისტერია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კამპანიაში ჩართული ადამიანების მისამართით კი ამბობს:

”ათი სიცოცხლეც რომ იცხოვრონ ამ ადამიანებმა, იმაზე მეტს ვერ გააკეთებენ ფეხბურთისთვის და ვერც საქართველოსთვის, რაც კახა კალაძეს გაუკეთებია. ის თავისუფალი ადამიანია და არჩევანის უფლება აქვს. მისი გადასაწყვეტი იყო ნაკრებიდან წავიდოდა თუ ნაკრებში დარჩებოდა, მით უმეტეს, რომ 15 წელი უანგაროდ ემსახურა ნაკრებს და ისეთ მძიმე პერიოდშიც კი ჩამოსულა, როდესაც მისი ძმა გატაცებული იყო და არავინ არაფერი იცოდა რა ხდებოდა. ბევრმა არც შიდა სამზარეული იცის, ხშირად ფეხის უდიდესი ტკივილის ფონზეც უთამაშია.”

ლაშა თაბაგარს ასევე ვთხოვეთ შეეფასებინა როგორ სპორტულ ფორმაში იყო კახა კალაძე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ნაკრებიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ქართული მედიის ნაწილი იმასაც ასახელებდა, რომ კალაძე, უბრალოდ, ვეღარ თამაშობდა. გაკეთდა რამდენიმე მინიშნება მის ასაკზეც:

”იმ ხალხმა, ვინც ამ ისტერიაშია ჩართული, სცადონ და ერთი თვე მაინც გაატარონ ”მილანში”, დამკვიდრდნენ იქ და რამდენიმე თამაში ითამაშონ, როცა კაცმა ორჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი და ათი წელი ”მილანის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. ახლაც ”ჯენუაში” წამყვანი ფეხბურთელია.. რაც შეეხება იმას, რომ ფეხბურთის და პოლიტიკის გადაკვეთა არ შეიძლება, ეს აბსურდია, რადგან ქვეყანა პრეცედენტებით იქმნება და სწორედ კალაძისნაირმა პიროვნებებმა უნდა ამოიღონ ხმა, როცა სათქმელია რამე. ნაკრებმა კი მართლაც ძალიან ბევრი რამ დაკარგა, რადგან ამ ეტაპზე კალაძის შემცვლელი ნაკრებში არავინ მესახება.”

ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება კახა კალაძის მომდევნო ნაბიჯები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის ახლახან დაარსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას ”ქართულ ოცნება”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG