Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეხმაურება. ”24 საათის” სათაურია ”ისტორიული ოცნების ასრულების დასაწყისი” და ის ეროვნული უშიშროების საბჭოზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას აშუქებს. მეორე სტატია კი საქართველოსთვის ხელშეკრულების მნიშვნელობას განმარტავს. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა ”24 საათს” უთხრა: ”როდესაც საქართველო ევროკავშირთან ამ ხელშეკრულებას გააფორმებს, პირველ რიგში, პოლიტიკურად მოიგებს: გახდება ევროპული ეკონომიკური სივრცის და, შესაბამისად, ევროპის პოლიტიკის ნაწილი”.

ამავე თემაზე ”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”რეკომენდაციები არ შესრულდა, მაგრამ ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ექსპერტების განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევროკავშირს საქართველო სჭირდება, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ხოლო ამ ორგანიზაციისთვის ადამიანების უფლებების დაცვა, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება და მონოპოლიების შეზღუდვა მხოლოდ ”შეშფოთების” საგანია”.

”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან. ის ამბობს: ”მართალი გითხრათ, სააკაშვილის მხარეს მილიონ-ნახევარი ხმა კი არა, რაც არის, ისიც არ არის მყარად მისი და ახლა შიგნით მიმდინარეობს ”ნაცმოძრაობის” რღვევის პროცესი, ეს პროცესი არის მომავალ გამარჯვებულებთან გადარბენის სურვილი”. ამავე ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი აცხადებს: ”თავისუფალ დემოკრატებს”, ”რესპუბლიკელებსა” და ბიძინა ივანიშვილს მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პარტნიორობას ნინო ბურჯანაძესთან არ ვაპირებთ”.

”ახალ თაობაში” კი ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კობახიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ის პრინციპები, რაც არის დეკლარირებული ბატონი ბიძინას მიერ, ამაზეა დაფუძნებული, ერთი მხრივ, დემოკრატიული მოძრაობის და, მეორე მხრივ, სახალხო კრების მოღვაწეობა დღიდან ამ ორგანიზაციების დაარსებისა. ადრე თუ გვიან ეს გზები აუცილებლად გადაიკვეთება.”

კვლავ ”ალიას” მივუბრუნდები. დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ვრცელი სტატია, სათაურით - ”დადასტურებული და დამტკიცებული დანაშაულები, რისთვისაც ნაციონალების ლიდერები არ დასაჯეს!”. ავტორი ნაციონალური მოძრაობის წევრთა მიერ სხვადასხვა დროს პოლიტიკური ოპონენტებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს იხსენებს, მათ დაუსჯელობას კი ლალი მოროშკინასთვის თხუთმეტდღიანი პატიმრობის მისჯის კონტექსტში უსვამს ხაზს. მოროშკინას ადვოკატმა კი ”ალიას” უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ შიმშილობის გამოცხადება არ ეხება სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას: ”ლალი მოროშკინას შიმშილობის მოტივი მხოლოდ და მხოლოდ არის ნანუკა ჟორჟოლიანისა და თაკო ფხაკაძის არაკოლეგიალური, არაკორექტული საქციელი მის მიმართ”.

”ალია” დღეს კახი კალაძის წერილსაც აქვეყნებს, სადაც ის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის მიზეზებს ხსნის.

”საქართველოს რესპუბლიკის” დიდი ნაწილი საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დაფუძნებას ეძღვნება. ქვეყნდება ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის სრული ტექსტი. დღევანდელ ნომერში იბეჭდება ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა, რომელშიც წაიკითხავთ: ”დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერის ეს მოძრაობა გაიმარჯვებს და მსოფლიო დაინახავს, რისი შემძლეა ქართველი ერი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით”.
XS
SM
MD
LG