Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 13 დეკემბერი, 2011


რუსული პრესა საზოგადოების სხვადასხვა ფორმით გამოკითხვას ახდენს. კითხვის მთავარი ფორმულირება ალბათ იქნება: რამდენად შეძლებს სისტემა რეალური ცვლილებები მოახდინოს (ის, რომ რევოლუციური ცვლილებები სწრაფად არ მოხდება, პრესის, შეიძლება ითქვას, ერთსულოვანი პოზიციაა)? ამ შეკითხვაზე,მაგალითად, „ნოვაია გაზეტას“ მკითხველთა უმეტესობა პასუხობს, რომ ცვლილება ჯერჯერობით ვერ მოხდება, ანუ სახელმწიფო მანქანა ვერ შეძლებს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე. თუმცა ის, რომ სისტემას ცვლილება მოუწევს, ბევრი მიმომხილველის მთავარი აქცენტია. მაგრამ ცვლილებაზე საუბრისას აქცენტი არა ისეთ პირდაპირ და მარტივ დისკურსში ტრიალებს, რომ პუტინი წავა ან უნდა წავიდეს. პუტინს გაზეთები განიხილავენ როგორც, უბრალოდ, სახეს იმ ფუნდამენტური პროცესებისა, რაც რუსეთში საბჭოეთის დაშლის შემდეგ განვითარდა. მაგალითად, მიმომხილველი ანდრეი კოლესნიკოვი საუბრობს დაუსრულებელ ბურჟუაზიულ რევოლუციაზე, რომელიც დაიწყო საბჭოეთის დაშლით და არ დასრულებულა, იმიტომ რომ საზოგადოება ამისთვის, უბრალოდ, მზად არ იყო, არ იყო მოქალაქე, რომელმაც იცოდა რა სურდა… ამიტომ ძველი ბურჟუაზიული წყობა ახალმა უთანასწორობამ ჩაანაცვლაო. კოლესნიკოვი ევროპელ ფილოსოფოსს იურგენ ჰაბერმასს ციტირებს და ამბობს, ცვლილება მოხდება მაშინაც კი, თუ დროის უკან გადახვევა გახდებაო საჭირო. დღეს, კოლესნიკოვის აზრით, უკვე ჩნდება მოქალაქე, რომელმაც ჯერ ზუსტად არ იცის, ვინ არის მისი ლიდერი, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, თუმცა იცის, რომ ის მოქალაქეა და, რაც მთავარია, იწყებს იმის გააზრებას, ეს რას ნიშნავს. ამ კონტექსტში, მიმომხილველის აზრით, თავად სისტემამ უნდა დაიწყოს მოძრაობა, ანუ, ან უნდა წავიდეს, ან მოახდინოს სერიოზული ცვლილებები, რადგან კოლესნიკოვს სჯერა, რომ მართვის ძველი მეთოდებით სისტემის შეკავება, სისტემისა, რომლის შიგნითაც ფუნდამენტური ცვლილებები ხდება დემოკრატიზაციის მიმართულებით, შეუძლებელია…

მთლიანობაში, გაზეთები სწრაფ რევოლუციურ სცენარებზე არ საუბრობენ და მიუთითებენ მშვიდობიანი პროტესტის ფორმებზე, რომლებიც საბჭოთა მოქალაქეს არ გააჩნდა - მოქალაქეს, რომელსაც ოთხმოცდაათიან წლებში(იმავე კოლესნიკოვის მიერ ციტირებულ ”ჰარვარდის კვლევის” მიხედვით) მიაჩნდა, რომ ფუნდამენტური ცვლილებების მოხდენა საჭირო არ იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო მუხტი, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, არა, უბრალოდ, ცენტრალიზებული მართვის მეთოდების წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ის უფრო ამ ცენტრალიზაციის შედეგად წარმოშობილ უსაზღვროდ გამდიდრებულ მცირე ჯგუფებსა და მოსახლეობის ფართო მასებს შორის გაჩენილი უთანასწორობის ნაყოფია. ამ კონტექსტში ექსპერტები პრესაში, მაგალითად, იმავე მიხეილ პროხოროვის გამოჩენას განიხილავენ როგორც კრემლის პროექტს, რომელმაც სცადა ცვლილებისთვის ფეხი აეწყო. პროხოროვი, შეგახსენებთ, მემარჯვენე მილიარდერი, საზოგადოებრივი მოღვაწე და ბიზნესმენია, რომელმაც ახლახან მედიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ამცნო.

„ვედომოსტი“ პროხოროვის საკუთარ ბლოგზე ახლახან გაჩენილ ჩანაწერს აქვეყნებს: ”მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, პუტინი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც ასე თუ ისე შესწევს უნარი მართოს ეს არაეფექტური სახელმწიფო მანქანა.”

სავარაუდოდ, სწორედ ამ გაგებით არ განიხილავს პრესა პუტინს როგორც ფუნდამენტს პრობლემისა და აღნიშნავს, ფუნდამენტურ ცვლილებას შედარებით ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდებაო, თუმცა დასძენს, საზოგადოებამ ეს საკითხი უკვე დღის წესრიგში შეგნებულად დააყენაო.
XS
SM
MD
LG