Accessibility links

logo-print

კახა კალაძემ გაავრცელა განცხადება ეროვნული ნაკრების დატოვების მიზეზების თაობაზე


ფეხბურთელმა კახა კალაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეროვნული ნაკრების დატოვების მიზეზებზე საუბრობს. როგორც კალაძე აღნიშნავს, არ ჰქონდა მორალური უფლება ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი ეთამაშა მაშინ, როდესაც ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე პატიმრობაშია ”უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებით.” ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი აცხადებს იმასაც, რომ ჟურნალისტების ნაწილის გამოყენებით ”ზოგიერთი შეეცადა გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე,” დაიწყეს საუბარი მის ასაკზე და იმის შესახებ, რომ კალაძის გამო მისი თანაგუნდელები იწირებოდნენ. ”ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა "კეთილისმსურველ გულშემატკივარს," წავედი და ვფიქრობ, რომ შესარჩევ ეტაპამდე დარჩენილ ერთ წელიწადში ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მწვრთნელებს საკუთარი პოტენციალი აჩვენონ”, - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში. ფეხბურთელი ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განაცხადა არა პოლიტიკური პარტიის, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისას და საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ სწორედ საზოგადოებას გააცნო. კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებას და კომიკურად მიიჩნევს მტკიცებას, რომ სახელმწიფო არ ერევა ფეხბურთის საქმეებში და ის პოლიტიკისგან გამიჯნულია. ”საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, რადგან ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისგან არავინაა დაზღვეული”, - ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ნაკრებს წარმატებებს უსურვებს.
XS
SM
MD
LG